prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

ოთარაანთ ქვრივი — თავი VI შინაარსი და გამარტივებული ტექსტი

ილია ჭავჭავაძე · პროზა

გამარტივებული სასწავლო გადმოცემა · AI-ის დახმარებით

თავი VI

– VI –

„გიჟია, თუ რა?“ – ამბობდნენ მასზე.

გიორგის ასეთი ხასიათი დაეჩვია: დედამისის მსგავსად, თუ რაიმე ცუდი ხდებოდა, – სხვისი იყო თუ თავისი საქმე, – აუცილებლად ჩაერეოდა. ბევრს სწორედ ამის გამო არ მოსწონდა გიორგი. „კაცო, რა უნდა, სხვის საქმეში რატომ ერევაო?“ – ამბობდა სოფელში ბევრი. ამ ხასიათმა ბევრი უსიამოვნება შეამთხვია, მაგრამ არც თვითონ იშლიდა ამას და არც დედა უშლიდა. ცოტა ხნის წინ – სულ ორი კვირა არ იქნება გასული – კინაღამ სოფლის სასამართლომ ციხეში არ ჩასვა. მან ერთი უცნაური და დაუჯერებელი ამბავი ჩაიდინა.

გიორგი ტყეში იყო წნელების საჭრელად. იქ ომარაანთ მოჯამაგირე დაინახა. თურმე ურემი გამოუტანიათ შეშისათვის, ის კი ჩრდილში წამოწოლილიყო და ტკბილად ხვრინავდა. ეს კიდევ არაფერი. კამეჩები წნელით ჰყავდა მიბმული ურემზე. საცოდავი ცხოველები იქვე, ურმის ბორბალთან, ეყარნენ და უძლურებისგან ზარმაცად ცოხნიდნენ.

გიორგი ტყიდან მოდიოდა და პირდაპირ მიადგა მოჯამაგირეს. ფეხი წაჰკრა გასაღვიძებლად.

– ადექი, ძმობილო, გაუშვი ეს კამეჩები, საცოდავები არიან.

– შენ რა ჩემი ფეხები გინდა? – დაუყვირა მოჯამაგირემ, როცა თვალები გაახილა.

– შენ თვითონ რომ არაფრად ვარგიხარ, შენი ფეხები ვისთვის რის მაქნისია. კამეჩები საცოდავები არიან-მეთქი.

– მერე შენ რა გეხება?

– ის მეხება, რომ არ გეკუთვნის ჯამაგირი. ვთქვათ, პატრონს ატყუებ, მაგრამ ეს ცხოველები მაინც არ გეცოდება? ქრისტიანი არა ხარ, მათი ცოდვა მაინც არ გწვავს?!.. საცოდავები წნელით მიგიბამს ურემზე, შიმშილისგან ფერდები ჩასცვივნიათ.

– მაშ არა და თავზე დავისვამდი.

– დაისვამდი, მე ვიცი, მაგ ქეციან თავზე ბევრს კი მოძოვდნენ, აი!.. ვერ ხედავ, ტყეში ბალახი მუხლამდეა! ფული ხომ არ დაგეხარჯება, გაგეშვა, პირი მოეტყუებინათ.

– გამეშვა-რა, მუქთი ფეხები მაქვს, მაგათ ძებნაში მერე სული ამომრთმევოდა.

– აი, შე უნამუსო! აქაო და არავინ მხედავსო, ნამუსის ქუდი მოგიხდია და ტალახში გადაგიგდია. შენს ღმერთს რაღას ეუბნები! აქაო და კამეჩი ცხოველია, შეწყალება არ უნდა, თუნდაც სხვისი ნივთი, სხვისი მონაბარი არ იყოს!

– მერე შენ რა? ვისი საქმეა. შენი მოჯამაგირე ხომ არა ვარ?

– აი, გაქრეს, გიორგი შენისთანა კაცს ახლოსაც არ მიიკარებს!.. ჩემი რომ იყო, ცარიელი პურის ჭამის ფასადაც არ შეგინახავდი. ადექი-მეთქი!

