prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

ოთარაანთ ქვრივი — თავი XVI

ილია ჭავჭავაძე · პროზა

XVI

ალბად!..

გავიდნენ კიდევ დღენი და თვენი. დადგა მაძღარი შემოდგომა. სოფელში გაიმართა ქვევრების რეცხვა, საწნახელების ხიზვა და წმენდა. ქარვასავით ჩაფერიანებული მსუქანი მტევნები თეთრის ყურძნისა, მაყვალსავით შავად შეკუნწლული საფერავის ვაზები იწვევდნენ პატრონებს დასაკრეფად, - მალეო, თორემ ვდუღვართ და გადმოვდივართო. დაიკრიფა ვენახებიც, დაიწურა ყურძენი, დაჰდუღდა მაჭრები. მისწყდა სოფელში ხმამაღალი სიმღერა საწნახელში ჩამდგარ და ხელი-ხელ გადაბმულ მუშებისა. მხიარულმა მაჭრობამ თავისი დრო მოიჭამა და მიჩუმდა, თითქო მოიღალა და მოიქანცაო.

მოვიდა შუაგული შემოდგომისა. სოფლის ორღობეებში დაიწყეს ჭრიჭინი მძიმედ დადებულ თივის ურმებმა. სოფელი ეშურებოდა ვენახებიდამ შინ თივის ზიდვას საქონლის გამოსაკვებად ზამთარში: ეშინოდათ თოვლს არ მოესწრო.

არჩილსაც ოთხი საძნე ურემი შეება, თივას აზიდვინებდა და შინ ეზოში, გომურის შორი-ახლო ბოძებზედ შემდგარს მაღალ სათივეზედ ადგმევინებდა, რომ საქონლის პირი არ მისწვდეს და არ გააფუჭოს.

მზე ჯერ მთას არ გადასცილებოდა ჩასასვლელად, იქ წვერზედ შემდგარიყო, თითქო ჰნანობს, - რას ვეშურები და ამ ლამაზ ქვეყანას ეგრე მალე რად ვეთხოვებიო. მშვიდობიანი, გრილ-სითბოიანი, მშრალი, უნესტო, უღრუბლო საღამო შემოდგომისა კუტსაც კი ფეხს აადგმევინებდა და გარეთ გამოახედებდა.

არჩილი და კესოც გამოსულიყვნენ სახლიდამ, ჩასულიყვნენ სათივესთან, იქ ერთს უშველებელ კუნძზედ ჩამომსხდარიყვნენ და უცქეროდნენ მუშებს, რომელნიც თივასა სდგამდნენ.

არჩილს უამისოდაც ძალიან უყვარდა მუშებში ყოფნა და იმათთან ლაპარაკი, ზოგჯერ ლაზღანდარობაც. კესოსათვის არა-ერთხელ უთქვამს, რომ მე იმათგან ზოგჯერ ჭკუასა და ხშირად ენასა ვსწავლობო.

ოთხი ურემი ოთხ-კუთხივ მოსდგომოდა სათივეს. სამი დაცლილი იყო და ერთიდამ-ღა აწვდიდნენ თივასა. შუა-სარი სათივისა ორ ადლზე-ღა ჰჩანდა და სათივე ვიწროზე ადიოდა თავის მოსაბმელად.

ამ დროს გიორგის თოხი მხარზე გაედო და მოდიოდა.

– პეტრე, აი პეტრე - დაუძახა შორიდამ თივის მდგმელს. - ბაღისაკენ გადახრილია ე თავი სათივისა; გვერდელად აგყავს, არ ივარგებს, გაასწორე.

– გიორგია. საიდამ იძახის? - იკითხა არჩილმა, რადგანაც იმ მხრივ, საიდამაც გიორგი მოდიოდა, არჩილს წინ ურემი ეფარა. ურმის გამო ვერც გიორგი დაინახავდა არჩილსა და კესოს, ვერც ესენი გიორგისა.

– საიდამ მოსდიხარ თოხით მხარზე? - ჰკითხა არჩილმა, როცა გიორგი ახლო მოვიდა და საღამო-მშვიდობისა უთხრა და-ძმასა.

– წყალი გადმოვარდნილიყო ამ ჩვენ პატარა ბაღში წისქვილის რუიდამ და იმის გადასაგდებად ვიყავი.

– რას იძახოდი?

– არაფერს. ცოტა თანაბრად ვერ ადის ვიწროდამ თივა, ავდრის წყალს დაიგუბებს და გაფუჭდება. ის დავუძახე პეტრეს, გაასწორე-მეთქი.

– აბა მაჩვენე.

არჩილი წამოდგა. გიორგი გაუძღვა და მეორე მხრიდამ შეახედა.

– მართალი ხარ, - უთხრა გიორგის არჩილმა, - პეტრე! გიორგი მართალს ამბობს, თავი ვერ ედგმის კარგად.

პეტრემ შუა-სარზედ ჩამობმულს წნელს მოჰკიდა ხელი და ეგრე ხელ-მომაგრებულმა გარშემო შემოუარა და ჩახედ-ჩამოხედა სიმრგვლივ სათივეს.

– აკი ღმერთი არ გამწყრომია! - დაიძახა პეტრემ. - გასწორება უნდა, მოდი, თუ ღმერთი გწამს, გიორგი. ერთი ამომეშველე, გავასწოროთ, თორემ მე მარტოკა დღეს მაგას ვეღარ მოვასწრობ და საქმის სახვალიოდ დაგდება კი მეზარება.

