თავი IX
– IX –
უცნაური კვანძი
არჩილი ახლად გადმოსული იყო რუსეთიდან. სწავლა იქ დაამთავრა. ვეღარც დედას მოუსწრო, ვეღარც მამას, ორივე გარდაცვლილიყო. მარტო ერთი გასათხოვარი და ჰყავდა და და-ძმა ერთად ცხოვრობდნენ. კარგი სახლ-კარი და მამულები დარჩათ მამისგან და იმავე სოფელში ჰქონდათ ბინა, სადაც ოთარაანთ ქვრივი ცხოვრობდა.
სოფელი ძალიან მადლიერი იყო ამ და-ძმის. „კარგი ხალხიაო“, ყველა ამას იძახდა, ვისაც კი ჰკითხავდით. ოთარაანთ ქვრივსაც ზოგიერთი კარგი ახსოვდა ამ და-ძმისგან. თვითონ არჩილს და მის დასაც ბევრი რამ ჰქონდათ გაგებული ოთარაანთ ქვრივზე და ბევრს იცინოდნენ მოწონების სიცილით, როცა კი ამ ქალის უცნაური ქცევის და საუბრის ამბავს გაიგონებდნენ.
„პატივსაცემი ქალია ეს ოთარაანთ ქვრივი“, – ხშირად უთქვამთ დასაც და ძმასაც და ერთი შემთხვევაც არ ჰქონიათ, რომ სიყვარულით და თავაზიანობით არ მოეკითხათ, როცა კი ოთარაანთ ქვრივს შეხვედრიან.
არ ვიცით, ოთარაანთ ქვრივს სასიამოვნოდ ჰქონდა ეს თავაზიანი მოკითხვა თუ არა. ეს კი ვიცით, რომ როცა ამათზე კარგს ვინმე იტყოდა, ოთარაანთ ქვრივი დაატანდა: „ჭკუა აქვთ და იმიტომო“.
გიორგის ამბებიც არაერთხელ მისვლიათ და-ძმას და არაერთხელ გაჰკვირვებიათ მისი ზნე და ხასიათი. ვერ გამოეცნოთ, – გლეხკაცობაში საიდან და როგორ უნდა ჩამოყალიბებულიყო ასეთი ზნე, ასეთი ხასიათი.
„ბევრი რამ არის, ჩემო ჰორაციო, ამ ქვეყნიერებაში ისეთი საიდუმლო, რომელიც სიზმრადაც არ უნახავთ ჩვენს ფილოსოფოსებსო“, – ეტყოდა ხოლმე არჩილი თავის დას ჰამლეტის სიტყვებს, როცა გიორგიზე ჩამოუვარდებოდათ ლაპარაკი.
გამოუცნობ გამოცანას ამით დაასრულებდნენ ხოლმე.
– გიორგი გიახლათ, – მოახსენა ერთ საღამოს მოსამსახურემ არჩილს. არჩილი მაშინ ტახტზე წამოწოლილი იყო და ყურს უგდებდა დას, რომელიც რაღაც წიგნს ხმამაღლა უკითხავდა.
– ვინ გიორგი? – ჰკითხა არჩილმა.
– ოთარაანთ ქვრივის შვილი.
– მობრძანდეს.
შემოვიდა გიორგი და, ქუდმოხდილი გაჩერდა კართან, თქვა:
– საღამო მშვიდობისა.
– აი, გაგიმარჯოს, ჩემო გიორგი! – უთხრა მხიარულად არჩილმა. – რას შვრები? როგორ ხარ? როგორ არის შენი პატიოსანი დედა?
– რა გვიჭირს? ღვთის მადლით კარგად ვართ.
– ამბავი, სიახლე... რისთვის გარჯილხარ?
– ნუ მიკვირს კი და თქვენთან ყოფნა მინდა.
– მოდი და ნუ გაოცდები. რისთვის? როგორ?
– როგორც გნებავთ: გინდათ მოჯამაგირედ გემსახურებით, გნებავთ უფასოდ გემსახურებით. ჩემთვის არაფერი მნიშვნელობა აქვს.
– რას ამბობ, კაცო! – ჰკითხა მართლა გაოცებულმა არჩილმა. – შენი ოჯახის პატრონი და მოჯამაგირედ დგომა, – ვის გაუგონია. ან შენ ვერ გაგიგია, რა გინდა, ან მე არ მესმის, რას ამბობ.
– მე კარგად ვიცი, რასაც ვამბობ, თქვენ ოღონდ ეგ წყალობა მიყავით. გული აღარ მიდგება შინ, ლამის მარტოობამ დამლიოს.
– მერე დედაშენი? – იკითხა არჩილის დამ და თავისი მარილიანი თვალები მიაშუქა გიორგის.
– დედაჩემი... დედაჩემს სწყინს, ქალბატონო, მაგრამ ვეღარ გამიტეხია.
– აბა, ჩემო გიორგი, ჩვენ დედაშენს ვერ ვაწყენინებთ. მისი დიდი თავაზა და ხათრი გვაქვს, – უთხრა არჩილმა.
– თქვენ ეს მიბრძანეთ, მამყოფებთ თქვენთან, თუ არა და დედაჩემისა მე ვიცი, არ ამიხირდება... დედისერთა ვარ...
– მამყოფებთო!.. ორივე ხელით, სიხარულით. შენისთანას სად ვიშოვი. განა არ გიცნობ... ეს დედაშენი მაღონებს.
– მადლობელი ვარ. მაშ მშვიდობით ბრძანდებოდეთ. ამ დღეებში გიახლებით.
– ჯამაგირი?
– გინდა იყოს, გინდა არა, მოგახსენეთ, დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
– ეგ არ იქნება. მაგის თანახმა არა ვარ. თქვი, – რა მოგცე?
– რაც შენი ნებაა.
– ეგ არ იქნება-მეთქი, თქვი.
– რაცა ვღირდე, ის მომეცი.
– ჩემს ნამუსზე აგდებ რაღა?
– რა ცუდი თამასუქი ეგ არის!
– ჩემი ნამუსი რომ შენს კარგ კაცობას არ გასწვდეს?!
– არა უშავს!.. რაც დამაკლოთ, ალალი იყოს თქვენზე, გულს არ დამაკლდება. მშვიდობით ბრძანდებოდეთ.
ორივეს დაუკრა გიორგიმ თავი და მაშინვე გავიდა.
დამ და ძმამ ერთმანეთს შეხედეს.
– ეს რა ამბავია? – ჰკითხა დას არჩილმა.
– არ ვიცი, შენ ნუ მოუკვდე ჩემს თავს! მიკვირს და მეუცხოება.
– უთუოდ ფული რამ დასჭირებიათ.
– რომ არ ითხოვს!
– ეგეც კი. ჩვენ კი ბედი გვეწია, რომ ასეთი კაცი ვიშოვეთ, და ოთარაანთ ქვრივს როგორღა გადავურჩებით, არ ვიცი.
– მისი უნებურად ნუ ვიზამთ მაგას: პატივსაცემი ქალია, ნუ ვაწყენინებთ.
– შენც არ მომიკვდე, დედის უნებურად მე გიორგი სახლშიც არ შემოვუშვა, თუმცა კი ძვირფასი კაცია ჩვენთვის.
დამ და ძმამ ცალ-ცალკეც ბევრი იფიქრეს, მაგრამ ამ უცნაურ კვანძს წვერიც ვერ უპოვეს გასახსნელად.