prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

ჯაყოს ხიზნები — ნაწილი მეორე — თავი V

მიხეილ ჯავახიშვილი · პროზა

– V –

ეს რა დაემართა თეიმურაზ ხევისთავს?! ეს რა ტუტუცური მასხრობაა ბედისა?! ეს რა უცნაური ნაროშვარი და ნაბოდვარია უკუღმა დატრიალებულ ცხოვრებისა?!

თეიმურაზმა უკან მიიხედა და გავლილი გზა გაზომა. საშინელი, თვალუწვდენი, უცნაური და გაუგებარი იყო იგი, თავი და ბოლო ერთმანერთს არ ებმებოდა, ერთმანერთს ვერ ხვდებოდა.

როგორ დაიწყო თეიმურაზის ცხოვრების გზა და როგორ თავდება! რამ მოიყვანა თავმოყვარე, განათლებული, ცნობილი და პატივცემული საზოგადო მოღვაწე თეიმურაზ ხევისთავი ამ დუქანში დახლიდარად? როდის და როგორ მოვიდა ფრიად პატივდებული თეიმურაზი ამ ძველ ნასახლარში, მიყრუებულ სოფლის ბოლოში? რა უნდა მას ამ ბნელ ღამეში ამ მურდალ სამიკიტნოში? რად სვამდა დღეს თეიმურაზი უცნობ-ნაცნობ გლეხებთან და გამვლელ-გამომვლელთან მყრალ არაყს?! მათი გულის მოსაზიდად ნაძალადევადვე რად იპრანჭებოდა, რად იკრიჭებოდა, რად ლაზღანდარობდა?!

უკან მიიხედა თეიმურაზმა. მიიხედა და ნავალი გაზომა. გაზომა, და ვერ გაიგო, ვერ მიხვდა, როდის და როგორ განვლო ასეთი დიდი მანძილი? რუსთაველის პროსპექტიდან ამ ორღობის ბოლომდე! საუცხოვოდ მორთულ ექვს ოთახიდან სოფლის ჭუჭყიან დუქნამდე! რედინგოტ-სმოკინგიდან სელის ხალათამდე! საზოგადო საქმის მეთაურიდან თავის ნამოჯამაგირევ ჯაყოს დახლიდრობამდე?!

გაზომა თეიმურაზმა ის განუზომელი და იგრძნო, რომ კისერზე ჩამოკიდებული ძაღლის ლეში იმ წუთში უფრო დამძიმდა და უარესად აყროლდა.

ძაღლის მძორის ჩამოსაგლეჯად და მისი მყრალი სუნის გასაქარწყლად თეიმურაზმა ჭრაქი აანთო, წიგნი აიღო, გადაჰფურცლა და წაიკითხა:

სახარება მათესაგან. თავი 5.

"და ვითარცა იხილა იესო ერი იგი, აღვიდა მთასა და დაჰსჯდა იგი მუნ, და მოუხდეს მას მოწაფენი მისნი.

და აღაღო პირი თვისი, ასწავებდა მათ და ეტყოდა:

ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა.

ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინისცემულ იქმნენ.

ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქეეყანა".

თეიმურაზმა წიგნი დაჰკეცა.

- ვითომ? მშვიდთ დაიმკვიდრონ ქვეყანა? თეიმურაზი მგლოვარეა, მაგრამ არავისგან ნუგეშინის ცემულ არ იქმნა. ჰო, მართლა; "მათი არს სასუფეველი ცათა". ცაზეა ლაპარაკი, მხოლოდ ცაზე, ხოლო ამ ქვეყანამ და იესომ ერთმანერთი დაჰგმეს და უარჰყვეს.

თეიმურაზი რომ მარტო ყოფილიყო, ძაღლის მძორსაც და იმის სიმყრალესაც მოითმენდა, მაგრამ ის მარტო არ არის. მას თვისი ერთადერთი მეგობარი, ერთგული და განუყრელი მეუღლე ჰყავს, რომელიც დღეს გაჰყარეს და ჩამოაშორეს; თეიმურაზი ამ შმორიან დახლს მაგრად მიაბეს და ძველს ნასახლარში, ტალახიან ორღობის ბოლოში, მყრალ სამიკიტნოში ჩაჰკეტეს, რომელსაც სოფლის ხმაურობაც კი ძლივს მისწვდება.

ძაღლის მძორი თანდათან მძიმდება და მისი სუნი თეიმურაზს ჰგუდაგს.

ჯაყოს ხიზანმა ისევ სახარებას დაავლო ხელი და ანაზდეულად ისევ მეხუთე თავი გადაშალა:

"ნეტარ იყვნენ, რომელთა ჰშიოდეს და სწყუროდეს სიმართლისათვის, რამეთუ იგინი განჰსძღენ.

ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ.

ნეტარ იყვნენ წმინდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ.

ნეტარ იყვნენ მშვიდობის-მყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ-ღვთისად იწოდნენ.

ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისთვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა".

წიგნი ისევ დაჰკეცა და წანაკითხს ჩაუკვირდა:

- განა ეს ჩვენთვის არის დაწერილი? განა ჩვენი მოშხამული სული მისწვდება ამ ღვთიურ ბოდვას? ვისთვის არის იგი ნათქვამი? მართლა ჩემისთანა ტანჯულთა და ღატაკთათვის, თუ ბედნიერთა და მდიდართათვის? მაშ რატომ ვერ სწვდება მას ჩემი ჯვარცმული სული? ან იქნება ნახუცარმა ივანემ მართალი სთქვა, ვითომ ქართველები ბუნებითვე წარმართნი იყვნენ და ვითომ ჩვენში ყოველთვის მძლავრად სჩქეფდა წარმართობის ატავიზმი?

თეიმურაზს რელიგიური ძაფი გაუწყდა. მისი აზრი კვლავ ჯაყოს და მარგოს დაუბრუნდა.

ამიერიდან თეიმურაზი იშვიათად ავა ჯაყოს სახლში, იშვიათად დაენახვება თავის კანონიერ მეუღლეს, რომელიც ეხლა... იქნება... ვინ იცის... ეგების...

თეიმურაზი გველნაკბენივით წამოხტა.

რასა ჰბოდავს თეიმურაზი?! ეს რა წამოროშა იმის სულიერმა ორეულმა?! ეს რა გველი ჩაუძვრა გულში, რა შხამიანი აზრი გაინასკვა იმის გახურებულ თავში?!

შეუძლებელია! დაუჯერებელია! სულელური იჭვია! მოშლილი ნერვების ამონახეთქია!

- ვითომ? ნერვების მეტი არაფერია? - ხითხითებს თეიმურაზის ორეული. - მაშ მეტი არაფერია? აბა, დაფიქრდი.

თეიმურაზი ებრძვის დაავადებულ იჭვიანობას და სცდილობს გულიდან გველი ამოიგდოს, მაგრამ იგი უფრო ღრმად უძვრება, ახრჩობს და ბირდაბირით ჰხერხავს იმის გულსა და სულს.

ვეღარ უძლებს თეიმურაზი მოურევნელ ტანჯვას. უნებურად წამოიჭრება, ჭრაქს გააქრობს. დუქანს დაჰკეტავს და ბნელ ორღობეს ბორძიკით მისდევს. თითქმის მირბის და გულში ბუტბუტებს:

- ნერ...რრვების ბოდვაა! ავი ლანდია! თუმცა... მაინც... ვინ იცის, კაცნი ვართ, ვ...ვვნახოთ.

თავის ნასახლარის კიბესთან ძაღლი დაუხვდა. ბოღრიამ ანჩხლი ყეფა და ჯაჭვის ჩხარუნი ასტეხა.

მარგოს ოთახის ღია სარკმელიდან ჯაყომ გადმოიხედა და გადმოსძახა:

- ვინა ხარ მანდა?

თეიმურაზი შეკრთა და აირია:

- მე ვარ, ჯაყო, თეიმ...მმურაზი ვარ.

- რა გინდოდეს ამ დროსა, ბრინკა? ყაჩაღები ხომ არ მოვიდოდეს?

- არა, ჯაყო, ჩემი სარკე-სავ...ვვარცხელი მინდა.

- ბრინკა, აქამდის ვერ დაგივიწყე კნიაზობას? - ზიზღით ჩამოუგდო ჯაყომ. - დუქანში ათი სარკე გექნებოდეს, რომელიც გინდოდეს, იმაში ჩაიხედე. დაიცადე მანდა.

ოთახში შებრუნდა და ისევ გამოვიდა.

- აჰა, დაიჭირე სავარცხელი. წადი ეხლავე, ნუ შეშინდების, შენი კნეინას არავინ მოიტაცებდე. ჯაყო აქა ხარ. ისეთი ყარაული ხარ ჯაყოი, რომა ათი ყაჩაღიც ვერაფერს დაგაკლებს. ჩქარა წადი, თორემ დუქანი ყაჩაღები წაგიღებს.

თეიმურაზმა იმ ეზოში დიდხანს იცოცა მუხლისთავებზე, მაგრამ გადმოგდებული სავარცხელი ვერ იპოვა. ძაღლი მაინც არ სცხრებოდა, ისევ ძალზე იწევდა და ანჩხლად ჰყეფდა.

ჯაყოს მოთმინება დაეკარგა:

- გაანებე თავი მაგ ოხერ სავარცხელსა! წადი, დუქანი უპატრონე. თორემა თუ ქურდები გასტეხე და ყველაფერი წაიღე, მე ვიცის მაშინა!

