თავი XVI
ალბათ!..
გავიდა კიდევ დღეები და თვეები. დადგა ნაყოფიერი შემოდგომა. სოფელში დაიწყეს ქვევრების რეცხვა, საწნახელების გამართვა და გაწმენდა. ქარვისფრად შეფერილი, მსხვილი თეთრი ყურძნის მტევნები და მაყვალივით შავი საფერავის ვაზები პატრონებს მოსავლის ასაღებად ეძახდნენ, თითქოს ეუბნებოდნენ: „მალე მოგვკრიფეთ, თორემ ვდუღდებით და გადმოვდივართო.“ დაიკრიფა ვენახებიც, დაიწურა ყურძენი და დადუღდა მაჭრები. სოფელში მიწყდა ხმამაღალი სიმღერა, რომელსაც საწნახელში ჩამდგარი და ხელჩაკიდებული მუშები მღეროდნენ. მხიარულმა მაჭრობამ თავისი დრო მოიჭამა და მიჩუმდა, თითქოს დაიღალა და მოიქანცაო.
მოვიდა შემოდგომის შუა პერიოდი. სოფლის ორღობეებში დაიწყეს ჭრიჭინი მძიმედ დატვირთულმა თივის ურმებმა. სოფელი ჩქარობდა ვენახებიდან თივის სახლში ზიდვას, რათა ზამთარში საქონელი გამოეკვებათ. ეშინოდათ, თოვლს არ მოესწრო.
არჩილსაც ოთხი თივის ურემი შეება. თივას აზიდვინებდა და სახლის ეზოში, გომურის ახლოს, ბოძებზე შემდგარ მაღალ სათივეზე ადგმევინებდა, რომ საქონლის პირი არ მისწვდომოდა და არ გაეფუჭებინა.
მზე ჯერ მთას არ გადასცილებოდა ჩასასვლელად, იქ, წვერზე იდგა, თითქოს ნანობდა: „რატომ ვჩქარობ და ამ ლამაზ ქვეყანას ასე მალე რატომ ვემშვიდობებიო.“ მშვიდობიანი, გრილ-თბილი, მშრალი, უნესტო, უღრუბლო შემოდგომის საღამო ზარმაც ადამიანსაც კი ფეხზე წამოაყენებდა და გარეთ გამოიხედავდა.
არჩილი და კესოც გამოვიდნენ სახლიდან, ჩავიდნენ სათივესთან, იქ, ერთ უზარმაზარ კუნძზე ჩამოსხდნენ და უყურებდნენ მუშებს, რომლებიც თივას აწყობდნენ.
არჩილს ისედაც ძალიან უყვარდა მუშებში ყოფნა და მათთან საუბარი, ზოგჯერ ხუმრობაც. კესოსთვის არაერთხელ უთქვამს, რომ „მე მათგან ზოგჯერ ჭკუას და ხშირად ენას ვსწავლობო.“
ოთხი ურემი ოთხივე მხრიდან მოადგა სათივეს. სამი დაცლილი იყო და მხოლოდ ერთი ურმიდან აწვდიდნენ თივას. სათივის შუა სარი ორ ადლზეღა ჩანდა და სათივე ვიწროდ ადიოდა ზემოთ, თავის დასაბმელად.
ამ დროს გიორგი თოხით მხარზე მოდიოდა.
„პეტრე, აი პეტრე!“ – დაუძახა შორიდან თივის დამწყობს. „ბაღისკენ გადახრილია სათივის ეს თავი; გვერდულად აგყავს, არ ივარგებს, გაასწორე.“
„გიორგია. საიდან იძახის?“ – იკითხა არჩილმა, რადგან იმ მხრიდან, საიდანაც გიორგი მოდიოდა, არჩილს წინ ურემი ეფარა. ურმის გამო ვერც გიორგი დაინახავდა არჩილსა და კესოს, ვერც ისინი გიორგის.
„საიდან მოდიხარ თოხით მხარზე?“ – ჰკითხა არჩილმა, როცა გიორგი ახლოს მოვიდა და და-ძმას საღამო მშვიდობისა უთხრა.
„წყალი გადმოვარდნილიყო ამ ჩვენს პატარა ბაღში წისქვილის არხიდან და იმის გადასაგდებად ვიყავი.“
„რას იძახოდი?“
„არაფერს. ცოტა თანაბრად ვერ ადის ვიწროდან თივა, ავდრის წყალს დაიგუბებს და გაფუჭდება. ის დავუძახე პეტრეს, გაასწორე-მეთქი.“
„აბა მაჩვენე.“
არჩილი წამოდგა. გიორგი გაუძღვა და მეორე მხრიდან შეახედა.
„მართალი ხარ,“ – უთხრა გიორგის არჩილმა. „პეტრე! გიორგი მართალს ამბობს, თავი ვერ ედგმის კარგად.“
პეტრემ შუა სარზე ჩამობმულ წნელს მოჰკიდა ხელი და ასე ხელმომაგრებულმა გარშემო შემოუარა და ჩახედა-ჩამოხედა სათივეს.
„ღმერთი არ გამწყრომია!“ – დაიძახა პეტრემ. „გასწორება უნდა, მოდი, თუ ღმერთი გწამს, გიორგი. ერთი ამომეშველე, გავასწოროთ, თორემ მე მარტო დღეს მაგას ვეღარ მოვასწრებ და საქმის ხვალისთვის გადადება კი მეზარება.“
„კაცო, ფეხი სად მოვიკიდოთ ორმა კაცმა მაგ ვიწროზე?“ – ასძახა გიორგიმ.
