prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

ოთარაანთ ქვრივი — თავი V

ილია ჭავჭავაძე · პროზა

– V –

დედა-შვილობა

იმ დროს, როცა ჩვენს მოთხრობას ვიწყებთ, ოთარაანთ ქვრივის შვილი გიორგი ოც-და-ერთის წლის ბიჭი იყო. ერთი ჯმუხი და ძარღვიანი ყმაწვილი კაცი დადგა. კუპრსავით შავი და კარგად დაკოკრებული წვერ-ულვაში ლამაზად უხდებოდა მის შავგვრემანს და მოხდენილად მოყვანილს სახესა. თვალადობით მეტად სანდომიანი და მარილიანი იყო, და უფრო უკეთესი იქნებოდა, რომ მისი დიდრონი ქორული თვალები ცოტა მრისხანედ არ გამომეტყველებოდნენ. თვალთა მეტყველების ჭექას აძლიერებდა გადაბმული წარბები. ეს მარილიანობას სახისას ბევრს უშლიდა. ამის გამო კაცი უნებურად თვალს მოარიდებდა პირველ თვალის მოსწრებაზედ. ხოლო რამდენსაც უფრო დააკვირდებოდით მის პირისახეს და თვალებსა, უფრო და უფრო მოგეწონებოდათ გიორგი. იშვიათად იცოდა ღიმილი, მაგრამ როცა კი გაიღიმებდა, თვალი ზედ დაგრჩებოდათ, ისე უხდებოდა ღიმილი. ტანადაც ერთი ბრგე კაცი იყო, მარჯვედ მოყვანილი და კარგად ჩასხმული.

კოხტად და ფაქიზად ჩაცმა-დახურვა უყვარდა. იმისი ყაითნებით მორთული საცვეთები, ჭრელი წინდები და ლამაზად გაწყობილი ფეხზედ ქალამანი რომ გენახათ, მაშინ დაიჯერებდით, რომ ჩვენებურ გლეხის ფეხსაცმელსაც თავისი სიტურფე და სილამაზე აქვს.

ბაზარში რომ გაივლიდა, იტყოდნენ ხოლმე: ერთი დოინჯის შემოყრა-ღა აკლია, თორემ თავადიშვილია და თავადიშვილიო.

ბევრს სოფლის საპატარძლო ქალებს თვალი დარჩენია გიორგიზედ, ბევრს შევარდნია გული, ბევრს ჩასახვია გულში იმისი სურვილი. გიორგის კი აინუნშიაც არავინ მოსდიოდა... ტოლ-ამხანაგობას აგრე-რიგად არ ეწყობოდა. და თუ როგორმე ჩაერევოდა, პირველობას ყველგან ამას უთმობდნენ.

მუშაობაში ხომ მთელს სოფელში ამას სწორი არა ჰყვანდა თითქმის.

– ერთი გიორგის ხელეური მთელ ძნად შეიკვრისო, - ამბობდნენ გლეხკაცები: - ბარს დაჰკრავს, ბარს, ასე გგონია დედამიწა უნდა შუაგულამდე ჩაანგრიოსო. მარტოხელი ძნის ურემს დაუდებს და შინ მოიტანსო. რაკი საქმეს დაადგება, ზედ შეელევა, მინამ თითონ საქმეს არ შეჰლევსო. საქმის გულით ამყოლია და ბოლომდე გამტანიო.

ბევრს ამისთანაებს ლაპარაკობდნენ გიორგიზედ სოფელში და მუშაკაცობის სახელი გავარდნილი ჰქონდა.

– ძალიან ხელგამომავალი ბიჭიაო, - ამბობდა ხოლმე ამისი დედა, - დიდი გამრჯელი, მაგრამ ცხონებულსავით გულღია და გულმხიარული არ არისო. ის ცხონებული ისე შეეჭიდებოდა საქმეს, თითქო ღრეობასა და ლხინშიაო. ესეც იმისავით გულმოდგინეა, დაუზარებელი, ხელმართალი, მაგრამ ძნელად თუ სადმე წარბს გაიხსნის და საქმეს შესცინებსო, - სულ პირდაღვრემილია და წარბშეკრულიო.

თუმცა ასეთი იყო გიორგი, მაგრამ თავისის დედის ყურმოჭრილი ყმა იყო თითქმის. მის უნებურს თავის დღეში არ ინდომებდა. თუმცა კარგა მოზრდილი იყო, მაგრამ გიორგი სახლსა და ოჯახში ბატონობას არ შეეცილა დედასა. გვგონია, პირველობას და უფროსობას არც კი დედა დაუთმობდა, თუმცა შვილი გაგიჟებით უყვარდა. ან რა საჭირო იყო? ვაჟკაცს არ შეეძლო ოჯახის მოვლა ისე, როგორც ოთარაანთ ქვრივსა.

ამათს დედა-შვილობას ბევრი შეჰნატროდა. დედაც შეჰხაროდა თავმოწონებით შვილსა. დედამიწის ზურგზედ იმის მეტი სიხარული და ლხენა არა ჰქონდა-რა, რომ შვილისათვის ეცქირნა, შვილისათვის ეცოცხლნა. „შენი ვარ, შენთვის მოვკვდები, შენთვის დავიცემ დანასაო“, იტყოდა ხოლმე თავის გულში დედა, როცა შვილს სამუშაოდამ მომავალს დაინახავდა.