- მივ...ვვდივარ, ჯაყო, მივ... ვვდივარ, არხეინად იყავი.

წელში უარესად მოიხარა, ფეხები ძლივს აითრია და ფეხდათათხულ ძაღლივით გამოტრიალდა.

დუქანში კვლავ ჭრაქი აინთო და დირეზე ჩამოჯდა.

ძაღლის მძორმა ისე ღრმად ჩასჭიდა ბასრი კლანჭები ყელში, რომ თეიმურაზი იხრჩობოდა და სიმწარისგან იკლაკნებოდა. მესამედ აიღო წიგნი და მესამედვე კვლავ იგივე ფურცელი გადაშალა:

"ნეტარ იყვნეთ თქვენ, რაჟამს გყვედრიდენ და გდევნიდენ და სთქვან ყოველი სიტყვა ბოროტი თქვენდა მომართ სიცრუით ჩემთვის.

გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქვენი ფრიად არს ცათა შინა, რამეთუ ეგრეთვე ჰსდევნეს წინასწარმეტყველნი უწინარეს თქვენსა.

თქვენ ხართ მარილი ქვეყნისა; უკეთუ მარილი იგი განჰქარდეს, რაჲთამე დაიმარილოს? არღარა შემძლებულ არიან მერმე, არამედ განგდებად გარე, და დათრგუნვად კაცთა მიერ.

თქვენ ხართ ნათელი სოფლისა; ვერ ხელეწიფების ქალაქსა დაფარვად მთასა ზედა დაშენებულსა".

თეიმურაზმა კვლავ დაჰკეცა სახარება.

- მაშ დევნილნი არიან მარილი ქვეყნისა და ნათელი სოფლისა! ჰოი, უფალო ძლიერო, მე არ მესმის სიტყვა ესე: ჰოი, დიდებულო, მასწავე მე უღირსსა მონასა შენსა სიმართლენი შენნი! გუშინ სხვანი იდევნებოდნენ, დღეს კი მე ვარ დევნილი! მაშ რომელნი ვართ მარილი ქვეყნისა და ნათელი სოფლისა: რომელნი ვართ ღირსნი შენის სიყვარულისა ცათა შინა? ალბათ არც ერთნი, რამეთუ ჩვენ არ ვირწმუნეთ წმინდა სახელი შენი. ჰოი, უფალო! უზღურბლო არს მადლი შენი ცათა შინა, გარნა რად გვტანჯვიდე ჩვენ, უღირსთა მონათა შენთა, წიაღსა ამა ქვეყნისასა?

სულმილეული თეიმურაზი დიდხანს ჰვედრებდა, ეძიებდა, ეკითხებოდა და ედავებოდა უფალსა ღმერთსა, გარნა ვერ იხილნა იგი უფალი სულსა თვისსა გვემულსა, ტანჯულსა და გოლგოთისა მთაზედ ამავალსა.

კალოდან მომავალმა ნახუცარმა ივანემ დუქანს ურემი მიაყენა და ერთი ხელადა ღვინო მოითხოვა.

ორივენი დირეზე ჩამოსხდნენ, ღვინო წინ დაიდგეს და ნელ-ნელა შეაყოლეს. ჯერ დიდხანს სდუმდნენ, მერმე ივანემ ნელი ხმით ჰკითხა თეიმურაზს:

- თეიმურაზ, რა შენი საქმეა დახლიდარობა?

- რა შენი საქმეა, ძმაო ივანე, შავი მუშაობა და მიწის ხვნა?

- აკი გითხარი, საქართველოში ატავიზმის კანონი მძლავრად მუშაობს მეთქი. ჩემი წინაპრები მიწის მუშები იყვნენ, ამიტომ მეც მიწას დავუბრუნდი.

თეიმურაზმა პასუსი არ გასცა. ორივენი გაჩუმდნენ და თითო ჭიქა კიდევ დალიეს.

- რას ჩხირკედელაობდი ერთ დროს, თეიმურაზ? რას მოითხოვდი? რას ეძებდი და რას მოელოდი?

- აი, ამ დღეს მ...მმოველოდი, აი ამ დღეს ვეძებდი.

მახსოვს შენი წერილები. ნამდვილი ქართული კალამი გქონდა.

- ქართული კ...კკალამი, რომელიც ორეულია გოლგოთის ჯვრისა, ხოლო მისი პატრონი ყოველთვის ჰგავდა იმ მთაზე აღმავალ მაცხოვარს. იმ კალმითაც ისე ინგრეოდა ძველი ქვეყანა, როგორც ჰინდენბურგის ზარბაზნებით.

- გეგონა, არც შამფურს დასწვავდი და არც მწვადსა? მგელსაც გააძღობდი და ბატკანსაც გადაარჩენდი?

