prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

ოთარაანთ ქვრივი — თავი XIV შინაარსი და გამარტივებული ტექსტი

ილია ჭავჭავაძე · პროზა

გამარტივებული სასწავლო გადმოცემა · AI-ის დახმარებით

თავი XIV

განა თვითონ კი იცოდა

– როგორ მოგეწონა ეს ამბავი? – ჰკითხა არჩილმა დას, როცა ოთახში შევიდნენ.

– ახირებული გული ჰქონია, – უპასუხა დამ, თითქოს პირველ ხანს სხვა უკეთესი ვერაფერი მოეგონა.

– ეგ ცოტაა. ნამუსი ჰქონია, ნამუსი!.. ის დიდი ნამუსი, რომელიც სხვისასაც ისე ერჩის, როგორც თავისას.

– ნურც ასე გაადიდებ მაგ უბრალო საქმეს.

– მაგას ნუ იტყვი. რაც კარგია, იქ დიდ-პატარაობა მოსატანი, სახსენებელი არ არის. რაც კარგია – თავისთავად დიდია. ხედავ, უსწავლელი კაცია. მაგისი ნამუსი ჭკუით კი არ არის განვითარებული, გულით არის გამოკვებილი, მარტო გულით. ეს დიდი საქმეა ჩემი აზრით, იმიტომ, რომ მაგისთანა ნამუსი მთელი სხეულის, მთელი აგებულების წყურვილია, როგორც სითბო სიცივეში, როგორც სიგრილე სიცხე-პაპანაქებაში, როგორც პური შიმშილში. სანამ ჭკუა იტყვის, ჭკუა ურჩევს, გულმა იცის, რა ქნას. ეს დიდი საქმეა-მეთქი, დიდი.

– რაო? დედის ცუდად ხსენება იწყინა, სხვა ხომ არაფერი?

– ეგ ბოლოა. შენ სათავე მოუძებნე ამ საქმეს. გულმა არ მოუსვენა, ცხენი რომ მოუვლელი ნახა და მეჯინიბე მშვიდად მწოლარე. საქმე და შემსრულებელი ერთმანეთს გაჰყროდა და ეს მართალმა გულმა უცხოდ მიიღო, არ მოეწონა, ხომ არც ცხენი იყო იმისი, არც მეჯინიბე მისგან დავალებული. რა ერქვა ამას, რა უნდოდა, ჩვენ რომ ვიკითხოთ? ჩვენი ამება? ჩხუბი რომ არ მოსვლოდათ, ეს ამბავი ჩვენამდე ხომ არც კი მოვიდოდა. მეჯინიბის ჯავრი სჭირდა და მიზეზი მოუდო? რა ჯავრი უნდა სჭირებოდა, კაცს პირველად ხედავს. არც ერთი და არც მეორე. უყურადღებოდ მიტოვებული საქმე ნახა, იქ კი უმოქმედო შემსრულებელი და გულმა არ მოუთმინა. რაც გინდა თქვი და, ეს კაცობის დიდი ნიშანია... ზუსტად დიდი ნიშანია.

ახლა მესმის, რაც იყო, იმ დღეს რომ მეწისქვილემ გვიამბო. აი, ბურკიაშვილის კამეჩი რომ დაეჭირა მინდვრიდან მომავალს და კახუაშვილისთვის მიეყენებინა კარზე, „შენს ჯეჯილს აფუჭებდაო“. მე თუმცა ზოგიერთი ამბები ვიცოდი გიორგისა, მაგრამ, – ღმერთო შეგცოდე, – აქ კი გავიფიქრე, უთუოდ ბურკიაშვილის ჯავრი სჭირებია-მეთქი გიორგისა. ახლა ვნანობ, რომ ეს გავიფიქრე და ამ ფიქრით შევუგინე ნამუსი მაგ პატიოსან კაცს.

– ბოდიში მოიხადე, – უთხრა დამ გულითადად და ჭკვიანურად, რადგან ხუმრობა-გაშვებით ჩაუღრმავდა თავისი ძმის ნათქვამს.

– ბოდიშს იმით მოვიხდი, რომ მე მაგას შეგირდად მივებარები, დიახ, შეგირდად. ჩვენ რანი ვართ მაგასთან!.. დაე, გვასწავლოს და გვავარჯიშოს...

არჩილმა წინ და უკან სიარული დაიწყო ოთახში და ფიქრს მიეცა. კესოც ჩაფიქრდა. გიორგი, როგორც ჩემთვის, მკითხველო, ისე მათთვისაც გამოცანა იყო.

