თავი XV
XV
„კაცია და გუნებაო“
ეს მოხდა მარტის დასაწყისში. გავიდა მარტი, გავიდა ლამაზი აპრილი და უფრო ლამაზი მაისი. დადგა თიბათვეც. კესოს ყვავილების ბაღი, გეგმის მიხედვით გაკეთებული, მოირთო, მოიკაზმა. ისე გალამაზდა წითლად მიხვეულ-მოხვეული გზებით, შიგადაშიგ დაყოფილი მწვანე მდელოებით, ყვავილების ფერადობით, რომ კაცის თვალი ვერ გაძღებოდა. ძლიერი ბუნება და ადამიანის შრომისმოყვარე ხელი თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, – „აბა ვინ ვის აჯობებს ამ ბაღის გალამაზებასა და შემკობაშიო“.
ერთსაც და მეორესაც თითქოს თავი არ დაეზოგათ და რაც მადლი ჰქონოდათ, სულ აქ დაეპნიათ, სულ აქ დაებღერტყნათ.
კესოს მეტისმეტად უხაროდა, რომ ასე კარგად, ასე ლამაზად აუსრულდა თავისი დიდი ხნის სურვილი. სანამ მთის იქიდან მზე ამოანათებდა თავის სხივს და თეთრ თოვლიან მთის წვერს ოქროს წყალს, ოქროს ჯავარს გადაასხამდა, კესო ჩაცმულ-დახურული ბაღში იყო ხოლმე ყოველ დღე და თითქმის საღამომდე, დიდ ბინდამდე არ ახსოვდა, რომ სახლში შესვლაც საჭიროა.
მთელი დღე დაჰგოგავდა ფერად ყვავილებსა და მწვანე მდელოებს შორის და ყოველ ყვავილს, ყოველ ახლად ამოხეთქილ ნერგს, ყოველ ახლად გამოკვანძულ კოკორს შეჰხაროდა, როგორც საყვარელი საყვარელს. თუ არავინ იყო, „გულის სიუხვისაგან“ დაუწყებდა ხოლმე გასაშლელად გაღიმებულ ყვავილს ალერსიან საუბარს, თითქოს მერცხალი თავის ბარტყებს ეჭიკჭიკებაო.
იშვიათად, ძალიან იშვიათად კი შეემთხვევოდა, რომ მის ბაღში სხვა არავინ ყოფილიყო: გიორგი იქ იყო და იქ! რაც უნდა ადრე გამოსულიყო ბაღში, გიორგი ან თოხით ხელში, ან ბარით, ან სასხლავით იქ დახვდებოდა ხოლმე.
გიორგიმ არჩილისა და კესოს სწავლებითა და ჩვენებით გააკეთა და დაჰკვალა ის ბაღი და გიორგისვე ებარა. არ მგონია, თავის ორ თვალს ისე გაჰფრთხილებოდა, როგორც ამ ბაღს უვლიდა და უფრთხილდებოდა. მტვერი რა არის, – მტვერს არ დაადენდა, არ შეარჩენდა ბალახსა და ფოთოლს.
არჩილი და კესო ძლიერ ემადლიერებოდნენ გიორგის და არაერთხელ უთქვამთ ერთმანეთისთვის, რომ „ორი-სამი კაცის საქმეს აკეთებს ეგ ერთი კაციო“.
არც გიორგი ემდუროდა თავის ბედს. პირიქით, უხაროდა კიდეც თავისი ბედი.
– „მე მეტი არაფერი მინდა-რაო“, – ამბობდა ხოლმე თავის გულში, როცა ასეთ რამეებზე ჩაფიქრდებოდა, – „გადამკიდებიან, ჯამაგირზე თქვი რამეო. რა ჯამაგირი მინდა!.. მე ისიც მყოფნის, რომ ყოველ დილას მზეს ვუყურებო“.
რა უნდოდა ამით ეთქვა გიორგის, გამოცნობა ძნელია. ეს კი სათქმელია, რომ როცა ბაღში მუშაობდა და ხასიათზე მოვიდოდა, სულ ერთსა და იმავე სიმღერას ღიღინებდა ხოლმე ხმადაბლა: „ეს სოფელი მიტომ მინდა, შენ გიყურო, ჩემო მზეო“, თითქოს სხვა არაფერი იცოდა, თითქოს სხვა არაფერი ენატრებოდა, არაფერი ეხარბებოდა ამ დედამიწის ზურგზე.
მართლაც თქმულა: „კაცია და გუნებაო“!