– IX –
უცნაური ნასკვი
არჩილი ახლად გადმოსული იყო რუსეთიდამ. სწავლა იქ შეესრულებინა. ვეღარც დედას მოუსწრო, ვეღარც მამას, ორივენი დაჰხოცოდნენ. მარტო ერთი გასათხოვარი და-ღა ჰყვანდა და და-ძმანი ერთად სცხოვრობდნენ. გვარიანი სახლ-კარი და მამულები დარჩათ მამისაგან და იმავ სოფელში ჰქონდათ ბინა, საცა ოთარაანთ ქვრივი იყო.
სოფელი ძალიან ემადლიერებოდა ამ და-ძმასა. კაი ხალხიაო, ყველა ამას იძახდა, ვისაც კი დაეკითხებოდით. ოთარაანთ ქვრივსაც ზოგიერთი კარგი ახსოვდა ამ და-ძმისაგან. თითონ არჩილს და იმის დასაც ბევრი რამ ჰქონდათ შეტყობილი ოთარაანთ ქვრივზედ და ბევრს იცინებდნენ ხოლმე მოწონების სიცილითა, როცა კი უცნაურის ქცევის და სიტყვა-პასუხის ამბავს ამ დედაკაცისას გაიგონებდნენ.
– პატივსაცემი დედაკაციაო ეს ოთარაანთ ქვრივი, - ხშირად უთქვამთ დასაცა და ძმასაცა და ერთი შემთხვევაც არა ჰქონიათ, რომ სიყვარულით და თავაზით არ მოეკითხნათ, როცა კი ოთარაანთ ქვრივს შეჰხვედრიან.
არ ვიცით, ოთარაანთ ქვრივს საამურად ჰქონდა ეს თავაზიანი მოკითხვა, თუ არა. ეს კი ვიცით, რომ როცა ამათზედ კარგს ვინმე იტყოდა, ოთარაანთ ქვრივი დაატანდა:
– ჭკუა აქვთ და იმიტომაო.
გიორგის ამბებიც არა-ერთხელ მისვლიათ და-ძმასა და არა-ერთხელ გაჰკვირვებიათ მისი ზნე და ხასიათი. ვერ გამოეცნოთ, - გლეხკაცობაში საიდამ და როგორ უნდა დაწნულიყო ამისთანა ზნე, ამისთანა ხასიათი.
– „ბევრი რამ არის, ჩემო ჰორაციო, ამ ქვეყნიერობაში იმისთანა საიდუმლო, რომელიც სიზმრადაც არ მოსჩვნებიათ ჩვენს ფილოსოფოსებსაო”, - ეტყოდა ხოლმე არჩილი თავის დას ჰამლეტის სიტყვებს, როცა გიორგიზედ ჩამოუვარდებოდათ ლაპარაკი.
გამოუცვნელს გამოცანას ამით მოუღებდნენ ხოლმე ბოლოს.
– გიორგი გიახლათ, - მოახსენა ერთ საღამოს მოსამსახურემ არჩილსა. არჩილი მაშინ ტახტზედ წამოწოლილი იყო და ყურს უგდებდა დას, რომელიც რაღაც წიგნს ხმამაღლა უკითხავდა.
– ვინ გიორგი? - ჰკითხა არჩილმა.
– ოთარაანთ ქვრივის შვილი.
– მობრძანდეს.
შემოვიდა გიორგი და, ქუდმოხდილი გაჩერდა რა კარებთან, სთქვა:
– საღამო მშვიდობისა.
– აი, გაგიმარჯოს, ჩემო გიორგი! - უთხრა მხიარულად არჩილმა. - რასა იქ? როგორა ხარ? როგორ არის შენი პატიოსანი დედა?
– რა გვიჭირს? ღვთის მადლით კარგადა ვართ.
– ამბავი, ხაბარი... რისთვის გარჯილხარ?