ხომ ესე იყო, მაგრამ თავის დღეში არავისთვის შეუტყობინებია, რომ შვილი ასე გაგიჟებით უყვარს. შვილსაც კი უმალავდა თავის გულის-ნადებსა. მარტო ეს კი იყო, რომ შვილთან ტკბილი ლაპარაკი იცოდა. თავის დღეში არ გაუჯავრდებოდა, თავის დღეში ავის სიტყვით არ მოიხსენიებდა, თუმცა ხშირად კი სტუქსავდა. შვილი, რომელიც სხვისაგან თავზედ ფრინველსაც არ გადიფრენდა და ფეხქვეშ ჯიანჭველასაც არ გაიტარებდა, დედას თავის დღეში სიტყვას არ შეუბრუნებდა, რაც უნდა ძლიერ ეტუქსნა.

– მართალია და იმიტომაო, - იტყოდა ხოლმე თავისთავად გიორგი, - ბრალი ჩემია და ტუქსვაც ჩემზედ ახიაო.

არც ერთხელ არ ახსოვს გიორგის, რომ დედას უმიზეზოდ, ტყუილ-უბრალოდ დაეტუქსოს. რაკი ჩაუფიქრდებოდა ტუქსვას, მაშინვე გულს დააჯერებდა, რომ დედა მართალია. მართალს შეჩვეულს თითონაც მართალი უყვარდა. ღალატი და არმობა ისე გააწიწმატებდა ხოლმე, რომ თუ საჭირო იყო, ხელსაც გამოიღებდა, ჩხუბს ასტეხდა, თავს გამოიდებდა. ჯერ კიდევ ბალღობაში მოუხდა ამისთანა საქმე და აქამდე ახსოვდა. ახსოვდა იმიტომ, რომ დედისაგან ტუქსვას, შერისხვას მოელოდა, და ამის მაგიერ დედამ კი მოუწონა.

ერთხელ-ჯერ გიორგი ათი-თორმეტი წლისა ძლივ იქნებოდა - ერთს მოზრდილს ბიჭს თავისზედ პატარა ბიჭისათვის ქამრის ღილები დაეტყუვნა. მოტყუებული ბალღი ტირილით იჭაჭებოდა და ის კი ღილებს არ უბრუნებდა, გიორგიც მაშინ იქ ყოფილიყო და ბალღებთან ჰთამაშობდა თურმე. ყური მოჰკრა ბალღის გულამომჯდარ ტირილსა. შეიტყო მიზეზიცა და აემღვრა პაწაწა გული. დაანება თავი თამაშობას და მივარდა ღილების დამჩემებელს: მიეცი, რას ემართლებიო. იმას ხელი ეკრა მეტიჩარასათვის და გადაექცია. გიორგი წამომხტარიყო და ქვა დაეშინა. მივარდნოდა ურჩი ბიჭი, ხელახლად წაექცია გიორგი და ცემა დაეწყო. მოშველებოდნენ გიორგის სხვა ამხანაგები, ამოედოთ ქვეშ გიორგის მცემელი, წაერთმიათ ღილები და კარგადაც დაეზილათ. თუმცა პატარა ბალღს დაუბრუნეს წართმეული ღილები, მაგრამ გიორგი კი კარგად იყო დაბეგვილი. ცხვირი გაეტეხნათ და სისხლი სდიოდა. წითელი გულისპირი სულ ჩამოეფხრიწნათ.

ცხვირ-პირ-დასისხლიანებული გიორგი, გულისპირ-ჩამოგლეჯილი რომ შინ მიუვიდა დედას, ელდა ეცა.

– ეგ, რა არის, შვილო, მაჩვენე ერთი რა გაქვს გატეხილი?

– კუპრაანთ თედომა მცემა.

– რადა?

– თედოს მანასაანთ გოლასათვის ქამრის ღილები წაერთმია. ჩვენ უკანვე გვინდოდა გამოგვერთმია და ჩხუბი მოგვივიდა. მომერია, ის დიდია, მე პატარა.

– მერე წაართვით?

– წავართვით.

– რა უყავით?

– ისევ გოლას მივეცით.

დედას იამა და შუბლზედ წარბი გაეხსნა.

– ნუ გეშინიან, ცხვირი გაგიკაწრავს ცოტად, გაიზრდები, დაგავიწყდება, - უთხრა შვილს.

– არ დამავიწყდება. დაიცა ერთი გავიზარდო!.. მე ვუჩვენებ, - ცემა როგორც უნდა.

დედამ შვილი გულს ჩაიკრა.

– სულ ცხონებული მამაა, ცხონებული მამა, - გაიხარა დედამ, - უი, შენ კი გენაცვალოს დედა-შენი, ჩემო ქებავ და დიდებავ!

ეს გულში სთქვა და გულშივე დაიმარხა, შვილს ცხადლივ არა უთხრა-რა. ხოლო ცხვირ-პირი რომ დაჰბანა და მოალამაზა, ეს დაატანა:

– აი, ჩემო კარგო, ეხლა უფრო ლამაზიცა ხარ და!.. წადი, შვილო, ითამაშე, ეხლა უფროც მოგიხდება. ჰტიროდა განა გოლა?

– მაშ?

– გაუხარდა ღილები?

– მაშინვე დაჩუმდა, აღარა ჰტიროდა.

პატარა გიორგი გამოჰწკრინდა თავის ტოლ-ამხანაგებისაკენ სათამაშოდ.

დედამ უყურა, უყურა გამალებულს შვილსა და როცა თვალთაგან მიეფარა, სთქვა:

– უი, შენ კი გენაცვალე! მამაც კარგი გყვანდა და არც შვილი იქნები უარესიო.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — ილია ჭავჭავაძე.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.