– V –
მესამე დღეს დილით თეიმურაზმა ივანეს უთხრა:
- დიდი მადლობელი დახ... ხხმარებისთვის და მასპინძლობისთვის, ივანე, ისე არ მოკვდება თეიმურაზი, რომ სიკეთე ერთი ასად არ გადაგიხადოს. მივდივარ... არ ვიცი, როდის ან სად შეგხვდები. არც ის ვიცი, გნახავ ოდესმე თუ არა, რაც უნდა მოხდეს, ჩემი მემკვიდრე შენა ხარ. ამბობენ: შენს სახლს რომ ცეცხლი მოეკიდოს, ხელი მაინც გაითბეო, ეგ მაინც შეგრჩებაო.
- შენც გამოგადგა შენი ცეცხლი, თეიმურ, არა?
- შენს მტერს, მე რომ ცეცხლი ვნახე! ყ... ყყველაფერი გადამებუგა. აი ეს ჯოხი-ღა შემრჩა, ხელში რომ მიჭირავს. სამაგიეროდ ჭკუა ვისწავლე და ხელიც ისე გავითბე, რომ საფლავში ვერ მოვიშორებ იმის სიმწვავეს. ეხლა მივდივარ ახალი გზების გასაყვანად, ახალი ბედის საძებნელად და ახალი ცხოვრების მ...მმოსაწყობად. რაც მოხდა - მოხდა! რაც იყო - წავიდა და აღარ დაბრუნდება!
- მადლობა ღმერთსა!
- ან სულ ვეღარ მნახავთ, ან გამარჯვებული დავბრუნდები. ჯაყოსავით უნდა გავძლიერდე, ჩემი სიბრმავის გამო ცხოვრებამ გამჭყლიტა. ეხლა წელი უნდა ავიწიო და ცხოვრება მე თვითონ უნდა დავსთრგუნო.
- მადლობა ღმერთსა! ჩემი ნათქვამი ჭკუაში დაგჯდომია. - გაიღიმა ივანემ.
- შენი ნათქვამიც, ჩემი გამოცდილებაც და დაკვირვებაც ამას მეუბნებიან, რომ უძვალო სხეულში უნდა ფოლადის ხერხემალი ჩავიდგა და უძლურ საგულეში რკინის ნაჭერი უნდა ჩავიდო.
- აი, ეგ მომწონს! - დაუდასტურა ივანემ.
- კმარა ესოდენი მცონარეობა, ყბედობა, ლანდების დევნა, უნიადაგო გატაცება, სრული უცოდინარობა ამ ქვეყნის გარდუვალ კანონებისა და მუდმივი ფრენა ვარდისფერ ღრუბლებში, რომელნიც სინამდვილეს დაეტაკნენ და უმალვე გაიფანტნენ. იმ ღრუბლებში აშენებული კოშკები თავზე ჩამომენგრნენ და უკანასკნელი იმედი და რწმენა დამიმსხვრიეს. ძალა, მ...მმხნეობა, გამარჯვება, ბასრი კბილები და ძლიერი მკლავი, უნდობლობა და დაუნდობლობა, - აი ამიერიდან რა ეწერება ჩემი ცხოვრების სახელმძღვანელო წიგნაკში.
- გასასტიკებულხარ, თეიმურ.
- ვინც თავის მტერს იბრალებს, ის თავისივე თავს ჰღუპავს. გულჩვილნი და გულკეთილნი ამ ქვეყნად ვეღარ გასძლებენ. მეც ცხოვრების წიგნაკში ასეთი სადღეისო ათი მცნება ჩავიწერე. მაგალითად: მგლებთან მგლობა და ცხვრებთანაც მგლობა.
- კარგად არის ნათქვამი.
- ცხვარი ღმერთს მოსაწველად, გასაკრეჭად და შესაჭმელად გაუჩენია.
- ეგეც კარგია.
- ვინც ღილი მოგწყვიტოს, ის თავით-ფეხებამდე გაატიტვლე, ხოლო ვინც არაფერი დაგიშავოს, ის გაატყავე.
- აი, გიშველა ღმერთმა!
