prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

ოთარაანთ ქვრივი — თავი XVII შინაარსი და გამარტივებული ტექსტი

ილია ჭავჭავაძე · პროზა

გამარტივებული სასწავლო გადმოცემა · AI-ის დახმარებით

თავი XVII

XVII

ზარი

არჩილმა თავის ოთახში აატანინა გიორგი და თავის ლოგინზე დააწვენინა. მაშინვე კაცი გაგზავნა მკურნალის მოსაყვანად ახლომდებარე ქალაქიდან. ორი-სამი კაცი კიდევ სხვადასხვა სოფლებში გაგზავნა, რომ შინაური მკურნალებიც მოეწვიათ, ვინც კი ცნობილი იყო და შინაკაცებმა დაუსახელეს.

იმავე სოფელშიც იყო ერთი სახელგანთქმული მკურნალი – ოფოფაანთ დემეტრე. ისიც დაიბარეს და ნახევარ საათსაც არ გაუვლია, დემეტრე ჩამოვიდა.

გასინჯა დემეტრემ გიორგი. კარგა ხანს სინჯა, კარგა ხანს იქნევდა თავს და ბოლოს უთხრა არჩილს:

„არა, ბატონო!.. მე მაგას ხელს ვერ მოვკიდებ. ეგ ამქვეყნიური აღარ არის. მისი ბედი ეს ყოფილა...“

„ერთი სცადე... თუ ღმერთი გწამს, ხელი დაადე... რაც გინდა მთხოვე და მაგის ცოდვას კი ნუ დაატრიალებ ჩემს სახლში, ჩემს თავზე!..“

ეხვეწებოდა, ევედრებოდა არჩილი, რომელიც იმ უბედური წამიდან აღარ მოშორებია გიორგის: გიორგის ლოგინთან დაჩოქილიყო, მომაკვდავის ცივი ხელი თავის ხელისგულზე დაედო და თვითონაც არ იცოდა, რისთვის უზელავდა ხელით ხელს.

„ტყუილი წვალებაღა იქნება უბედურისა. სჯობს უწვალებლად მიაბაროს სული,“ – მიუგო დემეტრემ. „ამაღამ, – დიდი საქმეა, – თუ გაატანა: შიგნით ყველაფერი ჩამონგრეული აქვს.“

„მერე ცოდო არ არის ასეთი ბიჭი მოკვდეს!..“ – წამოიძახა გულამოსკვნით არჩილმა და თავი ჩაჰკიდა დიდი მწუხარებით.

„ჰაი, ჰაი, რომ ცოდოა!..“ – დაიღმუილა ვიღაცამ ტირილის ხმით.

ყველამ იქით მიიხედა, საიდანაც ეს ხმა მოვიდა და ბნელ კუთხეში არჩილის მეწისქვილე კი დაინახეს. ამ მოხუც კაცს შეეტყო ეს ამბავი, მოვარდნილიყო, შეპარულიყო ოთახში, სადაც გიორგი ესვენა და ბნელ კუთხეში მობუზული ჩუმად ქვითინებდა, თითქოს ეშინოდა, არავინ გამიგოსო...

„არ გებრალები, ჩემო სოსიავ, რომ ასეთი ცოდვა დატრიალდა ჩვენს ოჯახში!..“ – შესჩივლა არჩილმა მეწისქვილეს, რაკი მწუხარების მოზიარე იგულვა, თითქოს ამით მწუხარების გაქარვებას ცდილობდა.

„ოღონდაც, ბატონო, ოღონდაც!..“ – წაიქვითინა ახლა უკვე ხმამაღლა მეწისქვილემ, რაკი გული ვეღარ შეიმაგრა... „ვაი მაგის დედის ბრალი, ვაი!..“

მხოლოდ ახლა, მეწისქვილის ხსენებამ მოაგონა არჩილს ოთარაანთ ქვრივი. ამ ვაი-ვაგლახში აღარავის გახსენებოდა, შვილის ამბავი დედისთვისაც შეეტყობინებინათ.

ოთარაანთ ქვრივმა ჯერ არაფერი იცოდა.

არჩილი მეტად შესწუხდა, არ იცოდა, რა გზით და როგორ გაემჟღავნებინა დედისთვის. ამის ფიქრსა და წუხილში იყო, რომ გიჟივით გაფეთებული შემოვარდა კესო, უკვე მოსულიერებული. კესოს ცოცხალი ფერი არ ედო.

