prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

ოთარაანთ ქვრივი — თავი V შინაარსი და გამარტივებული ტექსტი

ილია ჭავჭავაძე · პროზა

გამარტივებული სასწავლო გადმოცემა · AI-ის დახმარებით

თავი V

– V –

დედა-შვილობა

იმ დროს, როცა ჩვენს მოთხრობას ვიწყებთ, ოთარაანთ ქვრივის შვილი გიორგი ოცდაერთი წლის ბიჭი იყო. ერთი ჯმუხი (მკაცრი შესახედაობის) და ძარღვიანი ახალგაზრდა კაცი დადგა. კუპრსავით შავი და კარგად დაკოკრებული (მოვლილი) წვერ-ულვაში ლამაზად უხდებოდა მის შავგვრემან და მოხდენილად მოყვანილ სახეს. გარეგნულად მეტად სანდომიანი და მარილიანი (მიმზიდველი) იყო, და უფრო უკეთესი იქნებოდა, რომ მისი დიდრონი ქორული (ქორისებრი) თვალები ცოტა მრისხანედ არ გამომეტყველებულიყო. თვალების გამომეტყველების სიმკაცრეს აძლიერებდა გადაბმული წარბები. ეს სახის მიმზიდველობას ბევრს უშლიდა. ამის გამო კაცი უნებურად თვალს მოარიდებდა პირველი შეხედვისას. მაგრამ რაც უფრო დააკვირდებოდით მის სახესა და თვალებს, მით უფრო და უფრო მოგეწონებოდათ გიორგი. იშვიათად იცოდა ღიმილი, მაგრამ როცა კი გაიღიმებდა, თვალი ზედ დაგრჩებოდათ, ისე უხდებოდა ღიმილი. ტანადაც ერთი ბრგე (გამძლე) კაცი იყო, მარჯვედ მოყვანილი და კარგად ჩასხმული (კარგად აღნაგობის).

კოხტად და ფაქიზად (გულდასმით) ჩაცმა-დახურვა უყვარდა. მისი ყაითნებით (აბრეშუმის ზონრებით) მორთული საცვეთები (შარვალი), ჭრელი წინდები და ლამაზად გაწყობილი ფეხზე ქალამანი რომ გენახათ, მაშინ დაიჯერებდით, რომ ჩვენებურ გლეხის ფეხსაცმელსაც თავისი სილამაზე აქვს.

ბაზარში რომ გაივლიდა, იტყოდნენ ხოლმე: „ერთი დოინჯის შემოყრა-ღა აკლია, თორემ თავადიშვილია და თავადიშვილიო.“

ბევრ სოფლის საპატარძლო ქალებს თვალი დარჩენია გიორგიზე, ბევრს შევარდნია გული, ბევრს ჩასახვია გულში მისი სურვილი. გიორგის კი არავინ აინუნშიაც (არაფრად) არ მოსდიოდა... ტოლ-ამხანაგობას აგრერიგად (ძალიან) არ ეწყობოდა. და თუ როგორმე ჩაერეოდა, პირველობას ყველგან ამას უთმობდნენ.

მუშაობაში ხომ მთელ სოფელში ამას სწორი თითქმის არ ჰყავდა.

„ერთი გიორგის ხელეური (ნამუშევარი) მთელ ძნად (დიდ გროვად) შეიკვრისო,“ – ამბობდნენ გლეხკაცები: – „ბარს დაჰკრავს, ბარს, ასე გგონია დედამიწა უნდა შუაგულამდე ჩაანგრიოსო. მარტოხელა ძნის ურემს დაუდებს და შინ მოიტანსო. რაკი საქმეს დაადგება, ზედ შეელევა (თავს შეალევს), სანამ თვითონ საქმეს არ შეჰლევს (არ დაასრულებს)ო. საქმის გულით ამყოლია (გულმოდგინეა) და ბოლომდე გამტანიო.“

ბევრს ამისთანებს ლაპარაკობდნენ გიორგიზე სოფელში და მუშაკაცობის სახელი გავარდნილი ჰქონდა.

„ძალიან ხელგამომავალი (შრომისმოყვარე) ბიჭიაო,“ – ამბობდა ხოლმე მისი დედა, – „დიდი მშრომელი, მაგრამ გარდაცვლილსავით გულღია და გულმხიარული არ არისო. ის გარდაცვლილი ისე შეეჭიდებოდა საქმეს, თითქოს ქეიფსა და ლხინშიაო. ესეც იმისავით გულმოდგინეა, დაუზარებელი, ხელმართალი (სწორად მომუშავე), მაგრამ ძნელად თუ სადმე წარბს გაიხსნის და საქმეს შესცინებსო, – სულ პირდაღრეჯილია (პირქუშია) და წარბშეკრულიო.“

