prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

ოთარაანთ ქვრივი — თავი XVII

ილია ჭავჭავაძე · პროზა

XVII

ზარი

არჩილმა თავის ოთახში აატანინა გიორგი და თავის ლოგინზედ დააწვენინა. მაშინვე კაცი აფრინა მკურნალის მოსაყვანად მახლობელ ქალაქიდამ. ორი-სამი კაცი კიდევ სხვა გაჰგზავნა სხვადასხვა სოფლებში, რომ შინაური ჯარა-ექიმებიც მოეწვიათ, ვინც კი გამოჩენილი იყო და შინაკაცებმა დაუსახელეს.

თითონ იმავ სოფელშიაც იყო ერთი სახელგანთქმული ჯარა-ექიმი - ოფოფაანთ დემეტრე. ისიც დაიბარეს და ნახევარ საათსაც არ გაუვლია, დემეტრე ჩამოვიდა.

გასინჯა დემეტრემ გიორგი. კარგა ხანსა სინჯა, კარგა ხანს იქნია თავი და ბოლოს უთხრა არჩილს:

– არა, ბატონო!.. მე მაგას ხელს ვერ მოვკიდებ. ეგ ამ ქვეყნისა აღარ არის. მაგისი წერა ეგა ყოფილა...

– ერთი სცადე... თუ ღმერთი გწამს, ხელი დაადე... რაც გინდა მთხოვე და მაგის ცოდოს კი ნუ დაატრიალებ ჩემს სახლში, ჩემს თავზედ!..

ეხვეწებოდა, ევედრებოდა არჩილი, რომელიც იმ უბედურის წამიდგან აღარ მოშორებია გიორგის: გიორგის ლოგინთან დაჩოქილიყო, მომაკვდავის ცივი ხელი თავის ხელის-გულზედ დაედო და თითონაც არ იცოდა, რისთვის უზელავდა ხელით ხელსა.

– ტყუილი წვალება-ღა იქნება უბედურისა. სჯობია უწვალებლად მიაბაროს სული, - მიუგო დემეტრემ. - ამაღამ, - დიდი საქმეა, - თუ გაატანა: შიგანური სულ შენგრეული აქვს.

– მერე ცოდო არ არის ამისთანა ბიჭი მოკვდეს!.. - წამოიძახა გულამოჯდომით არჩილმა და თავი ჩაჰკიდა დიდის მწუხარებით.

– ჰაი, ჰაი რომ ცოდოა!.. - დაიღმუილა ვიღაცამ ტირილის ხმით.

ყველამ იქით მიიხედა, საიდამაც ეს ხმა მოვიდა და ბნელს კუთხეში არჩილის მეწისქვილე კი დაინახეს. ამ ბერი-კაცს შეეტყო ეს ამბავი, მოვარდნილიყო, შეპარულიყო ოთახში, საცა გიორგი ესვენა და ბნელ კუთხეში მობუზული ქვითქვითებდა ჩუმად, თითქო ეშინოდა, არავინ გამიგოსო...

– არ გებრალები, ჩემო სოსიავ, რომ ასეთი ცოდვა დატრიალდა ჩვენს ოჯახში!.. - შესჩივლა არჩილმა მეწისქვილეს, რაკი ნაღველის მოზიარე იგულვა, თითქო ამით ნაღვლის განქარვებას ჰლამისო.

– ოღონდაც, ბატონო, ოღონდაც!.. - წაიქვითინა ეხლა კი ხმამაღლა მეწისქვილემ, რაკი გული ვეღარ შეიმაგრა... - ვაი მაგის დედის ბრალი, ვაი!..

მარტო ეხლა მეწისქვილის ხსენებამ მოაგონა არჩილს ოთარაანთ ქვრივი. ამ ვაი-ვაგლახში აღარავის მოჰგონებია, შვილის ამბავი დედისათვისაც შეეტყობინებინათ.

ოთარაანთ ქვრივმა ჯერ არა იცოდა-რა.