– კესო! – შეჩერდა ბოლოს კესოს წინ არჩილი და უთხრა, – იცი რას გეტყვი? აი, სახლის წინ რომ ყვავილების ბაღს აკეთებ, მოდი გიორგისაც დაეკითხე ხოლმე. მე მგონია, ეს ლოთი გარმიანელი მებაღე სულაც დავითხოვოთ და გიორგის ჩავაბაროთ, ურიგო არ იქნება. ჭკვიანი ბიჭია, შენ ოღონდ ანიშნე და, იმედი მაქვს, მიგიხვდება, სად რა და როგორ გააკეთოს. სხვას ხომ დღიური მუშებიც გაუძღვებიან, რადგან გიორგი ხელმძღვანელი იქნება. ცოდოა მაგისთანა ბიჭის ამაზე მოცდენა, მაგრამ ჯერ ეს იყოს და მერე სხვას რამეს მოვუძებნით.

– ძალიან კარგი, – მოუწონა დამ, – ოღონდ ეს არის, რომ ჯერ ყველაფერი მარტო ქაღალდზეა დახაზული და ვაი თუ ვერაფერი გავაგებინო. აბა, ჯერ ერთი ვაჩვენებ, გაიგებს რამეს თუ არა.

მეორე დღეს არჩილი დილაადრიანად თავის ახალშენს ვენახში წავიდა. ცხენს რომ ქუსლი ჰკრა და პირი უბრუნა, უკან მიაძახა გიორგის:

– სამუშაოზე არსად წახვიდე, კესოს შენთან საქმე აქვს.

„კესოს“?!

გიორგის გული გადაუტრიალდა...

კესოც ადრე ამდგარიყო, მაგრამ სანამ მოწესრიგდებოდა, ჩაიცვამდა-დაიხურავდა, კარგა ხანი გავიდა.

ბოლოს კესომ იხმო გიორგი.

გიორგიმ რომ მარტო ნახა თავისი თავი კესოსთან, თითქოს შიშმა აიტანა. ალბათ იმორცხვა და საკვირველიც არ არის: თავის დღეში უცხო ქალთან მარტოდ არ ყოფილა.

კესოს ტახტზე გადაეშალა დახაზული ქაღალდი, სხვადასხვაფერად აჭრელებული. ეს ბაღის მოხაზულობა იყო და რომელიღაც წიგნიდან გადმოეღო თვითონ კესოს და ძმასთან ერთად შეესწორებინა თავისი სურვილისამებრ.

– აბა, აქეთ მოდი, გიორგი. ერთი ეს ნახაზი უნდა გაჩვენო, – უთხრა კესომ გიორგის, რომელიც კარებში გაშეშებულივით იდგა.

გიორგიმ ფეხი წინ ვერ წასდგა.

– „ეს ოხერი, რამ დამიდუნა მუხლებიო“, – იფიქრა.

– რას იბუზები ახლად მოყვანილ პატარძალსავით. ფეხი გადმოდგი, ნუ გეშინია, არ შეგჭამ.

გიორგიმ ორი ნაბიჯი წინ წასდგა და მაინც შორიახლოს დაუდგა კესოსაც და ქაღალდსაც.

– „ე რა ფანცქალმა ამიტანაო!..“ – გაიკვირვა გულში.

– რა დაგემართა, ადამიანო!.. აი, აქ მოდი, ჩემთან ახლოს, – უთხრა ახლა უკვე ცოტა გაჯავრებულმა კესომ.

„ახლოს“!.. – ზოგჯერ მოკლე სიტყვაც გრძელია.

გიორგიმ ფეხი არ გაანძრია. მარტო კისერი გადაიწვდინა და ისე შორიახლოდან ჩაჰხედა ქაღალდს, როგორღაც უხერხულად და გვერდულად.

– კაცო, არ გესმის? მე ახლოს ვარ და ძლივს ვხედავ და შენ მაინც რას დაინახავ, მამლაყინწასავით კისერი წამოგიშვერია. ახლოს მოდი-მეთქი.

გიორგი მაინც ადგილიდან არ დაიძრა.

– „ე რა ფრთხოლამ ამიჩემაო! ჯადო მეწევა უკან, თუ ხატი არ მიშვებს წინ?“ – ეკითხებოდა თავის თავს გაოცებული გიორგი.

კესომ აღარ აცალა, წაავლო ხელი სახელოზე და გამოსწია.

გიორგი წაბარბაცდა. თითქოს მეხმა ახლოს გაუარაო. ალბათ ფეხი წამოჰკრა რამეს...

– რა იყო? – იკითხა კესომ.

– არაფერი. ფეხი ფეხს თუ წამოვკარ, – მიუგო გიორგიმ და გულში გაიფიქრა: „ფეხის ძარღვები დამაჭრეს, თუ რა მომდის ეს ოხერი, უვარგისი რამ!..