თუმცა ასეთი იყო გიორგი, მაგრამ თავისი დედის ყურმოჭრილი ყმა (მორჩილი მსახური) იყო თითქმის. მის უნებურს (სურვილის საწინააღმდეგოს) თავის დღეში არ ინდომებდა. თუმცა კარგად მოზრდილი იყო, მაგრამ გიორგი სახლსა და ოჯახში ბატონობას არ შეეცილა დედას. გვგონია, პირველობას და უფროსობას არც კი დედა დაუთმობდა, თუმცა შვილი გაგიჟებით უყვარდა. ან რა საჭირო იყო? ვაჟკაცს არ შეეძლო ოჯახის მოვლა ისე, როგორც ოთარაანთ ქვრივს.

ამათს დედა-შვილობას ბევრი შეჰნატროდა (შენატროდა). დედაც ამაყად უყურებდა შვილს. დედამიწის ზურგზე იმის მეტი სიხარული და ლხენა არაფერი ჰქონდა, რომ შვილისთვის ეცქირნა, შვილისთვის ეცოცხლა. „შენი ვარ, შენთვის მოვკვდები, შენთვის დავიცემ დანასაო,“ – იტყოდა ხოლმე თავის გულში დედა, როცა შვილს სამუშაოდან მომავალს დაინახავდა.

ხომ ასე იყო, მაგრამ თავის დღეში არავისთვის შეუტყობინებია, რომ შვილი ასე გაგიჟებით უყვარს. შვილსაც კი უმალავდა თავის გულისნადებს (გულის საიდუმლოს). მარტო ეს კი იყო, რომ შვილთან ტკბილი ლაპარაკი იცოდა. თავის დღეში არ გაუჯავრდებოდა, თავის დღეში ცუდი სიტყვით არ მოიხსენიებდა, თუმცა ხშირად კი სტუქსავდა (საყვედურობდა). შვილი, რომელიც სხვისგან თავზე ფრინველსაც არ გადიფრენდა და ფეხქვეშ ჭიანჭველასაც არ გაიტარებდა, დედას თავის დღეში სიტყვას არ შეუბრუნებდა, რაც უნდა ძლიერ ეტუქსნა.

„მართალია და იმიტომაო,“ – იტყოდა ხოლმე თავისთვის გიორგი, – „ბრალი ჩემია და ტუქსვაც ჩემზე ახიაო (მე მეკუთვნის).“

არც ერთხელ არ ახსოვს გიორგის, რომ დედას უმიზეზოდ, ტყუილუბრალოდ დაეტუქსოს. რაკი ჩაუფიქრდებოდა ტუქსვას, მაშინვე გულს დააჯერებდა, რომ დედა მართალია. მართალს შეჩვეულს თვითონაც მართალი უყვარდა. ღალატი და არმობა (უსამართლობა) ისე გააწიწმატებდა ხოლმე, რომ თუ საჭირო იყო, ხელსაც გამოიღებდა, ჩხუბს ატეხდა, თავს გამოიდებდა (თავს გაწირავდა). ჯერ კიდევ ბავშვობაში მოუხდა ამისთანა საქმე და აქამდე ახსოვდა. ახსოვდა იმიტომ, რომ დედისგან ტუქსვას, შერისხვას (გაკიცხვას) მოელოდა, და ამის მაგიერ დედამ კი მოუწონა.

ერთხელ – ჯერ გიორგი ათი-თორმეტი წლისა ძლივს იქნებოდა – ერთმა დიდმა ბიჭმა თავისზე პატარა ბიჭს ქამრის ღილები მოატყუა. მოტყუებული ბავშვი ტირილით იჭაჭებოდა (წვალობდა) და ის კი ღილებს არ უბრუნებდა. გიორგიც მაშინ იქ ყოფილიყო და ბავშვებთან თამაშობდა თურმე. ყური მოჰკრა ბავშვის გულამომჯდარ ტირილს. შეიტყო მიზეზიც და აემღვრა პაწაწა გული. დაანება თავი თამაშობას და მივარდა ღილების დამჩემებელს (მიმთვისებელს): „მიეცი, რას ემართლებიო (რას უბედავ)“. იმან ხელი ჰკრა მეტიჩარასათვის (თავხედისთვის) და გადააქცია. გიორგი წამომხტარიყო და ქვა დაეშინა. მივარდნოდა ურჩი ბიჭი, ხელახლა წაექცია გიორგი და ცემა დაეწყო. მოშველებოდნენ გიორგის სხვა ამხანაგები, ამოედოთ ქვეშ გიორგის მცემელი, წაერთმიათ ღილები და კარგადაც დაეზილათ (სცემეს). თუმცა პატარა ბავშვს დაუბრუნეს წართმეული ღილები, მაგრამ გიორგი კი კარგად იყო ნაცემი. ცხვირი გაეტეხათ და სისხლი სდიოდა. წითელი გულისპირი (პერანგის წინა ნაწილი) სულ ჩამოეფხრიწათ.