არჩილი მეტად შესწუხდა, არ იცოდა, რა გზით და როგორ გაემჟღავნებინა დედისათვის. ამის ფიქრსა და წუხილში იყო, რომ გიჟსავით გაფეთებული შემოვარდა კესო, უკვე მოსულიერებული. კესოს ცოცხალის ფერი არ ედო.

– როგორ არის, არჩილ, როგორ? - ჰკითხა აჩქარებით ძმასა და მაშინვე გიორგის ლოგინთან მიიჭრა.

– შენი მტერიმც ნუ ყოფილა ასე!.. - ძლივ-ძლივ წაიდუდუნა ძმამ.

კესომ დაჰხედა გიორგის. გიორგი გვერდზედ დაეწვინათ, ასე რომ პირისახე კესოსაკენა ჰქონდა. კესომ ნახა, რომ ეს ბრგე ყმაწვილი კაცი ძლივს-ღა ჰფეთქავს... კესოს მტკივნეულად შეეკეცა შუბლი... მიიფარა ორივე ხელი ორსავ თვალზედ და, თითქო მოგუბებული ცრემლი უკუვ უნდა აქციოსო, რაც ძალი და ღონე ჰქონდა ჭმუჭვნა დასრესა დაუწყო თვალებსა ხელებ-ჩამოუღებლივ.

– კესო, ნუ შევატყობინებთ დედასა? - ჰკითხა ძმამა.

– როგორ თუ ნუ? შვილი მოვუკალით და არც კი ვატყობინებთ, - რომ სულთმობრძავს მაინც მოუსწროს, სული დედის კალთაში მაინც დაჰლიოს... - მოსთქვამდა ქვითინით კესო.

– მე აღარა მესმის-რა, - უთხრა ძმამა, - ამ საცოდავობამ გამაშტერა. აღარც ჭკუა მერჩის, აღარც ხელ-ფეხი!.. დაბნეული ვარ.

გაჰგზავნეს დედასთან ბიჭი. მალე მოვიდა ოთარაანთ ქვრივი. თუმცა ფეხაჩქარებით, მაგრამ ისე გულ-დინჯად შევიდა გიორგის ოთახში, თითქო შენათვალი არაფრად შეუმჩნევია და აინუნშიაც არა მოსდის-რაო. მარტო სახე თითქო უფრო ჩამოსჭკნოდა, წარბებ-შუა შუბლი ორ-სამ კეცად ჩაჰნაოჭებოდა და ზაფრანის ფერი ედო.

იმასთან გაგზავნილი ბიჭი კი გოგო-ბიჭებში ლაპარაკობდა, რომ შენათვალი ვუთხარი თუ არა, ეს ვეება დედაკაცი კინაღამ თავზე არ წამომექცაო.

– რა გატირებს, ჩემო კარგო!.. - უთხრა გზა-და-გზა გიორგისაკენ მიმავალმა დედამ მტირალს კესოს. - განა სატირლადაც გაჰხდა საქმე!..

ხმა არავინ გასცა რიდისა და კრძალვისაგან. ზარი დიდი იყო!.. ოთარაანთ ქვრივი მივიდა შვილის ლოგინთან და რა დაჰხედა ცოცხალ-მკვდარს შვილს, ერთი საშინელი შემოიკრა თავში ხელი და იქვე მუხლი მოეჭრა და ჩაიჩოქა.

ხმაგაკმენდილს ოთახში ენა ვეღარავინ დასძრა, ასოც ვეღარავინ შეატოკა.

მარტო ერთად-ერთის სანთლის ალი ჰთრთოდა ლოგინის თავში, სხვა ყველა სულიერი თითქო გაქვავდნენ, თითქო მარილის სვეტებად გადიქცნენო.

დადუმდა, შეჰდგა ყველა და მარტო დედა-შვილობის საცოდავობა-ღა თავის დიდებულის ზარით ჰღაღადებდა უთქმელად, უტყვად, ხმა-ამოუღებლად.

ამას მარტო თვალი გულისა-ღა თუ ჰხედავდა და ყური გულისა-ღა თუ ისმენდა!.. ხორციელი სმენა, ხორციელი ხედვა ამისათვის უღონოა.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — ილია ჭავჭავაძე.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.