prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

ოთარაანთ ქვრივი — თავი VI

ილია ჭავჭავაძე · პროზა

– VI –

გიჟია, თუ რა?

ეს ხასიათი დასჩემდა გიორგისა. დედისავით, - თავისი იყო, თუ სხვისა, - თუ ცუდი რამ იყო, გამოეკიდებოდა. ბევრს ამისათვის არ მოსწონდა გიორგი. კაცო, რა უნდა, სხვის საქმეში რად ერევაო? არა ერთი და ორი იძახდა ამას სოფელში. ამ ხასიათმა ბევრი ხიფათი შეამთხვია, მაგრამ არც თითონ იშლიდა, არც დედა უშლიდა. ამას წინად - სულ ორი კვირა არ იქნება - კინაღამ სოფლის სასამართლომ გომურში არ ჩაამწყვდია. ერთი უცნაური და დაუჯერებელი ამბავი ჩაედინა.

გიორგი ტყეში ყოფილიყო ჭიგოს საჭრელად. ომარაანთ მოჯამაგირე ენახა ტყეში. თურმე ურემი გამოუტანებიათ შეშისათვის და ის კი ჩრდილში წამოწოლილიყო და ლაზათიანად ჰხვრინავდა. ეს კიდევ არაფერი. კამეჩები წნელით გამოება ურემზე. საცოდავი პირუტყვები იქავ ურმის თვალთან ეყარნენ და ზარმაცად იცოხნებოდნენ უილაჯობით.

გიორგი თურმე ზედ მიადგა მოჯამაგირეს, ტყიდამ მოდენილი. ფეხი წაჰკრა გასაღვიძებლად.

– ადე, ძმობილო, აუშვი ე კამეჩები, ცოდონი არიან.

– შენ რა ჩემი ფეხები გინდა, - დაუყვირა მოჯამაგირემ, როცა თვალები წამოაჭყიტა.

– თითონ რომ არ ვარგიხარ, შენი ფეხები ვისთვის რის მაქნისია. კამეჩები ცოდონი არიან-მეთქი.

– მერე შენ რა გეპრიანება?

– ის მეპრიანება, რომ არამია შენთვის ჯამაგირი. ვთქვათ პატრონს ატყუებ და ატყუებ, ე პირუტყვი მაინც არ გენანება, ქრისტიანი არა ხარ, მაგათი ცოდო მაინც არ გწვავს!.. მიგიღძვია საცოდავები წნელით ურემზედ, შიმშილით ფერდები ჩასცვივნიათ.

– მაშ არა და თავზედ დავისვამდი.

– დაისვამდი, მე ვიცი, მაგ ქეციან თავზედ ბევრს კი მოსძოვდნენ, აი!.. ვერა ჰხედავ, ტყეში ბალახი მუხლამდეა! ფასი ხომ არ გაგივა, გაგეშო, პირი მოეტყუებინათ.

– გამეშო-რა, მუქთი ფეხები მაქვს, მაგათ ძებნაში მერე სული ამომრთმევოდა.

– აი, შე უნამუსო! აქაო და არავინა მხედავსო, ნამუსის ქუდი აგიხდია და ლაფში გადაგიგდია. შენს ღმერთს რაღას ეუბნები! აქაო და კამეჩი პირუტყვია, შებრალება არ უნდა, თუნდაც სხვის ამანათი, სხვის მონაბარი არ იყოს!

– მერე შენ რა? ვისი ტიკი-ტომარა ხარ. შენი მოჯამაგირე ხომ არა ვარ?

– აი გაქრეს, გიორგიმ შენისთანა კაცი ახლოც არ მიიკაროს!!. ჩემი რომ იყო, ცარიელ პურის ჭამის ფასადაც არ შეგინახავდი. ადე-მეთქი!..

– დამეხსენ... შენ შენს წერას ხომ არ აუტანიხარ, რატომ ეგრე არახუნებ. თუ ზურგი არა გქავა, შენ შენს გზაზედ წადი-მეთქი, თორემ...

– თორემ... მე ვიცი, ყურებზედ ხახვი არ დამაჭრა. ადე-მეთქი, ამ პირუტყვების ცოდვაში ნუ სდგები, თორემ ამ ჭიგოს ხომ ჰხედავ?..

გიორგიმ ამის თქმაზედ ფეხი კიდევ წაჰკრა. მოჯამაგირე გულზე მოვიდა. წამოუხტა ზეზე. გიორგის წინ აეტუზა, გულ-მკერდი გადმოუგდო და მიუშვირა, თითქო ეუბნებაო: აბა, ეს მე და ეს შენ, დამკარ თუ კაცი ხარ და ქუდი გხურავსო.