ცხვირ-პირ-დასისხლიანებული გიორგი, გულისპირ-ჩამოგლეჯილი რომ შინ მიუვიდა დედას, ელდა ეცა (შეშინდა).

„ეგ რა არის, შვილო, მაჩვენე ერთი რა გაქვს გატეხილი?“

„კუპრაანთ თედომ მცემა.“

„რადა?“

„თედოს მანასაანთ გოლასთვის ქამრის ღილები წაერთმია. ჩვენ უკანვე გვინდოდა გამოგვერთმია და ჩხუბი მოგვივიდა. მომერია, ის დიდია, მე პატარა.“

„მერე წაართვით?“

„წავართვით.“

„რა უყავით?“

„ისევ გოლას მივეცით.“

დედას იამა და შუბლზე წარბი გაეხსნა (გაუხარდა).

„ნუ გეშინია, ცხვირი გაგიკაწრავს ცოტათი, გაიზრდები, დაგავიწყდება,“ – უთხრა შვილს.

„არ დამავიწყდება. დაიცა ერთი გავიზარდო! მე ვუჩვენებ, – ცემა როგორც უნდა.“

დედამ შვილი გულში ჩაიკრა.

„სულ გარდაცვლილი მამაა, გარდაცვლილი მამა,“ – გაიხარა დედამ, – „უი, შენ კი გენაცვალოს დედაშენი, ჩემო საქებარო და სადიდებელო!“

ეს გულში თქვა და გულშივე შეინახა, შვილს ხმამაღლა არაფერი უთხრა. ხოლო ცხვირ-პირი რომ დაჰბანა და მოალამაზა, ეს დაამატა:

„აი, ჩემო კარგო, ახლა უფრო ლამაზიც ხარ და! წადი, შვილო, ითამაშე, ახლა უფროც მოგიხდება. ტიროდა განა გოლა?“

„მაშ?“

„გაუხარდა ღილები?“

„მაშინვე დადუმდა, აღარ ტიროდა.“

პატარა გიორგი გამოჰწკრინდა (გაიქცა) თავისი ტოლ-ამხანაგებისკენ სათამაშოდ.

დედამ უყურა, უყურა გამალებულ (გახარებულ) შვილს და როცა თვალთაგან მიეფარა, თქვა:

„უი, შენ კი გენაცვალე! მამაც კარგი გყავდა და არც შვილი იქნები უარესიო.“

მთავარი დეტალები და რთული სიტყვები

თავი V

შენარჩუნებული მთავარი დეტალები

  • ოთარაანთ ქვრივისთვის ქმრის იარაღი ყველაზე ძვირფასი განძია.
  • ქვრივი ყოველ კვირას წმენდს იარაღს, თან ტირის და ქმარს იგონებს.
  • თევდორეს ანდერძი: ქვრივმა იზრუნოს გიორგიზე, შეუნახოს იარაღი და არ დანებდეს ცხოვრებას.
  • ქვრივი ერთგულად ასრულებს ანდერძს, არ თხოვდება და მთელ სიცოცხლეს შვილს უძღვნის.
  • გიორგი გაიზარდა შრომისმოყვარე, ძლიერ და მკაცრი შესახედაობის ვაჟკაცად.
  • გიორგი დედის მორჩილია, თუმცა დედა მას ხშირად საყვედურობს.
  • გიორგის ბავშვობაში მომხდარი ამბავი, როცა უსამართლობას ებრძვის და დედა ამას უწონებს.
  • დედის უპირობო სიყვარული შვილის მიმართ, რომელსაც გულში ინახავს.

რთული სიტყვების განმარტება

სასწრაფო
დენთის საზომი
საპირისწამლე
დენთის შესანახი
სადედაბეროდღა
სიბერისთვის
დედაბოძი
მთავარი საყრდენი
ფანდი
მარჯვე, მოხერხებული
ტოლდასადები
თანასწორი
ყვირილობის თვე
ირმის ყვირილის თვე (შემოდგომა)
ზარიანი
ხმამაღალი
სააქაო
ამქვეყნიური
გაისარჯე
იბრძოლე, იშრომე
ხაზინიანი
ძვირფასი, განძივით
ეშმაკის კერძად
ეშმაკის საცდურად

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

გამარტივებული ვერსია: prep.ge, AI-ის დახმარებით. ეს სასწავლო გადმოცემაა და არა ავტორის ორიგინალი ან აუცილებლად მოკლე შეჯამება. ზუსტი ფორმულირებები შეადარე ორიგინალს. საფუძველი — ილია ჭავჭავაძე. ორიგინალის წაკითხვა.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.