- ჰო, ეგრე მ...მმეგონა. შენ რა გიშავს, შენ დროზე გამოიცვალე ქურქი.

- ჭკუამ გამიჭრა. სწორე გეზი ავიღე. შენც ხედავ, გავგლეხდი და ხვნა-თესვას დავადექ.

- გრიგალს გადარჩი და ცოლ-შვილიც გადაარჩინე. ბედნიერი ხარ.

- რწმენა დავკარგე, ჩემო თეიმურ. გარდა ამისა, ძველადვე უთქვამთ ჭკვიანებს: საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს კარგისა მამაცისაგანო.

- ხოლო გიჟებს ასე უპასუხნიათ: სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანიო.

- მერმე, თეიმურ, რომელს უთქვამს მართალი?

- ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების.

კვლავ იყუჩეს.

- ბატონო თეიმურაზ, არც ეხლა გწამს ღმერთი?

თეიმურაზი დიდხანს სდუმდა და ბნელ ცას გასცქეროდა. მერმე მწარე ოხვრით უპასუხა:

- არა, არც ეხლა მწამს. ბუნება სმენადახშულია, ხოლო ზეცა შორია და უჩინო. დამრჩა მხოლოდ ჩემივე თავის გამასხარავება და უძირო მოთმინება.

- მაშ ეგ სახარებაც არაფერს აძლევს შენს სულს?

- აკი გითხარი, ქართველები სემიტები ვართ მეთქი. ქრისტიანობა ისე არ გვიდგება, როგორც ქალს წვერ-ულვაში. მაგრამ ჩვენც რომ სემიტების რწმენის ძალა გვქონდეს, უკვდავნი ვიქნებოდით. არც ერთ ერს არა სწამს ასეთი სიმძლავრით თვისი ღმერთი, როგორც სემიტ ებრაელს სწამს თვისი იეგოვა და სემიტ არაბს - თვისი ალლაჰ. ნეტა წარმართები მაინც ვყოფილიყავით. წარმართებს კერპები ჰყავდათ. ისინი ლოცულობდნენ ზევესს, იუპიტერს, ცეცხლს, ელვას და ათასს ცხადსა და უჩინარ ღმერთს. წარმართებს, ჩემო ივანე, ვიღაც ან რაღაც სწამდათ, ჩვენ კი ურწმუნონი ვართ. ქ...ქქართველ ხალხს აღარც ქრისტე სწამს, არც მაჰმადი, არც იეგოვა, არც ბუდდა, არც ზევესი, არც საერთოდ რომელიმე ღმერთი ან ეშმაკი.

- ეგეც კარგი ნუგეშია, თუ ეშმაკიც აღარა გვწამს.

- სცდები, ძალიან სცდები, ჩემო ივანე, ჩვენი უუდიდესი უბედურებაც სწორედ ის არის, რომ ეშმაკიც აღარა გვწამს. ვისაც ეშმაკი სწამს, იმას რაღაც ან ვ...ვვიღაც სწამს, ესე იგი - მას ჰქონია რწმენის წყურვილი და უნარი, ესე იგი - მას ჰქონია ადამიანის სული, ესე იგი - თვითონაც უკვე ადა-მი-ა-ნ-ი ყოფილა, ვინაიდგან მხოლოდ სულით და რწმენით განირჩევა ადამიანი პირუტყვისაგან. ჩვენ კი ეშმაკიც აღარა გვწამს, მაშასადამე, აღარც სული გვქონია. და აღარც ა-და-მი-ა-ნი ვყოფილვართ. ამიტომ გეუბნები, ჩემო ივანე, ვიღუპებით მეთქი, ვ...ვი-ღუ-პე-ბით!

- ჩემო თეიმურ, ვინ გიშლის რწმენას? რატომ არ ირწმუნებ რომელიმე ღმერთს ან ეშმაკს?

- იმიტომ, ჩემო ივანე, რომ - რა მაქვს შენთან დასამალი! - ვეძებ და ვერ ვპოულობ.

- ითხოვდით, და მოგეცეს თქვენ; ეძიებდით, და ჰპოოთ; ირეკდით, და განგეღოს თქვენ.

- არც მომეცა, ვერც ვპოვე და არც განმეღო. მ...მეც მაგას ვსტირი, ჩემო ურწმუნო მოძღვარო. დიდი ხანია, რაც რწმენის სულს მოვუწოდებ, მაგრამ უფალმან ჩვენმან არ ღირს მყო მოსვლად ჩემდა.

- თეიმურ, შენ თვითონ უნდა ამაღლდე უფლისადმე.