– აი, – უთხრა კესომ, როცა გვერდით დაიყენა გიორგი და ჩაახედა ქაღალდში, – დაბალი ღობით შემორტყმული ადგილი ხომ გინახავს ჩვენი სახლის წინ, – ეს ის არის. ახლა, ჩემო გიორგი, ამ ადგილს ამისთანა მიხვეულ-მოხვეული გზები უნდა დაუკეთდეს. ამ გზებს აგურის ფხვნილით წითლად მოვფენთ. გზებსა და გზებს შუა აი ასეთი კვლები უნდა დაიკვალოს, როგორც აქ არის გამოხატული. ამ კვლებში სხვადასხვა ფერადი ყვავილები დაითესება. აი, შუაგულს ხომ ხედავ? აქედან...

– მე ვერაფერს ვხედავ, ვერაფერს!.. შენი ჭირიმე, ახლა თავი დამანებე, სხვა დროს მითხარი, – უთხრა გულამოსკვნილის ხვეწნით გიორგიმ და განზე გაუდგა კესოს. – რაღაც ხათაბალა გადამეკიდა, თვალები ამება, რეტი დამესხა. ვერც ვერაფერს ვხედავ, ვერც ვერაფერი მესმის. ახლა გამიშვი, შენი ღმერთის გულისათვის...

კესომ ნახა, რომ გიორგი მართლა არც თავის ფერზეა, არც თავის გუნებაზე. გაუშვა და თქვა თავისთვის:

– გულის ჭიდილი მოუვიდა, თუ რა ამბავია!

განა თვითონ გიორგიმ კი იცოდა, რა ამბავია!

მთავარი დეტალები და რთული სიტყვები

თავი XIV

შენარჩუნებული მთავარი დეტალები

  • გიორგის ჩხუბი მეჯინიბესთან ცხენის მოვლის გამო და მისი პატიოსანი საქციელი.
  • არჩილის მიერ გიორგის ნამუსის დაფასება და მისი პიროვნების სიღრმის გაგება.
  • არჩილის გადაწყვეტილება, გიორგი ბაღის მებაღედ დანიშნოს, მისი ნიჭისა და პასუხისმგებლობის გამო.
  • გიორგის უხერხულობა და შიში კესოსთან მარტო დარჩენისას, რაც მის გამოუცდელობასა და მოკრძალებას უსვამს ხაზს.
  • კესოს ბაღის გეგმის განხილვა გიორგისთან და გიორგის უცნაური რეაქცია.
  • გიორგის თავდადება ბაღის მოვლაში და მისი უანგარო შრომა.
  • გიორგის ფილოსოფიური დამოკიდებულება ცხოვრებისადმი, მისი კმაყოფილება ბუნებასთან სიახლოვით.
  • მეწისქვილის ჩუმი დაკვირვება გიორგიზე და მისი განსხვავებული შეფასება.

რთული სიტყვების განმარტება

მუაჯირი
აივანი, მოაჯირიანი ტერასა.
ჩალური
თავლა, სადაც ცხენები დგანან.
მოჯამაგირე
დაქირავებული მუშა, მოსამსახურე.
ახალუხი
ძველი ქართული ტანსაცმელი, გრძელი, საყელოიანი მოსასხამი.
არამკითხე მოამბე
ის, ვინც თავისი ნებით, უკითხავად ერევა სხვის საქმეში ან აწვდის ინფორმაციას.
მიტყიპე და მიაგდე
დამამცირებელი გამოთქმა, ნიშნავს: 'დაივიწყე, თავი დაანებე, არაფრად ჩააგდე'.
ჰავა აართვა
გაცივდა, გაცივებისგან დაავადდა.
გულჩახვეული
გულში ჩამალული, გულჩაკეტილი, თავისი ფიქრებისა და გრძნობების გამომჟღავნებელი.
დაბრიყვებული
სულელად მიჩნეული, უგუნურად მოპყრობილი.
საწანახედოდ გამხდარი საქმე
უყურადღებოდ მიტოვებული, დაზიანებული, გაფუჭებული საქმე.
რეტი დამესხა
დავიბენი, თავგზა ამერია, გონება დამიბინდდა.
თიბათვე
ივლისის თვე.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

გამარტივებული ვერსია: prep.ge, AI-ის დახმარებით. ეს სასწავლო გადმოცემაა და არა ავტორის ორიგინალი ან აუცილებლად მოკლე შეჯამება. ზუსტი ფორმულირებები შეადარე ორიგინალს. საფუძველი — ილია ჭავჭავაძე. ორიგინალის წაკითხვა.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.