– დამანებე თავი... შენ შენს წერას ხომ არ აუტანიხარ, რატომ ეგრე არახუნებ. თუ ზურგი არ გექავება, შენ შენს გზაზე წადი-მეთქი, თორემ...

– თორემ... მე ვიცი, ყურებზე ხახვს არ დამაჭრი. ადექი-მეთქი, ამ ცხოველების ცოდვაში ნუ დგები, თორემ ამ წნელს ხომ ხედავ?..

გიორგიმ ამის თქმაზე ფეხი კიდევ წაჰკრა. მოჯამაგირე გაბრაზდა. წამოხტა ფეხზე. გიორგის წინ აეტუზა, გულ-მკერდი გადმოუგდო და მიუშვირა, თითქოს ეუბნებოდაო: აბა, ეს მე და ეს შენ, დამკარი თუ კაცი ხარ და ქუდი გახურავსო.

გიორგის მოეწონა მოჯამაგირის ასეთი სითამამე, მაგრამ უკვირდა – რის იმედითაო.

– რა ვქნაო, – თქვა გულში გიორგიმ, – თუ ეს მართლა ვაჟკაცია, საქმეს არ უღალატებდა, ცხოველს შეიბრალებდა, და თუ ვაჟკაცი არ არის, რატომ ესე გაბედულად მომიშვირა გულ-მკერდი და თავმოწონებით ალვის ხესავით წინ გამემართაო.

– თუ კაცი ხარ და თითს დამაწებ!.. მაშინ ნახავ შენს სეირს, – უთხრა გულ-მკერდ მოღერებულმა მოჯამაგირემ.

მუქარა იწყინა გიორგიმ. აღარც დააყოვნა, აღარც დაფიქრებულა, ეცა, წამოჰკრა სარმა და თუმცა ვერ დასცა, წააბარბაცა კი და ცალი ხელი დააბჯენინა მიწაზე. მოჯამაგირე ფიცხლად წამოხტა, დაეტაკა გიორგის და ხელი ჰკრა გულისპირში. გიორგი შეტოკდა და უკან გადაიზნიქა.

– ბიჭოს!.. შენ აღარ ხუმრობ, – დაუძახა გიორგიმ, წნელი ხელიდან გააგდო და ერთმანეთს შეეჭიდნენ.

გიორგიმ ბევრი აღარ აცალა: გვერდში ჰკრა და მიწაზე გააკრა, როგორც შოთს აკრავენ თონეზე. წაქცეულს ხელიც არ დააკარა. მოჯამაგირემ დამარცხება ძალიან ითაკილა – ისიც თავმოწონებული ბიჭი იყო – წამოხტა და მოულოდნელად ერთი ლაზათიანი სილა გაუშალა გიორგის. „როგორ თუ სილაო“, – მივარდა გიორგი, ამოიდო ქვეშ და იმდენი სცემა, რომ მოჯამაგირემ ხვეწნა დაუწყო.

– წადი, სადაც შენი თქვი, იქ ჩემიც ნუ დაგავიწყდებაო, – უთხრა გიორგიმ, – და ღმერთს კი არსად წაუხვალ ამ ცხოველების ცოდვითაო.

ცხადია, რომ გიორგისაგან გაბოროტებულმა მოჯამაგირემ თავისი ცემა ომარაშვილს შესჩივლა.

– რატომ გცემაო? – ჰკითხა ომარაშვილმა.

– მაგდენს რატომ ადებ ურემსაო? ან საქონელი არ გეცოდება, ან შენი თავიო!.. ეგეც რომ არ იყოს, სხვასაც ხომ მაგდენს მოსთხოვენო: ვთქვათ, შენ შეგიძლია, სხვა მაინც არ გეცოდებაო. მომდგა ამაზე და წნელი ზედ დამალეწა. შენც დედა და მამა საფლავში არ დაგიყენა. აქაო-და ჯამაგირს იძლევა, სულს ხომ არ ამოგართმევს ადამიანსაო.

– ბიჭო-და, მაგდენი არ გედო-რა ურემზე!