- ვერ ავიწიე მიწიდან, ჩემო ივანე. წიგნმა მომტაცა რწმენის სული და მეცნიერებამ დამწყვიტა უფლისადმდე ასაფრენი ფრთები. ცოდნისა და იჭვის ჭიამ ისე დამიღრღნა გონება და გამომფიტა სული, რომ ნივთიერ ქვეყანას ერთი გოჯითაც ვერ მოვსწყდი.

- ცოდნას და რწმენას ერთმანერთს ნუ შეახვედრებ, ნუ დაუპირდაპირებ, თორემ ერთმანერთს დაანგრევენ და დასწვავენ.

- მეც მაგ ჭირის ქვაბში ვიხარშები, ჩემო ივანე. ცოდნა და რწმენა ვერ მოვარიგე, ერთად ვერ შევად...დუღე და ვერც ერთმანერთს დავაშორე. რწმენისა და ურწმუნოების ორღობეში გავიჩხირე და ვერც რწმენის სათავესთან გავედი, ვეღარც უკან დავბრუნდი.

- მაინც, საით უფრო მიგიწევს გონება?

- ურწმუნოებისკენ.

- გული?

- ღმერთისკენ.

- ბოლოს-და-ბოლოს, საით მიდიხარ? არსებობს თუ არა ღმერთი?

თეიმურაზმა დიდხანს იტორტმანა. მერმე უცებ წამოიძახა:

- ღმერთი რომ იყოს სადმე, განა ამ დღეში ჩავცვივ...ვვდებოდით?

- შენც უმეცარ გლეხივით აზროვნებ: ღმერთი რომ იყოს სადმე, განა ყანას დამისეტყვავდაო? ღმერთი რომ არც არსებობდეს, იგი ჩვენვე უნდა მოვიგონოთო, ასე უთქვამთ.

- ვიცი, მაგრამ ჩემს გულში ღმერთის მაგივრად ჯერ-ჯერობით გველებმა და ბაყაყებმა დაიბუდეს.

- მაშ არც სამოთხე გწამს და არც ჯოჯოხეთი?

- ჯ...ჯოჯოხეთი?! ჰმ! კიდევ ჯ...ჯოჯოხეთი, ამ ქვეყნის შემდეგ? თუ ჯოჯოხეთი მართლა არსებობს, მაშ შენი ღმერთი უუსასტიკესი არსება ყოფილა.

- არც საიქიო გწამს და არც ამ ქვეყანას ურიგდები? მაშ რა გაქვს გულში?

- რა მაქვს? აკი გითხარი: ბაყაყი, გველი, მორიელი, მაჯლაჯუნა, შავი ქვა და ნ...ნნაცარი ცხელი, აი, ესა მაქვს.

- მერმე, როგორ უძლებ, თეიმურ?

- მალე გ...გგავათავებ.

- თუ აღარაფერს ელი...

- აღარაფერს... მე ჩ...ჩჩემი შევასრულე, მ...მმეყოფა. ეხლა სხვებმა ჰზიდონ ამ ქვეყნის ტვირთი.

სულთ-მობრძავის სასოწარკვეთილი უიმედობა მოისმა თეიმურაზის ხმაში.

- მალე გ...გგავათავებ ამ მასხრობას, ზოგნი რომ სიცოცხლეს ეძახიან. მე აღარაფერს არ ველი. წარსულმა მომატყუა, აწმყო მაწამებს, მყობადი მაშინებს.

- თქვენი თაობა უკვე მკვდარია, თეიმურ.

- დღეს ცოცხლები მკვდრები ვართ, მ...მმაგრამ მკვდრები უკვდავნი არიან და ცოცხლებზე ბატონობენ.

- თუ აგრეა, ისევ სჯობია, რომ გარემოებას შეურიგდე და დამშვიდდე.

- არრა-სო-დეს! გესმის? არრასოდეს-მეთქი!

ისევ დიდხანს იყუჩეს და ერთი ხელადა კიდევ დალიეს.

- ახლა შენ მითხარი, ივანე, შენ მარტო ანაფორა გაიხადე, თუ რწმენაც იმ ანაფორას გააყოლე?

ივანემ ღიმილით უპასუხა:

- რწმენა კი არ გავაყოლე ანაფორას, არამედ ანაფორა გავაყოლე რწმენას. თუმცა ისიც უნდა გითხრა, რომ მე შენსავით არ დავცალიერებულვარ. ღვთის რწმენა დავკარგე, სამაგიეროდ უფრო ძლიერი რწმენა შევიძინე.

- რომელი?

- მრწამს ჩვენი მშრომელი ხალხის ძალა და მისი მომავალი. თეიმურაზმა ღრმად ამოიოხრა:

- რა ბედ...დდნიერი ადამიანი ჰყოფილხარ, ივანე!

- გშურს, განა!

