თავი XXII
XXII
წყევა-კრულვიანი საკითხავი
გათენდა შობა დღე. ჯერ თითქმის კარგადაც არ გათენებულიყო, რომ მინდვრის ფარეხებიდან ორმა მეცხვარე თუშმა ოთხიოდე ჭედილა და ხუთიოდე თოხლი წინ გამოეგდოთ და სოფელში მიერეკებოდნენ, – ბედნიერი დღეა და გათენდა, იქნება გავყიდოთო. ძალიან ციოდა. ცხვრები ნელა მიდიოდნენ თოვლიან გზაზე და თავისებურად აქანავებდნენ დუმებს. მეცხვარეებს ისე სციოდათ, რომ შეცივებული ხელები გულზე გადაეჯვარედინებინათ და უბეში ეწყოთ, კომბლები კი იღლიაში ჰქონდათ ჩარჭობილი, წინ გამოშვერილები.
გზა სოფლის სასაფლაოს ბოლოზე მოდიოდა და აქედან უხვევდა სოფლის ვიწრო ბილიკისკენ. მოვიდნენ ამ გზაზე თუ არა, სასაფლაოდან ერთი ღმუილი შემოესმათ.
– ეს რა ღმუის? – იკითხა ერთმა.
– კაცო, აფთარი არ იყოს და არ თხრიდეს ვინმეს საფლავს. გავაფრთხოთ, მადლია, – თქვა მეორემ და წელიდან დამბაჩა გაიძრო და გაისროლა.
ღმუილი ცოტა ხანს შეწყდა დამბაჩის ხმაზე, მაგრამ ისევ მალე მოისმა. ახლა კი ღმუილს წკავწკავიც დაემატა.
– აბა ერთი ვნახო... – თქვა ერთმა მათგანმა და გასწია სასაფლაოსკენ.
შორი-ახლოს მიუახლოვდა ხმას და დაინახა, რომ ძაღლი წამოსკუპებული იჯდა ვიღაცის საფლავზე, უკანა ფეხებზე ჩამჯდარიყო და წინა ფეხებზე დაყრდნობილი, სოფლისკენ პირმიქცეული, საცოდავად ღმუოდა.
გაუკვირდა მეცხვარეს. მივიდა ახლოს და ელდა ეცა. ძაღლის ზურგს უკან მკვდარი დაინახა: საფლავზე განივრად გადაქცეულიყო, ფეხები აქეთა მხარეს მიწაზე ებჯინა თითის წვერებით და ორივე ხელი იქითა მხარეს გადაეკიდნა, თითქოს უნდოდა მთელი საფლავი ქვითა და მკვდრით ერთიანად გულში ჩაეკრაო.
ელდაშეპყრობილმა თუშმა დაუძახა ამხანაგს. ამხანაგმა ხმა არ გასცა. ვიწრო ბილიკზე შეესწრო და ძახილი ვერ მისწვდა.
გამობრუნდა თუში, ნანახით გაოცებული.
– აქ რამ მოიყვანა ამ ყინვაში და რამ მოკლაო? – ფიქრობდა გზადაგზა.
თავის ამხანაგს რომ დაეწია, უამბო ნანახი.
– დახე, ძაღლი პატრონს არ მოშორებია! – წამოიძახა ამხანაგმა. – დალოცვილი ცხოველია. ბარაქალა ძაღლო, ბარაქალა!..
მეცხვარემ და განსაკუთრებით თუშმა იცის ამ ერთგული და მართლა საქებარი ოთხფეხა ცხოველის ფასი...
შეატყობინეს სოფელს. თუმცა შობის დღე იყო, მაინც დიდი და პატარა, კაცი და ქალი შეიკრიბა და სასაფლაოს მიაწყდა.
ის მკვდარი ოთარაანთ ქვრივი აღმოჩნდა, ის საფლავი – განა თქმაღა უნდა – გიორგის საფლავი იყო... ის ძაღლი... მაგრამ ძაღლს ვინღა იკითხავს?
