prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

ოთარაანთ ქვრივი — თავი XV

ილია ჭავჭავაძე · პროზა

XV

კაცია და გუნებაო

ეს მოხდა მარტის დამდეგსა. გავიდა მარტი, გავიდა ლამაზი აპრილი და უფრო ლამაზი მაისი. დადგა თიბათვეცა. კესოს ყვავილების ბაღი, გეგმაზედ გაკეთებული, მოირთო, მოიკაზმა. ისე გაჰლამაზდა წითლად მიხვეულ-მოხვეული გზებითა, შიგა-და-შიგ დაყოფილ მწვანე მდელოებითა, ყვავილების ფერადითა, რომ კაცის თვალი ვერ გაძღებოდა. ღონიერი ბუნება და ადამიანის გამრჯელი ხელი თითქო ერთმანეთს შესჯიბრებოდნენ, - აცა ვინ ვის აჯობებს ამ ბაღის გალამაზებასა და შემკობაშიო

ერთსაც და მეორესაც თითქო თავი არ დაეზოგათ, და რაც მადლი ჰქონოდათ, სულ აქ დაეპნიათ, სულ აქ დაებღერტყნათ.

კესოს მეტის-მეტად უხაროდა, რომ ასე კარგად, ასე ლამაზად აუსრულდა თავისი დიდი-ხნის სურვილი. მინამ მთის იქიდამ მზე ამოალაპლაპებდა თავის სხივსა და თეთრს თოვლიან მთის წვერს ოქროს წყალს, ოქროს ჯავარს გადაასხამდა, კესო ჩაცმულ-დახურული ბაღში იყო ხოლმე ყოველ დღე და თითქმის საღამომდე, დიდ-ბინდამდე არ აგონდებოდა, რომ სახლშიაც შესვლა საჭიროა.

მთელი დღე დაჰგოგავდა ფერად ყვავილებს და მწვანე მდელოებს შორის და ყოველს ყვავილს, ყოველს ახლად ამოხეთქილს ნერგს, ყოველს ახლად გამოკვანძილს კოკორს შეჰხაროდა, როგორც საყვარელი საყვარელსა. თუ არავინ იყო, „ნამეტნავობისაგან გულისა” დაუწყებდა ხოლმე გასაშლელად გაღიმებულს ყვავილს ალერსიანს საუბარსა, თითქო მერცხალი თავის ბღარტებს ეჭიკჭიკებაო.

ძვირად, ძალიან ძვირად კი შეემთხვევოდა, რომ იმის ბაღში სხვა არავინ ყოფილიყო: გიორგი იქ იყო და იქ! რაც უნდა ადრე გამოსულიყო ბაღში, გიორგი ან თოხით ხელში, ან ბარით, ან სასხლავით იქ დაჰხვდებოდა ხოლმე.

გიორგიმ არჩილისა და კესოს სწავლებითა და ჩვენებით გააკეთა და დაჰკვალა ის ბაღი და გიორგისვე ებარა. არა მგონია თავის ორს თვალს ისე გაჰფრთხილებოდა, როგორც ამ ბაღს უვლიდა და უფრთხილდებოდა. მტვერი რა არის, - მტვერს არ დაადენდა, არ შეარჩენდა ბალახსა და ფოთოლსა.

არჩილი და კესო ძლიერ ემადლიერებოდნენ გიორგის და არა ერთხელ უთქვამთ ერთმანეთისათვის, რომ ორი-სამის კაცის ოდენას აკეთებს ეგ ერთი კაციო.

არც გიორგი ემდუროდა თავის ბედსა. პირიქით, უხაროდა კიდეც თავისი ბედი.

– მე მეტი არა მინდა-რაო, - ამბობდა ხოლმე თავის გულში, როცა ამისთანაებს ჩაუფიქრდებოდა, - გადამკიდებიან, ჯამაგირისა სთქვი რამეო. რა ჯამაგირი მინდა!.. მე ისიც მყოფნის, რომ ყოველ ცის-ამარა დღეს მზეს ვუყურებო.

რა უნდოდა ამით ეთქვა გიორგის, გამოცნობა ძნელია. ეს კი სათქმელია, რომ როცა ბაღში ჰმუშაობღა და ქეიფზე მოვიდოდა სულ ერთსა და იმავე სიმღერას ჰღიღინებდა ხოლმე ხმადაბლა: „ეს სოფელი მიტომ მინდა, შენ გიყურო, ჩემო მზეო”, თითქო სხვა აღარა იცოდა-რა, თითქო სხვა არაფერი ენატრებოდა, არაფერი ეხარბებოდა ამ დედამიწის ზურგზე.

მართლად თქმულა: კაცია და გუნებაო!..

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — ილია ჭავჭავაძე.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.