- ცხოვრების მდინარეში პირაღმა ცურაობა გიჟების საქმეა. წყალს გაჰყევი, სამშვიდობოს გაგიყვანს.
- რაც მართალია, მართალია!
- ვისაც ერთი ტყავი აქვს, ორი გააძერი; ვისაც ორი აქვს, ხუთი ააგლიჯე; ვისაც არაფერი არა აქვს, ათი წააძრე.
- ხა-ხა-ხა!
- მადლს ნურავის უზამ, თორემ, დამადლებულ მადლს არ გაპატიებს და სამაგიეროს შხამით გადაგიხდის.
- მაგას კი არაფერი არ სჯობია! ეგ ჭეშმარიტება მეც ათჯერ და ასჯერ გამომიცდია.
- სიკეთეს ნუ დასთესავ, თორემ ლენცოფა ამოვა.
- ხა-ხა! - ჩაიღიმა ივანემ. - არა მჯერა, ჩემო თეიმურ, რომ შენ შენივე ხასიათის ყირამალა გადაბრუნება შესძლო. ქრისტიანობაც ძირიან-ფესვიანად ამოგიგდია გულიდან. მაინც ღმერთმა ხელი მოგიმართოს. წადი და ბედი სცადე, მაგრამ არ დაივიწყო დღევანდელი შენი ანდაზები და დევიზები. შენთვის საზოგადო საქმე მოკვდა და აღარც შენ არსებობ იმისთვის, დაივიწყე ყოველივე და დაიხსომე მხოლოდ საკუთარი თავი და სარგებლობა, ხომ არ გადაუხვევ ამ გზას?
- არ გადავუხვევ თუმცა...
- როგორ თუ "თუმცა"?! ისევ რყევაში ხარ?
- არა, ივანე, არა! აღარც რყევა, აღარც ეჭვი. მტკიცე რწმენით და ერთის გულით მივდივარ.
ივანემ თეიმურაზის გეზის გამოცვლა არ დაიჯერა, მაგრამ აღარ შეედავა და ხელი გაუწოდა:
- მაშ ღმერთმა ხელი მოგიმართოს. მშვიდობით იყავი, ჩემო თეიმურ!
- ჩვენს დროში, ძმაო ივანე, მოკეთე ასე უნდა დაჰლოცო: ღმერთმა მ... მმოთმინება და სულიერი მშვიდობა მოგცეს-თქო. მეც მოთმინებას და სულიერ მშვიდობას გისურვებ.
გადაეხვივნენ და ერთმანერთი დაჰკოცნეს.
თეიმურაზი მობრუნდა და გზას გაუდგა. ზურგზე პატარა ბოხჩა ეკიდა და ხელში ჯოხი ეჭირა.
მზემ თავი ამოჰყო, მიდამო გაანათა, გაათბო და გააცოცხლა. დილის ნისლით შემოსილი სოფელი და კაშკაშა მზე ერთმანერთს უცინოდნენ. დიდი არხის წყალი ღიღინებდა, მოუსვენარი ლიახვი დილის ზღაპარს მღეროდა.
ერთმა ფეხშიშველმა გოგონამ თეიმურაზს ასკინკილით გზა გადაუჭრა და თვალებში გაუღიმა. პატარა ბიჭმა გამოსროლილი ჩილიკა ფეხებში მოახვედრა და გადიკისკისა. ბატი სისინით დაედევნა, ხოლო შინაური ჯაფარა ღობის მარგილზე ხტუნაობით მისდევდა და ჩხაოდა:
- გიჟო! გიჟო! ნუ მიხვალ! ნუ მიხვალ! დაბრუნდი! დაბრუნდი!
- დავბრუნდები, თუ... თუ გავიმარჯვე, - უპასუხა ჯაფარას თეიმურაზმა და სივრცეს გაუცინა.
ორღობის ბოლოში პეტრეს ნინიკა ისევ სევდიან ურმულს ღიღინენდა.
კამეჩო მუხრანელი ხაარ,
გუთანი გეცოდიინება;
მე გუთნის არა ვიცირააა,
უღელიც მეჩოთირებაა.