გიორგის მოეწონა ამისთანა სითამამე მოჯამაგირისა, მაგრამ უკვირდა, - რის იმედითაო.

– რა ვქნაო, - სთქვა გულში გიორგიმ, - თუ ეს მართლა ვაჟკაცია, საქმეს არ უღალატებდა, პირუტყვს შეიბრალებდა, და თუ ვაჟკაცი არ არის, რატომ ესე გაბედულად მომიშვირა გულ-მკერდი და თავმოწონებით ალვის ხესავით წინ გამემართაო.

– თუ კაცი ხარ და თითს დამაწებ!.. მაშინ ნახავ შენს სეირს, - უთხრა გულ-მკერდ მოღერებულმა მოჯამაგირემ.

მუქარა იწყინა გიორგიმ. აღარც აცია, აღარც აცხელა, ეცა, წამოჰკრა სარმა და თუმცა ვერ დასცა, წააბარბაცა კი და ცალი ხელი დააბჯენინა დედამიწაზედ. წამოუხტა ფიცხლავ მოჯამაგირე, დაეტაკა გიორგის და ჰკრა გულისპირში ხელი. გიორგი შეტოკდა და გადაიზნიქა უკან.

– ბიჭოს!.. შენ აღარა ხუმრობ, - დაუძახა გიორგიმ, ჭიგო ხელიდამ გააგდო და შეძიძგილავდნენ.

გიორგიმ ბევრი აღარ აცალა: ჰკრა მოგვერდი და გააკრა დედამიწას, როგორც შოთი თონესა. წაქცეულს ხელიც არ დააკარა. მოჯამაგირემ დამარცხება ძალიან ითაკილა, - ისიც თავმოწონებული ბიჭი იყო - წამოუხტა და ერთი ლაზათიანი სილა გაუშალა გიორგის უეცრად. როგორ თუ სილაო, მივარდა გიორგი, ამოიდო ქვეშ და იმდენი სცემა, რომ მოჯამაგირემ ხვეწნა დაუწყო.

– წადი, საცა შენი სთქვა, იქ ჩემიც ნუ დაგავიწყდებაო, - უთხრა გიორგიმ, - და ღმერთს კი არსად წაუხვალ ამ პირუტყვების ცოდვითაო.

თქმა არ უნდა, რომ გიორგისაგან გაბოროტებულმა მოჯამაგირემ თავისი ცემა შესჩივლა ომარაშვილსა.

– რადა გცემაო? ჰკითხა ომარაშვილმა.

– მაგდენს რად უდებ ურემსაო? ან საქონელი არ გეცოდება, ან შენი თავიო!.. ეგეც რომ არ იყოს, სხვასაც ხომ მაგდენს მოსთხოვენო: ვთქვათ, შენ შეგიძლიან, სხვა მაინც არ გეცოდებაო. მომდგა ამაზედ და ჭიგო ზედ დამალეწა. შენც დედა და მამა საფლავში არ დაგიყენა. აქაო-და ჯამაგირს იძლევა, სულს ხომ არ ამოგართმევს ადამიანსაო.

– ბიჭო-და, მაგდენი არა გედო-რა ურემზე!

– ეგა სთქვი-და!.. მეც ეგ არ მიკვირს, რა მოეჩვენა იმ ოჯახდაქცეულსა! მე კი ასე შემაქცია-და!..

ომარაშვილი გავლენიანი კაცი იყო სოფელში, ითაკილა, მოჯამაგირე როგორ გამილახა იმ გუშინდელმა ჭყლინტმაო. წაიყვანა მოჯამაგირე და სოფლის სასამართლოში აჩივლა. თითონაც, რასაკვირველია, წაექომაგა.

– მოწმე გყავსო? - ჰკითხეს მოჯამაგირეს.

– ოთარაანთ გიორგის რა მოწმე უნდა? ღმერთმანი, იტყუებს-და!.. - სთქვა ვიღაცამა.

– მაგას კი მართალს ამბობს, - სთქვა ერთმა მოსამართლემ, - ის ტყუილს არ იტყვის, პირიანი ბიჭია.

კვირა დღეს დაიბარეს გიორგი.

– მართლა სცემე? - ჰკითხეს.

– მართლა ვცემე.

– რადაო?

გიორგიმ ყველაფერი უამბო.

– ბიჭო-და, შენ რა დავა გქონდა?