– კაცო-და ფეხი სად მოვიკიდოთ ორმა კაცმა მაგ ვიწროზედ? - ასძახა გიორგიმ.

– მაშ ნუ დამზარდები, შენის ღმერთის გულისათვის: მე ჩამოვალ და შენ ამოდი. მე მკლავებიდამ მოვწყდი, შენ შესვენებული ხარ, მალე გაასწორებ. აბა თუ ბიჭი ხარ, მადლს იზამ და მარილს მოაყრი.

– იცი კი დადგმა თივისა? - ჰკითხა კესომ ამჟამად აქ მოსულმა, - ამბობენ, მაგას ცოდნა უნდაო.

– ხელობა რა არის, ქალბატონო, - შეჰღიმა გიორგიმ. - განა სად გავიზარდე!..

– მაშ აბა! - უთხრა არჩილმა, - ეს ბურთი და ეს მოედანი.

პეტრემ წაავლო სარზედ გამობმულ წნელს ხელი, ჩამოცურდა და ფეხი ძლივს მოაწვდინა საძნე ურმის ჭალებამდე ფეხის მოსაკიდებლად. როგორც იყო ჩამოვიდა, მივიდა, გიორგის მხარზედ ხელი დაჰკრა და ტკბილის გულით უთხრა:

– ჩემს კისერზედ იყოს, ჩემო გიორგი! არ დაგეკარგება. სხვა არა იყოს რა, მამი-შენის ხნის კაცი ვარ. ეჰ, შვილო და ძმაო, კაცი რომ დაჰბერდება, შვილდი უნდა ძირს დასდოს.

– რადაო? - ჰკითხა გიორგიმ.

– მადაო, ჩემო კარგო, რომ ბერ-კაცს თვალიც ატყუებს და ხელიც ჰღალატობს, ის ქარი აღარა აქვს, რაც ახალგაზრდას. შენს ხანში ხელს არ მოვიტეხდი, რომ ეს ამბავი მომსვლოდა?

– ახალსა ნამუდრაგალსა ბერის სჯობია ჩანჩალიო, გულს ნუ გაიტეხ.

– გაცოცხლა ღმერთმა, თქმაც იცი და კეთებაც.

გიორგიმ ეს უკანასკნელი სიტყეები ვეღარ გაიგონა, მაშინვე ავარდა ურემზედ, ორ-თითით მოიწვდინა თივაზე სარტყელსავით ჩამოკიდებული წნელი და თვალის დახამხამების უმალ სათივეს ზედ თავზედ მოექცა. მიშალ-მოშალა, ჩამოჰყარა ძირს თივა, დაადაბლა სათივე და რაკი ნახა, - აქედამ ეხლა სწორედ ავაო, დაიწყო დგმა. მინამ დიდი ბინდი მოეფინებოდა ქვეყანას, გიორგიმ თავისი საქმე გაათავა.

– ცეცხლია, სწორედ ცეცხლი, ე დალოცვილის შვილი! - ეუბნებოდა არჩილს გულმართალი პეტრე, როცა ქვევიდამ შესცქეროდა გამალებულს მუშაობას გიორგისას.

– მართლა კარგი რამ არის, - კვერი დაუკრა არჩილმა.

– კარგიო!.. ბადალი არა ჰყავს, ბადალი ამ სოფელში!..

გიორგიმ რომ გაათავა, გადმოსძახა პეტრეს:

– აბა, პეტრე, ერთი შენებურად დაუარე სიმრგვლივ, კარგად შემოკვერცხლილია, თუ არა?

პეტრემ აუარ-ჩაუარა სათივეს და ასძახა:

– კარგია, კარგი. ჩამოდი, მაგას სხვა აღარა უნდა-რა.

გიორგიმ წაავლო ხელი წნელს, ფეხები თივას მიაბჯინა, დასჭიმა წნელი და დაიწყო ჩამოცოცვა სათივიდამ. შუამდე მოვიდა თუ არა, უეცრად გაუწყდა წნელი... გიორგი პირაღმა გადმოქცეული, წამოვიდა მაღლიდამ და ურმის ჭალს ზედ დაეგო ზურგითა. ჭალმა ვერ გაუძლო, გადატყდა, მაგრამ ზურგის ძვალი კი შეუნგრია...

არჩილი, კესო, ხალხი მისცვივდნენ და გიორგი ცოცხალ-მკვდარი ნახეს დედამიწაზედ პირქვე დამხობილი, სისხლი შადრევანსავით სცემდა...

არჩილი მაშინვე მუხლის კვერებზედ დაეცა გიორგის წინ და სცდილობდა წყლული შეეხვია. ზოგი არჩილმა, ზოგი სხვებმა, როგორც იყო, წყლული შეუხვიეს და, ცოტა არ იყოს, სისხლის დენამ უკლო.

ცოცხალ-მკვდარი გიორგი და გულშემოყრილი კესო ცალ-ცალკე შეიტანეს ხელით სახლში.

– აი, ღვთის წყრომა!.. რა შეგცოდე, ღმერთო, რომ მე გამხადე საბაბი!.. - უნებურად წამოიძახა პეტრემ და ატირდა.

– ხიფათი რომ იქნება, - იქნება, - ანუგეშა ვიღაცამ პეტრე. - ალბად ეგ წერებულა მაგის შუბლბედ!.. შენი რა ბრალია?!.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — ილია ჭავჭავაძე.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.