აურზაური და ყაყანი ატყდა. ზოგი რას ამბობდა, ზოგი რას. განა არ იყო სალაპარაკო? ლაპარაკი გაიბა... ჭორაობაში დაავიწყდათ, რომ მკვდარს პატრონობა სჭირდებოდა. ყველას ის უნდოდა, – ერთი გავიგო, ვინ რას ამბობს, და სადაც ჯგუფს დაინახავდა, ან ლაპარაკის ხმაურს ყურს მოჰკრავდა, იქ გარბოდა და მიეშურებოდა.
– გატყდა ეს რკინის ქალიცო, – ამბობდნენ ზოგიერთები, – ეს ფესვმაგარი ხეც წაიქცაო.
– დედისერთა შვილის დაკარგვა ძნელია, მით უმეტეს რა შვილისა! – იძახოდნენ ქალები, – აკი ეს გაუტეხელი ქალიც გატეხა და გაანადგურაო.
ბევრს ეცოდებოდა ასე დასრულებული ოთარაანთ ქვრივი. დამტირებელი კი არავინ იყო. ძნელია ასე წასვლა ამქვეყნიდან. მაგრამ რა? ვინც მოკვდა, თავის თავს მოუკვდაო, იტყვიან ხოლმე გლეხები. განა მართალი არ არის!
არა, – ზოგჯერ მართალი არ არის. აქ იყო ერთი კაცი, რომელსაც მოუკვდა ოთარაანთ ქვრივი!.. ეს იყო სოსია მეწისქვილე. თითქმის ოცდაათი წელია ამ ქალზე გული შევარდნილი ჰქონდა. ჯერ გაუთხოვარი ყოფილა, უთხოვია და უარი უთქვამთ. იმ დღიდან დღემდე, სხვა არავინ მონდომებია, გული აღარავისზე მისვლია.
როცა ოთარაანთ ქვრივი დაქვრივდა, მაშინ ერთხელ კიდევ გაუელვა თურმე გუნებაში მისი ცოლად მოყვანის იდეამ, მაგრამ თავის გულში თქვა:
– მაგას ისეთი ქმარი მოუკვდა, რომ მე ფეხის ჩლიქადაც არ ვეკადრებოდი... ვეღარ შევბედავ, ვეღარა!..
თქვა და ახლოსაც თურმე აღარ გაუვლია, ოთარაანთ ქვრივის რიდისა და კრძალვის გამო.
სოსია მეწისქვილეს ახლა ორივე მუხლი მოეყარა უსულო ოთარაანთ ქვრივის წინ. მისი მკვდარი ხელი ხელში ეჭირა და ჩუმად ქვითინებდა.
– ადე, რას ღმუი უპატრონო ძაღლსავით! – დასცინა მოხუცს ახალგაზრდა გლეხმა ბიჭმა ამხანაგების გასამასხარავებლად. – შენც თითქოს მარაქაში ერევი... შენი რაო?
– ნუ ამბობ მაგას, ჩემო მამავ და შვილო! – უპასუხა თავისებურად ტკბილად მოხუცმა ტირილის ხმით, – სხვა სხვის ომში ბრძენიაო...
იქნებ კიდევ ეთქვა რამე სოსიას, მაგრამ ამ დროს ხელდახელ გაკეთებული საკაცეც მოიტანეს და რომ მივიდნენ მკვდრის ასაწევად და საკაცეზე დასადებად, ვიღაცამ წაიბორძიკა მეწისქვილის ფეხზე და ითაკილა.
– ეს ვინღა ოხერია, ფეხებში გვედებაო! – თქვა წაბორძიკებულმა და, ძლიერად წაჰკრა რა ფეხი ბერიკაცს, დააყოლა: – წადი, იქით გაეთრიეო.
დაბნეული ბერიკაცი გადაიქცა თოვლზე. როგორც იყო წამოდგა და როცა ტყავის კალთებს თოვლისგან იბერტყავდა, უთხრა ხელის მკვრელს:
– ცოცხალზე არ გამახარა წუთისოფელმა და მკვდარზედაც აღარ მატირებთო!.. ცოდო ვარ, შვილო, ცოდო!
მართლა, რომ ცოდოა!..
მაგრამ სხვა ვინ არ არის ცოდო?
ერთიც ეს არის რთული და წყევა-კრულვიანი საკითხავი ამ უთავბოლო და უსწორმასწორო წუთისოფელში.