სოფლისა და ბუნების ლაღობა და მხნეობა თეიმურაზსაც გაუჯდა სულში. ისიც გამხნევდა, გალაღდა და გამტკიცდა. გამტკიცდა და დავიწყებულ ჰანგზე აღიღინდა.
წყალსა ნაფოტი მოჰქო-ო-ონდა,
ჩამონათალი ხისა-ა-აო.
აღიღინდა და თვითონაც გაიკვირვა თვისი ღიღინი.
ათი წელიწადი მაინც იქნება, რაც თეიმურაზს აღარ გაუგია თვისი ხმა, რომელსაც ხრინწი და ჟანგი მოსდებოდა. ჯაყოს დუქანში რომ იყო, მაშინ სცადა ხმის ამოღება მუშტრის გასართობად, მაგრამ ის ნაძალადევი სიმღერა იყო. ეხლა კი მისი დაობებული ხმა გულის სიღრმიდან ამოდიოდა.
ხევისთავმა თანდათან ხმას და ნაბიჯს მოუმატა. ჩახლეჩილი ხმით მხიარულად მღერის და მიბაკუნობს. მაგრამ იქ, თეიმურაზის სულის და გულის სიღრმეში ძველებურად ისევ ჩამი-ჩუმი და ფუსფუსი გააქვთ ეჭვისა და რყევის განუყრელსა და უკვდავ ჭიებს, მარადიულ გულის კვნესას, განუკურნებელ სიდამბლესა და უცნაურ ჭიაყელას, - ვინ იცის, ვისგან და რისგან დაშინებულს, უნიათს, უძლურს, მორიდებულს, მოკრძალებულს, თანაც ბაყაყივით სველსა და ცივს, - რომელსაც თავისი კუდი ბრძნულად თვისივე შუბლზე მიედო და მუდმივ თავისავე თავს ეკითხებოდა:
- რა არს ჭეშმარიტება?
სად არს სამართალი?
რა არს ცხოვრება ესე?
იმ ჭიაყელას არც ძვალი ჰქონდა, არც კუნთი და არც ხერხემალი, თვითონაც არ ჰქონდა, და შეუსვენებლივ თეიმურაზის ძვალ ხერხემალსაც ჰღრღნიდა და ანგრევდა. ჭიანაჭამი, გამოხრილი, დაფუტუროებული და ხერხემალ-მოშლილი თეიმურაზი მაინც გულს არ იტეხდა; თვალდახუჭული, ღიმილით და ღიღინით, უგზო-უკვლოდ მიდიოდა უცნობ მომავლისკენ ბედის მოსაძებნად, ახლისა და უცნაური ქვეყნის საპოვნელად. მიდიოდა და იმედოვნებდა, ვითომ მოდუნებული მკლავებით, მჩატე გულით, მწიგნობრული ცოდნით, მილეული სულითა და გატეხილი ხერხემლით დღევანდელ ცხოვრებას ფოლადის კბილებს დააძრობდა, დამდნარი რკინის მდინარეს პირაღმა მიატრიალებდა, ახალ გზას გაიკვლევდა და ცხარე ბრძოლით ოქროს სავარძელს მიაგნებდა, რომელიც მან, თეიმურაზმა, ესოდენი შრომით, ოფლით, ცოდნით, პატიოსნებითა და საქვეყნო მზრუნველობით უეჭველად დაიმსახურა.
მიდიოდა თეიმურაზი და თან მიჰქონდა განუყრელი, საკუთარი, მარად ერთგული ჭიაყელა, - კუდზე შუბლ-დაბჯენილი ბრძენი, უძვალო და უკუნთო, ცივი და ლორწოიანი, მუდმივ მბოდავი და საკითხავი თავისავე თავისა:
"რა არს ჭეშმარიტება?...
სად არს სამართალი?....
რა არს ცხოვრება ესე?"
უცებ შესდგა, ორივე ხელი მკერდზე მოისვა და ზედ დაიხედა. დაიხედა, გაიღიმა და გაიხარა: აყროლებული ძაღლის მძორი აღარსად იყო, და მწიგნობარს აღარც ლეშის სუნი მოსდიოდა.