– ეგა თქვი-და!.. მეც ეგ არ მიკვირს, რა მოეჩვენა იმ ოჯახდაქცეულს! მე კი ასე შემაქცია-და!..

ომარაშვილი გავლენიანი კაცი იყო სოფელში, ითაკილა, „მოჯამაგირე როგორ გამილახა იმ გუშინდელმა ჭყლინტმაო“. წაიყვანა მოჯამაგირე და სოფლის სასამართლოში უჩივლა. თვითონაც, რა თქმა უნდა, წაექომაგა.

– მოწმე გყავსო? – ჰკითხეს მოჯამაგირეს.

– ოთარაანთ გიორგის რა მოწმე უნდა? ღმერთმანი, იტყუება-და!.. – თქვა ვიღაცამ.

– მაგას კი მართალს ამბობს, – თქვა ერთმა მოსამართლემ, – ის ტყუილს არ იტყვის, პატიოსანი ბიჭია.

კვირა დღეს დაიბარეს გიორგი.

– მართლა სცემე? – ჰკითხეს.

– მართლა ვცემე.

– რატომო?

გიორგიმ ყველაფერი უამბო.

– ბიჭო-და, შენ რა დავა გქონდა?

– ის დავა მქონდა, რომ მაგისთანა უნამუსო კაცისაგან ქვეყანაა დაღუპული. კაცი კაცს ვეღარ ენდობა. მაგის გამოისობით კარგ მოჯამაგირესაც ნამუსი აქვს გატეხილი. თვითონ ხომ ეძინა და ეძინა, კამეჩებიც მიება ურემზე. იმათმა საცოდაობამ დამწვა, სხვა არაფერი.

თქვენი მტერი იყოს, მოსამართლეებს დღე დაადგათ. ომარაშვილის გულის მოგებაც უნდოდათ, „ერთ სადილს მაინც გვაჭმევსო“; ოთარაანთ ქვრივისაც ეშინოდათ, „გუბერნატორამდე ივლისო“. თუნდაც ეგეც არ ყოფილიყო, გული გიორგისკენ უწევდათ, თუმცა ცემა კი ცემად ედგათ თვალწინ. არ იცოდნენ, გულს აჰყოლოდნენ, ოთარაანთ ქვრივის შიშს, თუ ომარაშვილის ხათრს.

ომარაშვილმა იხსნა გაჭირვებისგან სასამართლო.

– მე ჩემდა თავად მიპატიებია გიორგისათვის, – თქვა ამან, – და სხვამ თავისი იცის. ყოჩაღ, ბიჭო, მე და ჩემმა ღმერთმა, ყოჩაღ!.

– უპატიებია!.. – წამოიძახა გაჯავრებულმა მოჯამაგირემ, – აი, გამიჯდა გვერდებში!.. ზოგი ამ ჩემს დალურჯებულ გვერდებს ჰკითხე.

– რა ვკითხო, შე ოხერ-ტიალო! მე თუ მკითხავ, ეგ ცოტაც არის შენთვის-და!.. – უპასუხა ომარაშვილმა.

– მე და ჩემმა ღმერთმა, მართალს ამბობს, – თქვეს მოსამართლეებმა და შინ გაუშვეს გამართლებული გიორგი.

– ბიჭო-და, ეს კაცი ან გიჟია, ან ღვთისაგან მოგზავნილი, – ეუბნებოდა გიორგიზედ ერთი იქ დამსწრეთაგანი მეორეს, როცა სასამართლოდან ხალხი დაიშალა და შინისაკენ წავიდა-წამოვიდა. – რომ არ გაგონილა!..

– მე და ჩემმა ღმერთმა, მაგის გულში ან ღვთის მადლი ტრიალებს, ან ერთი რაღაც უბედურებაა მაგის თავზე, – დაჰკრა კვერი მეორემ.