– ის დავა მქონდა, რომ მაგისთანა ნამუსახდილ კაცისაგან ქვეყანაა დაღუპული. კაცი კაცს ვეღარა ჰნდობია. მაგის გამოისობით კარგ მოჯამაგირესაც ნამუსი აქვს გატეხილი. თითონ ხომ ეძინა და ეძინა, კამეჩებიც მიეღრძო ურემზედ. იმათ საცოდაობამ დამწვა, სხვა არა იყოს-რა.

თქვენი მტერი იყოს, მოსამართლეებს დღე დაადგათ. ომარაშვილის გულის მოგებაც უნდოდათ, ერთს სადილს მაინც გვაჭმევსო; ოთარაანთ ქვრივისაც ეშინოდათ, გუბერნატორამდის ივლისო. თუნდ ეგეც არ ყოფილიყო, გული გიორგისაკენ უწევდათ, თუმცა ცემა კი ცემად ედგათ თვალ-წინ. არ იცოდნენ, გულს აჰყოლოდნენ, ოთარაანთ ქვრივის შიშსა, თუ ომარაშვილის ხათრსა.

ომარაშვილმა დაიხსნა გაჭირვებისაგან სამართალი.

– მე ჩემდა თავად მიპატიებია გიორგისათვის, - სთქვა ამან, - და სხვამ თავისი იცის. ყოჩაღ, ბიჭო, მე და ჩემმა ღმერთმა, ყოჩაღ!.

– უპატიებია!.. წამოიძახა გაჯავრებულმა მოჯამაგირემ, - აი, გამიჯდა გვერდებში!.. ზოგი ამ ჩემს დალურჯებულს გვერდებსა ჰკითხე.

– რა ვკითხო, შე ოხერ-ტიალო! მე თუ მკითხავ, ეგ ცოტაც არის შენთვის-და!.. - უპასუხა ომარაშვილმა.

– მე და ჩემმა ღმერთმა, მართალს ამბობს, - სთქვეს მოსამართლეებმა და დაითხოვეს შინ გამართლებული გიორგი.

– ბიჭო-და, ეს კაცი ან გიჟია, ან ღვთისაგან მოგზავნილი, - ეუბნებოდა გიორგიზედ ერთი იქ დამსწრეთაგანი მეორეს, როცა სასამართლოდამ ხალხი დაიშალა და შინისაკენ წავიდ-წამოვიდა. - რომ არ გაგონილა!..

– მე და ჩემმა ღმერთმა, მაგის გულში ან ღვთის მადლი ჰტრიალებს, ან ერთი რაღაც უბედურებაა მაგის თავს, - დაჰკრა კვერი მეორემ.

– იმდღევანდელი არ იყოს: ბეჟანიშვილის მოჯამაგირეს ურმით საფქვავი მოჰქონებოდა შინ. იმ ოჯახდაქცეულს თავსუბუქად დაედო. კამეჩები თურმე ყელში ჰხრიალებდნენ, ისე წასჭეროდათ აპეურები. ოთარაანთ გიორგი გზად მოდენილა თურმე. დაუნახავს ეს ამბავი. ამხტარა ურემზედ, საცალოები წაუწევ-წამოუწევია, გაუმართავს რიგზედ ურემი, ერთი ლაზათიანი, შენი მოწონებული ჩაუთხლეშია თავში და უთქვამს:

– შე ადრე და მალე დასაბრმავებელო, ვერა ჰხედავდი, კამეჩები ირჩობოდნენ, რა პირით მიდიოდი პატრონთანაო.

– ეხლა ჩვენში რომ ვიკითხოთ: რა დავა ჰქონდა?

– ეგა სთქვი და გაათავე. მეც ეგ არ მიკვირს! აკი ვამბობ ეგ კაცი ან გიჟია, ან ერთი რამ ღვთის ნიშანია მაგის თავზედ მეთქი.

– დედაც ხომ მაგისთანა გადარეული და დამთხვეული ჰყავს. მამაც კი - ღვთის წინაშე - ცოტა არ იყოს, მოუსვენარი კაცი იყო. ეგეები იმანაც იცოდა.

– აი, ამაზედ არის ნათქვამი: დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახეო. მაგათში ან დიდი ცოდო ჰტრიალებს, ან დიდი მადლი. აქ სხვა ნიშანწყალია.

გიორგი რომ შინ მივიდა, ყველაფერი უამბო დედას. ოთარაანთ ქვრივს გაუკვირდა:

– დახე, მაგ ვირთაგვებსაც ზოგჯერ სწორე სამართალი სცოდნიათო!..

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — ილია ჭავჭავაძე.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.