- არასოდეს არაფერი არ შემშურებია აგრე ძლიერ, როგორც შენი და შენისთანების რწმენა შემშურდა. ბედნიერი ხართ, ბედნიერი! მე კი, მე ჭიებმა შემჭამეს, დამაცარიელეს, დამღრღნეს.

- გამოტყდი, თეიმურაზ, დამარცხებული ხარ.

- მ...მმე? - თითქო გაცოცხლდა ხევისთავი და დუმილის შემდეგ გაბზარული ქვაბის ხმით განაცხადა: - დამარცხებული ის არის, ვინც თვითონვე აღიარა თვისი დამმარცხება. მე კი... მე... მე...

- მაინც არა სტყდები?! აკი გეუბნები, ახია მეთქი შენზე, ახი, ახი!

ნასროლი ისარი სწორედ იმ ალაგას მოჰხვდა, რომელიც იმ წუთს თეიმურაზს სტკიოდა და უკვნესოდა.

უცებ მუშტი წაიშინა და აღმუვდა:

- ოღ...ღღონდაც, ახია! ოღ...ღღონდაც! აგრე გვინდა ყველას, აგრე! მაგრამ შენ შენი თავი ნუ გაინაპირე, ივანე! შენც ჩვენი ს...სსისხლი და ხორცის კაცი ხარ. შენც საერთო საფლავში გიდგია ფეხი, ამიტომ "თქვენის" მაგიერ უნდა სთქვა: "ახია ჩვენზე, ახი!" ტყუილად სცდილობ საერთო ს...სსაფლავიდან ამოხტომას, ტყუილად! რაც აქამდე დაგვემართა, ეს კ...კკიდევ არაფერია, მ...მმეტის ღირსნი ვართ, მეტისა! - ეგეც გეყოფათ. - დინჯად მოუჭრა ივანემ. - მართალი რომ ვთქვათ, თქვენ ადრევე იყავით გასაქრობი. ახლა სალაპარაკოდაც აღარ ჰღირხართ. მკვდარს მხოლოდ შესანდობარზე გაიხსენებენ. დავლიოთ. ღმერთი იყოს თქვენი გამკითხველი.

თეიმურაზმა ჩაიცინა:

- ისევ თქვენობით ლაპარაკობს! მაშ შენ რომელ ბანაკში სთვლი შენს თავს? ვინა ხარ, მიმავალი თუ მომავალი?

- მე არც მიმავალი ვარ და არც მომავალი! მე დიდი ხანია მოვედი და ჩემი ალაგი მოვნახე.

- მაშ მეორე ბანაკში ჰყოფილხარ.

- მე ჩემი ხალხის ბანაკში ვარ და ყოველთვის ამ ბანაკში დავრჩები.

- ღმერთმა ხელი მოგიმართოს. აკი გითხარი, შენი რწმენა და სულიერი მშვიდობა მშურს მეთქი.

- თქვენი მოდგმა დიდი ხანია მოკვდა, თეიმურ, გვიან გასაფლავებენ.

- იმიტომ ავყროლდით, ივანე, რომ გვიან გვმარხავენ.

- ბედის წინაშე მორჩილება დიდი ძალა ყოფილა, თეიმურაზ. მორჩილებას ათასი ხალხი გადაურჩენია. ბედთან ჭიდილი და ურჩობა სახიფათოა. ვინც მას შეეგუა, გადარჩა, ვინც არა - დაიღუპა. ვეფხი და კატა ერთის ჯიშისანი არიან, აგრეთვე ძაღლი და მგელიც. ვეფხი და მგელი თითქმის ამოწყდნენ. ძაღლისა და კატის ჯიში კი გამრავლდა და გაძლიერდა.

- ბედის წინაშე მორჩილება და უძლურება ერთმანერთში ნუ აურიე. მორჩილება ზოგჯერ დასვენება და ძ..ძალების დაგროვება გახლავთ, ზოგჯერ კი სულიერ გამოფიტვის და დაქანცულობის ნიშანია, გარდა ამისა, ძაღლისა და კ...კკატის ბედს იქნება გადაშენებული ვეფხი სჯობდეს. რაც უნდა იყოს, მკვდარს ვეფხს მაინც პ...პპატივით მოიხსენებენ, - ცოცხალ ძაღლს კი ორღობეში ამოუვა სული.

- მკვდარ ლომს ცოცხალი ძაღლი სჯობია მეთქი.

ისევ დიდხანს იყუჩეს. თეიმურაზი წყვდიადს გასცქეროდა. მერმე წაიბუტბუტა:

- ჰმ! ს...სსაოცარია! ს...სსაკვირველია! ჩვენი დასაფლავება ჩ...ჩჩვენივე თვალწინ ხდება. ანდერძს გვიგებენ და ჩვენვე ვესწრებით ჩვენს ქ...ქქელეხს.