– იმ დღევანდელი არ იყოს: ბეჟანიშვილის მოჯამაგირეს ურმით ფქვილი მოჰქონდა შინ. იმ ოჯახდაქცეულს თავსუბუქად დაედო. კამეჩები თურმე ყელში ხრიალებდნენ, ისე წასჭეროდათ საყელურები. ოთარაანთ გიორგი გზად მოდიოდა თურმე. დაუნახავს ეს ამბავი. ამხტარა ურემზე, საყელურები წაუწევ-წამოუწევია, გაუმართავს რიგზე ურემი, ერთი ლაზათიანი, შენი მოწონებული ჩაუთხლეშია თავში და უთქვამს:

– შე ადრე და მალე დასაბრმავებელო, ვერ ხედავდი, კამეჩები იხრჩობოდნენ, რა პირით მიდიოდი პატრონთანაო.

– ახლა ჩვენში რომ ვიკითხოთ: რა დავა ჰქონდა?

– ეგა თქვი და გაათავე. მეც ეგ არ მიკვირს! აკი ვამბობ, ეგ კაცი ან გიჟია, ან ერთი რამ ღვთის ნიშანია მაგის თავზე-მეთქი.

– დედაც ხომ მაგისთანა გადარეული და უცნაური ჰყავს. მამაც კი – ღვთის წინაშე – ცოტა არ იყოს, მოუსვენარი კაცი იყო. ეგეთები იმანაც იცოდა.

– აი, ამაზეა ნათქვამი: დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახეო. მაგათში ან დიდი ცოდვა ტრიალებს, ან დიდი მადლი. აქ სხვა ნიშანწყალია.

გიორგი რომ შინ მივიდა, ყველაფერი უამბო დედას. ოთარაანთ ქვრივს გაუკვირდა:

– დახე, მაგ ვირთხებსაც ზოგჯერ სწორი სამართალი სცოდნიათო!..

– VII –

დედის დარდი

მთავარი დეტალები და რთული სიტყვები

თავი VI

შენარჩუნებული მთავარი დეტალები

  • ოთარაანთ ქვრივის შიში და დარდი გიორგის საიდუმლოს გამო.
  • ქვრივის ვარაუდები გიორგის შესაძლო სიყვარულზე ან უბედურებაზე.
  • გიორგის სამდღიანი გაუჩინარება ორი წლის წინ და მისი ხელცარიელი დაბრუნება ნადირობიდან.
  • ქვრივის რწმენა, რომ გიორგი მამამისზე არანაკლები მონადირეა.
  • ქვრივის მცდელობა, მოიშოროს ცუდი ფიქრები და ეშმაკი, მაგრამ ფიქრები მაინც ერჩის.
  • ქვრივის უძილობა და დაღლილობა ფიქრების ჭიდილისგან.
  • ალიონის დადგომა და ქვრივის ჩაძინება, რომლის დროსაც იგი კვლავ შველას ითხოვს.
  • ფიქრების ლანდად გადაქცევა და მათი მუდმივი დევნა.

რთული სიტყვების განმარტება

ძილდამფრთხალი
ძილიდან შეშინებული, გამოფხიზლებული
გამტეხავს
დამამარცხებს, ძალას გამომაცლის
ნაღველი
დარდი, მწუხარება
არ გამენდო
არ მენდო, არ მითხრა
გული შევარდნია ვისზედმე
ვინმე შეჰყვარებია
ასტეხია
დაწყებია, შეემთხვა
ცოდვილობდა
ფუსფუსებდა, რაღაცას აკეთებდა (ამ კონტექსტში)
სიყმეს
ახალგაზრდობას
გუნებაშიც არ გამიტარებია
აზრადაც არ მომსვლია
გულთა მკბენს
გულს მიკაწრავს, მაწუხებს
ცხონებულს
გარდაცვლილს, მიცვალებულს
ტიალ წუთის-სოფელში
საცოდავ, მწუხარე წუთისოფელში (ამქვეყნიურ ცხოვრებაში)

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

გამარტივებული ვერსია: prep.ge, AI-ის დახმარებით. ეს სასწავლო გადმოცემაა და არა ავტორის ორიგინალი ან აუცილებლად მოკლე შეჯამება. ზუსტი ფორმულირებები შეადარე ორიგინალს. საფუძველი — ილია ჭავჭავაძე. ორიგინალის წაკითხვა.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.