– ნუ მიოცებთ კი და თქვენთან ყოფნა მწადიან.
– მოდი-და ნუ იოცებ. რისთვის? როგორ?
– როგორც გნებავდეთ: გინდათ მოჯამაგირედ გიახლებით, გნებავთ მუქთად გემსახურებით. ჩემთვის არაფერი ბედენაა.
– რას ამბობ, კაცო! - ჰკითხა მართლა გაოცებულმა არჩილმა. - შენის ოჯახის პატრონი და მოჯამაგირედ დგომა, - ვის გაუგონია. ან შენ ვერ გაგიგია, რა გინდა, ან მე არ მესმის, რას ამბობ.
– მე კარგად ვიცი, რასაც ვამბობ, თქვენ ოღონდ ეგ წყალობა მიყავით. გული აღარ მიდგება შინ, ლამის მარტოობამ დამლიოს.
– მერე დედა-შენი? - იკითხა არჩილის დამა და თავისი მარილიანი თვალები მიაშუქა გიორგისა.
– დედა-ჩემი... დედა-ჩემსა სწყინს, ქალბატონო, მაგრამ ვეღარ გაუტეხივარ.
– აბა, ჩემო გიორგი, ჩვენ დედა-შენს ვერ ვაწყენინებთ. იმისი დიდი თავაზა და ხათრი გვაქვს, - უთხრა არჩილმა.
– თქვენ ეს მიბძანეთ, მამყოფებთ თქვენთან, თუ არა და დედი-ჩემისა მე ვიცი, არ ამიხირდება... დედის-ერთა ვარ...
– მამყოფებთო!.. ორისავე ხელით, სიხარულით. შენისთანას სად ვიშოვი. განა არ გიცნობ... ეს დედა-შენი მაღონებს.
– მადლობელი ვარ. მაშ მშვიდობით ბძანდებოდეთ. ამ დღეებში გიახლებით.
– ჯამაგირი?
– გინდა იყოს, გინდა არა, მოგახსენეთ, დიდი ბედენა არ არის.
– ეგ არ იქნება. მაგისი ყაბული არა ვარ. სთქვი, - რა მოგცე?
– რაც შენი ნებაა.
– ეგ არ იქნება-მეთქი, სთქვი.
– რაცა ვღირდე, ის მომეცი.
– ჩემს ნამუსზედ აგდებ რაღა?
– რა ცუდი თამასუქი ეგ არის!
– ჩემი ნამუსი რომ შენს კაი-კაცობას არ გასწვდეს?!
– არა უშავს-რა!.. რაც დამაკლოთ, ალალი იყოს თქვენზედ, გულს არ დამაკლდება. მშვიდობით ბძანდებოდეთ.
ორივეს დაუკრა გიორგიმ თავი და მაშინვე გავიდა.
დამა და ძმამ ერთმანეთს შეჰხედეს.
– ეს რა ამბავია? - ჰკითხა დას არჩილმა.
– არ ვიცი, შენ ნუ მოუკვდე ჩემს თავს! მიკვირს და მეოცება.
– უთუოდ ფული რამ დასჭირებიათ.
– რომ არა ჰთხოულობს!..
– ეგეც კი. ჩვენ კი ბედი გვეწია, რომ მაგისთანა კაცი ვიშოვეთ, და ოთარაანთ ქვრივს როგორღა გადვურჩებით, არ ვიცი.
– იმის უნებურად ნუ ვიქთ მაგასა: პატივსაცემი დედაკაცია, ნუ ვაწყენინებთ.
– შენც არ მომიკვდე, დედის უნებურად მე გიორგი სახლშიაც არ შემოვუშვა, თუმცა კი ძვირფასი კაცია ჩვენთვის.
დამა და ძმამ ცალ-ცალკეც ბევრი იფიქრეს, მაგრამ ამ უცნაურს ნასკვს წვერიც ვერ უპოვეს გამოსახსნელად.