უცებ ხმა აიმაღლა:

- მაგრამ მე, თეიმურაზ ხევისთავი, ჯერ-ჯერობით სიკვდილს არ ვაპირებ! გესმის? მე არ მინდა მეთქი სიკვდილი!

- მესმის, ნუ ჰყვირი. მაგრამ თქვენ რომ არავინ გეკითხება? - დინჯად მოაგონა ივანემ.

თეიმურაზი თითქო გამოფხიზლდა, თითქოს უძლეველ ბედს დაემორჩილა:

- ჰო, მ...მმართლა. ჩვენ არ გ...გგვეკითხებიან.

- გეუბნები, ახია მეთქი თქვენზე!

თეიმურაზი ფეხზე წამოიჭრა და აფეთქდა:

- ივანე, ერთი რამ დაიხსომე სამუდამოდ: მე მომღუნეს, შეიძლება მომტეხონ, მაგრამ ვერ...რრასოდეს ვერ დამიმორჩილებენ, ვე-რრრა-სოდეს; გესმის? ვერ-რრა-სოდეს მეთქი! როცა იქნება, მე ჩემს ნამდვილ სათქმელს ვიტყვი. ის დრო მოვა, მოვა მეთქი! ისე მჯერა ამ დღის მოსვლა, როგორც ხვალ დილით მზის ამოსვლა. ჯერჯერობით კი ახ...ხხია ჩვენზე, ახ...ხხია! უძლური ყოველთვის ბ...ბბრალიანია! ხა-ხა! გაგიგონია, რომ გონიერი ადამიანი თვითონვე ითხრიდეს სამარეს? არ გაგიგია, განა! მაშ ეხლა გაიგონე: მე ვარ მაგისთანა გიჟი, მე! ჩვენ თვითონვე გავითხარეთ საფლავი. ახია მეთქი ჩვენზე, ახი! გვმარხავენ? აგრე გვინდა, აგრე! - და აბოდებული ნაკაცარი ფეხით მიწას სტკეპნიდა, თითქო თავისავე საფლავს მიწას აყრიდა, თან იმედ-დაკარგულ მორიელივით თავის თავს ჰკბენდა და, გაკაპასებული, კვლავ გაჰკიოდა:

- აგრე გვინდა!. აგრე!... აგრე!..

ივანემ ძალით დასვა თეიმურაზი.

- რა დაგემართა, შე კაი კაცო! დაჯექი, დამშვიდდი, თითო კიდევ დავლიოთ. აიღე თასი. ნუ ჰყვირი.

თეიმურაზი უცებ გამოფხიზლდა. გაოცებული შესცქეროდა ივანეს, თან ისე სცახცახებდა, თითქოს უძლიერესი ციება აუვარდაო. ნახევარი ჭიქა მუხლებზე გადმოეღვარა.

- რა სთქვი? მე ვ...ვვყვიროდი?.. როდის?.. ეხლა? არ მახსოვს.. რაო? დავლიო? კეთილი. მაშ ღმერთმა ადღეგრძელოს ჩ...ჩჩემსავით დამარცხებული გიჟი, რომელმაც თვითონ გ...გგაითხარა საფლავი, ადღეგრძელოს და...

- ადღეგრძელოს კი არა, განუსვენოს, განუსვენოს.

თეიმურაზს თითქო ჩაქუჩი ჩაჰკრეს თავში:

- ჰო, მ...მმართლა...გ...გგანუსვენოს! გ..გგანუსვენოს!.. სულიერი მშვიდობა მისცეს მიმავლებს, რადგან... იმიტომ რომ... ვაი ჩვენ! ვაი ჩვენი ბრალი!

უცებ ჭიქას ხელი გაუშვა და აქვითინდა. ივანე წამოხტა და დუქანში შევიდა. ისევ გამოვიდა და წყალი გამოიტანა.

- აჰა, დალიე. პირიც მოისველე. რა დაგემართა, შე კაი კაცო?! სირცხვილია. ვაჟკაცი ხარ.

თეიმურაზი მიყუჩდა. თვალები მოიწმინდა, გასწორდა და გამაგრდა.

- არა მიშავს-რა. დ...დდაივიწყე. წუთიერმა სისუსტემ დამძლია. დაჯე, დავლიოთ. მთვრალი ნუ გ...გგონივარ.

- ბრძენი მეგონე. თურმე შენც გცოდნია თავის მოგიჟიანება.

- ნუ გ...გგიკვირს. არავინ არ იცის, რა სჭარბობს ცხოვრებაში, სიბრძნე თუ სიგიჟე. მათი საზღვარი ჯერ ვერავის ვერ მოუძებნია. დ...დდამისხი, მომწყურდა.