ახალი გზით წავიდა თეიმურაზ ხევისთავი და კვლავ ახალი ლანდების ნისლში შთაინთქა.
ხევისთავის ნასახლარი პატარა ტბასავით აიფურთნა. ეზო სავსეა გლეხური თავებით, მოძრავი ხელებით და ყაყანით.
- ხალხო, სამართალი სადა ხარ! - ჭიხვინებს ჯაყო აივანზე. - სადა ხარ მეთქი სამართალი?!
- აქ არის აქა! - სჭექავს მოაჯირთან მოვარდნილი ნინიკა და ქვის მუშტს რვალის მკერდზე ირახუნებს - აქ არის სამართალი, აქა!
- აგრეა! მაგრეა! - უბეჭდავენ იქვე მდგომი ილა და თედო.
- მანდ არის, მანდა!
- აგრე, გენაცვალოს პავლეი, აგრე!
- აქ არის, აქა! - შესძახიან ქვეიდან პირტიტველა ჭაბუკები.
- ხალხო, ათქმევინეთ ჯაყოსა!
- მე მინდა ორი სიტყვა გითხრამდე, - იძახის ჯაყო, ქუდს იშვლეპს და ზღარბის თავზე ხელს ისვამს.
- ათქმეინეთ, ათქმეინეთ!
- სთქვი!.. გაჩუმდით! ილაპარაკოს!
- ხალხო! რევალციამ ყველას მიწა და სამართალი მისცა - იწყებს ჯაყო.
- მე სამი დღიური და შენ ასი? - უცებ ჩაურთო ნინიკამ.
ჯაყო გაოცდა, აირია. მერე გაბზარული ხმით
- მე მეტი შეგიძლიან მოხნა.
- ჩვენც შეგვიძლიან. ეს ხელები რითვინა გვაქვს!
- ჯაყო მუშაობდი, ეხლაც მუშაობ...
- ვიცით, ვიცით როგორ მუშაობდი! - აწყვეტინებენ აქეთ-იქიდან.
"მგელი რომ მოგესევა, ერთი ბატკანი მიუგდე, თუ გინდა მთელი ფარა გადაარჩინო" - ფიქრობს ხაფანგში გაბმული დათვი, ხმამაღლა კი ეზოში ისვრის:
- რას ჩაგაცივდი ამ ოხერ მიწასა! ნახევარი წაიღეთ და შეხეთქეთ!
- ნახევარსაც წავიღებთ და სულაც! - ჩასძახის ნინიკა.
- სულ ჩვენია, სულა!
- ჩამოართვით!
- წაართვით!
"ერთი ბატკანიც მიუგდე, თუ გსურს ფარა გადაარჩინო", ხმამაღლა კი -
- კარგი, ხალხო, კარგი! სულ მიჩუქებია, სულა!
- აგრე! - მოჰკვეთა ნინიკამ და მოაჯირს მჯიღი დაჰკრა.
- ოხო-ხო! ახა-ხა! - ხარხარით გაივსო ეზო - უჩუქებია, უჩუქებია!
- მადლობელი საჩუქრისათვის, მადლობელი!
ჯაყოს თითქო არ ესმის, ორივე ხელს ეზოსკენ იქნევს, თითქო პეშვებით ოქროს უყრისო, და თავისას იძახის:
- ჩვენ სოფელში ბევრი ხარ საწყალი. წაიღეთ! შეხეთქეთ! მიჩუქებია! წადით, მომშორდით! - და წასასვლელად მიბრუნდა.
- სად მიხვალ, მობრუნდი! - ნინიკას ხელი კისერში დასწვდა და ისევ მოაჯირთან მიიყვანა. - აქ იდექი და ყური გვიგდე.
- კიდევ რა გინდათ ჩემგან? - შიშნარევი ხმით წამოიხრიალა ჯაყომ.
- მიწა არაფერია. კიდევა გვაქვს საანგარიშო.
"ვიღუპები!" ხმამაღლა კი -
- ჯაყოს თქვენთან საქმე აღარა გაქვს.