„როგორ არის, არჩილ, როგორ?“ – ჰკითხა აჩქარებით ძმას და მაშინვე გიორგის ლოგინთან მიიჭრა.

„შენი მტერიმც ნუ ყოფილა ასე!..“ – ძლივს-ძლივს წაიდუდუნა ძმამ.

კესომ დაჰხედა გიორგის. გიორგი გვერდზე დაეწვინათ, ისე რომ სახე კესოსკენ ჰქონდა. კესომ ნახა, რომ ეს ძლიერი ახალგაზრდა კაცი ძლივსღა სუნთქავდა... კესოს მტკივნეულად შეეკეცა შუბლი... მიიფარა ორივე ხელი ორივე თვალზე და, თითქოს მოგუბებული ცრემლი უკან უნდა დაებრუნებინაო, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, თვალებს ხელების მოუშორებლად ჭმუჭვნა და სრესა დაუწყო.

„კესო, ნუ შევატყობინებთ დედას?“ – ჰკითხა ძმამ.

„როგორ თუ ნუ? შვილი მოვუკალით და არც კი ვატყობინებთ, – რომ სულთმობრძავს მაინც მოუსწროს, სული დედის კალთაში მაინც დალიოს...“ – მოსთქვამდა ქვითინით კესო.

„მე აღარაფერი მესმის,“ – უთხრა ძმამ. „ამ საცოდაობამ გამაშტერა. აღარც ჭკუა მერჩის, აღარც ხელ-ფეხი!.. დაბნეული ვარ.“

გაგზავნეს დედასთან ბიჭი. მალე მოვიდა ოთარაანთ ქვრივი. თუმცა ფეხაჩქარებით, მაგრამ ისე მშვიდად შევიდა გიორგის ოთახში, თითქოს შეტყობინება არაფრად შეუმჩნევია და აზრად არ მოსდიოდა. მხოლოდ სახე თითქოს უფრო ჩამოსჭკნოდა, წარბებშუა შუბლი ორ-სამ ნაოჭად ჩაჰნაოჭებოდა და ზაფრანისფერი ედო.

მასთან გაგზავნილი ბიჭი კი გოგო-ბიჭებში ლაპარაკობდა, რომ „შეტყობინება ვუთხარი თუ არა, ეს ვეება ქალი კინაღამ თავზე არ წამომექცაო.“

„რა გატირებს, ჩემო კარგო!..“ – უთხრა გზადაგზა გიორგისკენ მიმავალმა დედამ მტირალ კესოს. „განა სატირლადაც გახდა საქმე!..“

ხმა არავინ გასცა რიდისა და მოკრძალების გამო. ზარი დიდი იყო!.. ოთარაანთ ქვრივი მივიდა შვილის ლოგინთან და რა დაჰხედა ცოცხალ-მკვდარ შვილს, ერთი საშინელი შემოიკრა თავში ხელი და იქვე მუხლი მოეჭრა და ჩაიჩოქა.

ხმაგაკმენდილ ოთახში ენა ვეღარავინ დასძრა, ასოც ვეღარავინ შეატოკა.

მხოლოდ ერთადერთი სანთლის ალი თრთოდა ლოგინის თავში, სხვა ყველა სულიერი თითქოს გაქვავდნენ, თითქოს მარილის სვეტებად გადაიქცნენო.

დადუმდა, შეჩერდა ყველა და მხოლოდ დედა-შვილობის საცოდაობა თავისი დიდებული ზარით ღაღადებდა უთქმელად, უტყვად, ხმის ამოუღებლად.

ამას მხოლოდ გულის თვალი თუ ხედავდა და გულის ყური თუ ისმენდა!.. ხორციელი სმენა, ხორციელი ხედვა ამისთვის უძლურია.

მთავარი დეტალები და რთული სიტყვები

თავი XVII

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

გამარტივებული ვერსია: prep.ge, AI-ის დახმარებით. ეს სასწავლო გადმოცემაა და არა ავტორის ორიგინალი ან აუცილებლად მოკლე შეჯამება. ზუსტი ფორმულირებები შეადარე ორიგინალს. საფუძველი — ილია ჭავჭავაძე. ორიგინალის წაკითხვა.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.