კვლავ დიდხანს სდუმდნენ, ნელ-ნელა სვამდნენ და წყვდიადს გასცქეროდნენ.

შორიდან ლიახვის შხუილი მოისმოდა. ჭოტი თავისას ჰკიოდა. ზევით, სოფელში ძაღლებს წკავწკავი გაჰქონდათ.

ივანემ ბაასის ძაფი გამოსცვალა:

- ჯაყოსთანა ბატონი ამ სოფელს არა ჰყოლია, ვერც ახლომახლო მოიძებნება. ერთი თვით ერთი კოდი ხორბალი ვთხოვე. ერთი ორად დამისვა. სხვებსაც ასე უშვრება. აქაური ხალხი თან-და-თან ხელში ჩაიგდო, ყველა ჯაყოს მოვალეა.

- ეტ... ტტყობა, დიდი შეძლება უნდა ჰქონდეს.

- ნახევარ სოფელს იყიდის. შენი ნივთეულობა ვითომ ყაჩაღებმა და ქურდებმა წაიღეს.

- ვიცი, ეხლა აღარ მერიდება. თითქმის ყველაფერი გამოაჩინა.

- შემოდგომაზე რამდენიმე ვაგონს გაავსებს ხორბლით, მატყლით, ყველით და ერბოთი. ყველგან დიდი ძალა აქვს. ძალიან მოხერხებული კაცია. სოფელს ტყავს აძრობს, მაგრამ ამავე დროს ძალიან ესარჩლება, რადგან თვითონაც ხშირად სჭირდება ჩვენი სოფელი.

- ამას წინათ ც...ცცოლი გააგდო.

- ერთი კი არა, ორი ცოლი გააგდო. ორივე სხვებს მოსტაცა. ეხლა მეოთხეს ეძებს. ამბობენ, იშოვნა კიდეცაო.

- არ გ...გგამიგია. ვინ არის, ვის გადაეკიდა?

ივანემ კარგა ხანს პასუხი არ მისცა.

- არ ვიცი. იკითხე აქეთ-იქით, იქნება გითხრან. ეს ღმერთმა ადღეგრძელოს... ესეც გახსოვდეს: მტერი მოყვრულაღ მოსული, მტერზედაც უარესიაო.

თეიმურაზი ივანეს ყურს უგდებს. იმის ნაუბარს გაჰყვა, ჩაფიქრდა და გულში ჩაიხედა. იგი ისევ გველის წიწილებით გავსილიყო. ის წიწილები შავი გორგალივით დახლართულიყვნენ, ნელ-ნელა დაფუსფუსებდნენ, იკლაკნებოდნენ, თეიმურაზს შიგნეულობას ჰკბენდნენ და შხამით უვსებდნენ.

- მეტის მეტად წუწკი და აბეზარი კაცია. - თითქო თავისთვის განაგრძობდა ივანე. - სოფელი აიკლო და წამურტლა. ვინ იცის, რამდენი ოჯახი წაჰბილწა! ზოგი იყიდა, ზოგიც ძალით ჩაიგდო ხელში. მუდმივ იარაღზე და კომბალზე უჭირავს თვალი. ზოგნი მოსაკლავადაც დასდევდნენ, მაგრამ დრო და ალაგი ვერ მოიმარჯვეს. ახლა ცარცვა-გლეჯის ხერხი შეიცვალა. ასეთი მევახშე ჯერ არ მინახავს. ვითომ ქვეყანას იმადლიერებს, ყველას ელაქუცება და ჰპატიჟობს, ნამდვილად კი...

რას ჩააცივდა ჯაყოს ნახუცარი ივანე?! ვინ ეკითხება, რომ ჯაყოს თავგადასავალს მოჰყოლია?! ნეტა ჯაყოს გარდა სხვა სალაპარაკო ვეღარ მოიგონა?!

- აქამდე თავისი ტოლები ჰყავდა ცოლად. სანამ მესამეს მოიყვანდა, ჩვენს თამარას დაადგა თვალი, მაგრამ დროზე მოვაშორე. გორში გავგზავნე. ჯაყო დადიოდა და ყველგან ჰყვიროდა: "ეხლა ჯაყო ხარ აზნავირი! ჯაყო კნიაზის ან ღვდლის ქალი გინდა, მაშ. მაშა!" ხიფათს ძლივს ავცდი. ეხლაც გაეხსნა წინანდელი მადა, ეხლაც გაჰკივის წარამარად: "ჯაყომ ისეთი თავადის ქალი იშოვნე, რომა!"

- ვინ იშოვნა? - ძლივს ამოიხრიალა თეიმურაზმა.

- არ ვიცი... იქნება სხვებმა იციან... გამოიკითხე.

თეიმურაზმა ვერც კი გაიგო ივანეს წასვლა.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — მიხეილ ჯავახიშვილი.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.