- შენ არა გაქვს, ჩვენ კი გვაქვს, - და ეზოს მიუბრუნდა, - ხალხო და ჯამაათნო, ამ სასახლეში რა უნდა ჯაყოს?! ვინ მისცა ამოდენა შენობები ამ წურბელას!
- არავინ! დაიჩემა! ძალით წაიღო! წაართვით! გააგდეთ!
- ხალხო! - უიმედოდ ბღუის გაფითრებული ნამოურავალი. - ხალხო! ხმა ამოიღეთ! რას გაჩუმებულხართ! დღეს მე გართმევენ, ხვალ თქვენ წაგართმევენ.
- ვინ მოგცა მეთქი, ვინა?! - დაჟინებით ეკითხება ნინიკას მუშტი, რომელიც ბუღა კისერს ანჯღრევს და სწეწავს.
- ვინა და რევალიციამ. - ბუტბუტებს ჯაყო.
- ოხო-ხო! - ახა-ხა! - და ხარხარი თანდათან მატულობს.
- ხალხო, სმენა! - აცხადებს ნინიკა. - აქ სკოლა იქნება, ქვეით კი კოოპერატივი. მართალს ვამბობ თუ არა?
- მართალია! აგრეა! აგრე იყოს, აგრე!
- სად შეგვიძლიან სკოლითვინ ახალი სახლის აშენება! - გაჰკივის ვიღაცა. - ჩამოერთვას!
- გათავებულია.
- ჩამორთმეულია!
- აქვე იქნება აღმასკომიც. ჯაყო კი ან თავის დუქანში გადასახლდეს, ან დროებით აგერ იმ კოშკში შებრძანდეს. - განკარგულებას იძლევა ნინიკა და კითხულობს - გინდათ თუ არა, ხალხო?
- გვინდა! გვინდა!
"ერთი ბატკანიც მიუგდე, ჯაყო," ხმამაღლა კი -
- ხალხო, ესეც. შენი ჭირის სანაცვლო იყოს! შეხეთქეთ! გასკდით! მე კი თავი დამანებეთ! - და ისევ გაბრუნდა. მაგრამ ნინიკას ტორი ხელახლად დასწვდა და მოაბრუნა
- დაიცა. ჯერ არ გამითავებია!
- რაღა გინდა საწყალ ჯაყოსგან, რას ჩააცივდი! - უკვე ბღავის ნაბატონევი.
- ხალხო! ამ კაცს სახნავ ნორმას დავუტოვებთ, სამაგიეროდ ეს დიდი ბაღ-ვენახი სკოლას უნდა დაულოცოს. სკოლისათვის უფრო უპრიანია. თქვენი შვილები ბაღ-ვენახის მოვლა-მოშენებას ისწავლიან. მართალია თუ არა?
- აგრეა! მართალია!
- სკოლას მიეცით, სკოლას!
- ხალხო! - გმინავს ჯაყო. - ნინიკას მადა მატულობს.
- მადაც მატულობს და სამართალიც! - აწყვეტინებს ულმობელი მსაჯული.
- დღეს მე გართმევენ, ხვალ კი თქვენი ჯერი დადგება!
ჯაყოს ხერხი არა სჭრის. არავინ არ იცის, ვისი ჯერი დადგება, ჯაყოს ჯერი კი ცხადზედ უცხადესია.
- ხალხო, მგელს ნუ ჰგევხართ, მგელსა! - თავგანწირვით იძახის უკვე განწირული დუმილის შემდეგ. - მგლებმა ვიცით: თუ ერთი დაიჭერი და წაიქეცი, სხვებიც მოგესევიან და შეგწამენ. ამოიღეთ ხმა! თქვით რამე,! - და მძიმე დუმილის შემდეგ: - მაშ აგრე გინდათ? მაშ ყველაფერს ართმევთ ჯაყოსა? მაშ აგრე მალე დაივიწყეთ ჯაყოს მადლი?
- გვახსოვს, გვახსოვს შენი მადლი! - ქვეიდან შესძახა პავლემ.
- ვიცით! ვნახეთ! ვიგემეთ!
- მაშ საწყალი ჯაყო უნდა დაღუპოთ? მაშ აღარ გენანებით? მაშ კარგი. მე სხვაგან წახვალ და იქ იპოვნი სამართალსა.