„მაშ ნუ დამზარდები, შენი ღმერთის გულისათვის: მე ჩამოვალ და შენ ამოდი. მე მკლავები მომწყდა, შენ დასვენებული ხარ, მალე გაასწორებ. აბა, თუ ბიჭი ხარ, მადლს იზამ და მარილს მოაყრი.“
„იცი კი თივის დადგმა?“ – ჰკითხა კესომ, რომელიც ამჟამად აქ მოსულიყო. „ამბობენ, მაგას ცოდნა უნდაო.“
„ხელობა რა არის, ქალბატონო,“ – შეჰღიმა გიორგიმ. „განა სად გავიზარდე!..“
„მაშ აბა!“ – უთხრა არჩილმა. „ეს ბურთი და ეს მოედანი.“
პეტრემ წაავლო სარზე გამობმულ წნელს ხელი, ჩამოცურდა და ფეხი ძლივს მოაწვდინა თივის ურმის ჭალებამდე ფეხის მოსაკიდებლად. როგორც იყო, ჩამოვიდა, მივიდა, გიორგის მხარზე ხელი დაჰკრა და ტკბილი გულით უთხრა:
„ჩემს კისერზე იყოს, ჩემო გიორგი! არ დაგეკარგება. სხვა არაფერი იყოს, მამაშენის ხნის კაცი ვარ. ეჰ, შვილო და ძმაო, კაცი რომ დაბერდება, მშვილდი უნდა ძირს დასდოს.“
„რატომო?“ – ჰკითხა გიორგიმ.
„იმიტომ, ჩემო კარგო, რომ მოხუცს თვალიც ატყუებს და ხელიც ღალატობს, ისეთი ძალა აღარა აქვს, რაც ახალგაზრდას. შენს ასაკში ხელს არ მოვიტეხდი, რომ ეს ამბავი მომსვლოდა?“
„ახალგაზრდის უხერხულ მუშაობას მოხუცის ნელი მუშაობა სჯობიაო, გულს ნუ გაიტეხ.“
„ღმერთმა გაცოცხლოს, თქმაც იცი და კეთებაც.“
გიორგიმ ეს უკანასკნელი სიტყვები ვეღარ გაიგონა, მაშინვე ავარდა ურემზე, ორი თითით მოიწვდინა თივაზე სარტყელივით ჩამოკიდებული წნელი და თვალის დახამხამების უმალ სათივეს ზედ თავზე მოექცა. მიშალა-მოშალა, ჩამოყარა ძირს თივა, დაადაბლა სათივე და რაკი ნახა, – „აქედან ახლა სწორედ ავაო,“ – დაიწყო დადგმა. სანამ დიდი ბინდი მოეფინებოდა ქვეყანას, გიორგიმ თავისი საქმე დაასრულა.
„ცეცხლია, სწორედ ცეცხლი, ეს დალოცვილი ბიჭი!“ – ეუბნებოდა არჩილს გულწრფელი პეტრე, როცა ქვემოდან შესცქეროდა გიორგის გამალებულ მუშაობას.
„მართლა კარგი რამ არის,“ – დაეთანხმა არჩილი.
„კარგიო!.. ბადალი არა ჰყავს, ბადალი ამ სოფელში!..“
გიორგიმ რომ დაასრულა, გადმოსძახა პეტრეს:
„აბა, პეტრე, ერთი შენებურად დაუარე გარშემო, კარგად შემოკვერცხლილია თუ არა?“
პეტრემ აუარა-ჩაუარა სათივეს და ასძახა:
„კარგია, კარგი. ჩამოდი, მაგას სხვა არაფერი უნდა.“
გიორგიმ წაავლო ხელი წნელს, ფეხები თივას მიაბჯინა, დასჭიმა წნელი და დაიწყო ჩამოცოცვა სათივიდან. შუამდე მოვიდა თუ არა, უეცრად გაუწყდა წნელი... გიორგი პირაღმა გადმოქცეული, წამოვიდა მაღლიდან და ურმის ჭალს ზედ დაეგო ზურგით. ჭალმა ვერ გაუძლო, გადატყდა, მაგრამ ზურგის ძვალი კი შეუნგრია...
არჩილი, კესო, ხალხი მისცვივდნენ და გიორგი ცოცხალ-მკვდარი ნახეს მიწაზე პირქვე დამხობილი, სისხლი შადრევანივით სცემდა...
არჩილი მაშინვე მუხლებზე დაეცა გიორგის წინ და ცდილობდა ჭრილობა შეეხვია. ზოგი არჩილმა, ზოგი სხვებმა, როგორც იყო, ჭრილობა შეუხვიეს და, ცოტა არ იყოს, სისხლის დენამ იკლო.
ცოცხალ-მკვდარი გიორგი და გულშემოყრილი კესო ცალ-ცალკე შეიტანეს ხელით სახლში.
„აი, ღვთის წყრომა!.. რა შეგცოდე, ღმერთო, რომ მე გამხადე საბაბი!..“ – უნებურად წამოიძახა პეტრემ და ატირდა.
„უბედურება თუ იქნება, იქნება,“ – ანუგეშა ვიღაცამ პეტრე. „ალბათ ეგ ეწერა მის ბედზე!.. შენი რა ბრალია?!.“