- მამა გიცხონდა!
- როგორ არა!
- ქალაქში ეგ ჩოხაც არ გაგხადონ!
- იქ იპოვი ჯაყო სამართალსა, იქა! - და ისევ გატრიალდა. ნინიკას ტორმა ერთხელ კიდევ მოატრიალა და მოაჯირს მიაყენა.
- დაიცა, აქ იდექი! ჯერ არ გათავებულა! ხალხო, ამ კაცმა ჩვენი ნაბატონევი გაქურდა. თქვენც იცით რამდენი ავეჯი და სიმდიდრე დაიჩემა.
- ვიცით! ვიცით!
- ჩამოართვით! წაართვით!
- რაც ჩვენთვის გამოსადეგია, აქ დარჩეს. დანარჩენი კი, მამა-პაპეული განძი და ხაზინა, ქალაქში გავგზავნოთ. რას იტყვი, ხალხო?
- აგრე, გენაცვალე, აგრე!
- მიღებულია!
- გათავებულია!
- შენც გათავებული ხარ, ჯაყო!
- ჯაყოც გათავდა, ჯაყოც!
- მორჩა!
- წავიდა!
ჯაყო ტორტმანობს, თრთის, პირს აღებს, მაგრამ ხმა ვეღარ უპოვნია.
- რაც ამ სახლში აშკარად აწყვია, ვერსად წაგვივა, - განაჩენსავით აცხადებს ნინიკა, - მაგრამ რაც გადამალული აქვს, ის უნდა გამოიტანოს. აბა, ჯაყო, დრო დაგიდგა. მოიტა თეიმურაზის უნაგირი, ჭურჭელი, სამკაული, ვერცხლეული.
ჯაყო სდუმს და ირგვლივაც დუმილია.
- ჯაყო, დრო დაგიდგა მეთქი. სანამ ხალხი აქ არის, გამოიტა. დავთვლით და ჩავწერთ.
ჯაყო ისევ ჩუმათა სდგას და ძირს იხედება.
- ჯაყო, შენ გეუბნები! - და შეანჯღრია.
ჯაყო დამუნჯდა. აღარა ესმის რა.
- მოიტა მეთქი, თორემ მე თვითონ გამოვიტან.
ჯაყო დაყრუვდა. აივნის ბოძად გადაიქცა.
- მაშ კარგი. ჰეი, ილა, თედო, დათა! მოიტათ ლომი და წერაქვი! იქ, ქვეით, მარცხნივ... კედელში!
- აქა ვართ! მზათ არის! - და ოთხივენი ბრაგუნით ჩამოცვივდნენ კიბეზე.
ჯაყო თითქო გამოფხიზლდა. თვალები მოიფშვნიტა, შუბლზე თითი გადაისვა, მერე გატრიალდა, გაიქცა და ნახევარი წუთის შემდეგ დათვივით ჩამოგორდა კიბეზე, თან ბღაოდა:
- არ მოგცემთ! ვერ წაიღებთ! ნუ ღუპავთ ჯაყოსა! ქეშელა! გიბა! ტურა! თახრაშუ! აბა ჩქარა!
ბიძები და ბიძაშვილები უმალ შემოეხვივნენ თავიანთ ბელადს, რომელიც გაგიჟებული ხარივით დარბოდა ეზოში, უაზროდ იქნევდა მორგვის მკლავებს და ბურტყუნებდა:
- სადა გაქვთ თოფები? რა უყავით მაუზერები? რასა დგეხართ ჩუმათა! გასწით! მოიტათ! რაშუ! თახრაშუ! - და უცებ, ლომ-წერაქვის რახუნი და მუხის კარის ჭრაჭუნი რომ გაიგო, გატრიალდა, მოიღუნა და ნინიკასკენ წავიდა. თვალები სისხლით ჰქონდა სავსე, ღოჯები - დაკრეჭილი, მკლავები - მომართული, და ისე პარვით მიდიოდა, როგორც მონადირე მხეცი ეპარება ხოლმე სანადიროს.
- ნინიკა, ფრთხილად!
და იმავ წამს ჯაყომაც ისკუპა და ნინიკამაც მოიხედა. მოიხედა და ერთი ნაბიჯით გვერდზე გასხლტა. მოქნეულმა ტორმა მხარზე გაჰკრა, თვითონ ჯაყო კი ბოძს დაეტაკა და იმავ წამს ყურის ძირში ნინიკას მუშტი იგრძნო, თითქო ის რკინა, მუხის კარს რომ სცემდნენ, ჯაყოს მოხვდაო. თავმა კივილი გაიღო, თვალთ დაუბნელდა, წატორტმანდა, მაგრამ გასწორდა და მიწაზე სახრე დაინახა. დასწვდა, მოტრიალდა, ჰაერი შეაზუილა და ნინიკას ბეჭებზე გადაუჭირა. ნინიკა შეიკლაკნა და - დასწყევლოს ღმერთმა! ვინ მიაჩეჩა ასე უცებ კომბალი. ან აქ სად იპოვა! - და თავგახეთქილი ჯაყო ბოძის ძირთან დაეცა. მერე-ღა მოასწრეს ჩოჩქოლი, მიშველება, შეძახილები. გვიანღა იყო. ან რა საჭიროა.
- თავი დაანებეთ! ეგეც ეყოფა! - ბრძანებს წინამძღოლი.
- გეტკინა? სად მოგხვდა? დედას ვუტირებთ, დედასა!
- თავი დაანებეთ მეთქი! - და წუთის შემდეგ - აბა, დავიწყოთ. სარდაფის კარი გაღებულია. კედელი გამოშიგნულია. თვალ-მარგალიტით შემოსილი ვერცხლის რახტი მზეზე კრიალებს. სთვლიან და სწერენ ძვირფას ჭურჭელს, სამკაულს, ფაიფურს, ბრინჯაოს, ოქრო-ვერცხლით ნაჭედ წვრილმანს და ხევისთავთა საგვარეულო განძეულს. ხოლო ერთი საათის შემდეგ თავშეხვეული, მოთვინიერებული ჯაყო კოშკის კართან ზის, ჩიბუხს აბოლებს და სევდიანად შესცქერის გიბას, ქეშელას და მთელ თავის საგვარეულოს, რომელიც სასახლიდან კოშკსა და გომურში ეზიდება ნაყარ-ნუყარს - ვარცლებს, გოდრებს, ძველ ლოგინს, მატყლსა და ასნაირ გლეხურ წვრილმანს.
ხოლო ნინიკა მთავარსარდალივით დადის დარბაზებში და ილას, თედოს და თანდილას ეუბნება:
- ეს მიეცით... ეს დარჩეს... ეს გაატანეთ... ის არ მისცეთ.
და როცა მისაცემი მისცეს, დანარჩენი ჩაკეტეს, დარაჯი მიუყენეს და ეზო გამოიარეს, ნინიკა კოშკის კართან შესდგა და გაკრავებულ დათვს მიუბრუნდა:
- ჯაყო, ეხლა რას იტყვი?
- არაფერს, შენი წირი მე. - და ისე წამოუდგა ფეხზე, როგორც უწინ ავთანდილ ხევისთავს გაეჭიმებოდა ხოლმე.
- მაშ ჭკუით იყავი, თორემ სულაც გადაგასახლებთ აქედან.
- ჯაყო ჭკუით იქნები, შენი წირი მე.
- ამ სახრეს კი არ შეგარჩენ. ესეც იცოდე.
- ვიცის ჯაყომა, შენი წირი მე.
- აგრე. დანარჩენი მერე იყოს.
და გატრიალდა, თან ჯაყოს უკანასკნელი სიტყვა წამოიღო:
- მშვიდობით ბრძანდებოდე, შენი წირი მე.
და როცა მიიმალა, ჯაყომ კბილები დაკრიჭა, მკერდი აიბაგუნა და ახრიალდა:
- დედას გიტირებ, დედასა! დაგაცადე ჯაყოსა! ჩემი დროც მოხვალ - და ცერას ფრჩხილით კბილი აილაწუნა - დედას გიტირებ მაშინა, დედასა!