თავი II
მართლა ასე იყო თუ არა, – ეს უნდა ეკითხოს ერთ სხვა ქვრივ დედაკაცს, რომელიც სოფლის მეორე ნაპირას ცხოვრობდა და ბევრი შვილი ჰყავდა. ეს დედაკაცი ცოტა უხეირო, უნდილი (ზარმაცი) რამ იყო, გარჯა (შრომა) ეზარებოდა და შვილები ნახევრად მშიერ-მწყურვალი ჰყავდა. ოთარაანთ ქვრივი ყოველ კვირა დღეს დაახლოებით ათ შოთს (პურს) და ერთ ბადია (დიდი ჭურჭელი) კორკოტს (მოხარშული ხორბალი) თავისი ფეხით გადაუტანდა ხოლმე.
– აჰა, ხეთქეო (ჭამე), – ეტყოდა ხოლმე დედაკაცს, – დაგიღია ეგ შავის მიწით ამოსავსები პირი. შე პირშაო (უვარგისო), შენა, და შენი დღენი ძაღლსავით სხვას შეჰყურებ, აგერ გამოხრულს (გამოჭმულ) ძვალს გადმომიგდებენო. შე არ-დასაცალებელო (უჟმურო), რისთვის მოუცია ღმერთს ეგ ბარძაყის ოდენა მკლავები!.. დახე, დახე, ამ წუწკსა (ბინძურს), წუწკის შვილსა, სამგლე გოჭსავით გათხვირულა (გასუქებულა), ლუკმა-პურის შოვნის უნარი კი არა აქვს. რა კარგი დაეყრებათ ამ შენს ცოდვის შვილებსა! შენი მაყურებლები შენგან აბა რა კარგს ისწავლიან! ესენი მაინც არ გეცოდება, შე უბედურის დღისავ (უბედურო)!..
დედაკაცი, ამისთანაების ჩვეული, მაინც მადლობას ეტყოდა ხოლმე.
– მადლობა!.. შენთვის მაგრად შეინახე, ძონძებში (ნაგლეჯებში) გამოიკარ, არ დაგეკარგოს... დიდი განძია ეგ შენი მჭლე (უსარგებლო) მადლობა ოთარაანთ ქვრივისათვის, ო შენმა მზემ! ეგრე ხელგაშლით რად იხარჯები. აი, მეხი კი დაგაყარე! მადლობა!.. კარგია – მუქთაა, თორემ მაგასაც ხომ ვერ იშოვიდი, რომ გარჯით (შრომით) საშოვარი (მოსაპოვებელი) იყოს. მადლობა!.. ეგ შენი მადლობა გინდა გახიე, გინდა გაფხრიწე...
გლახა-მათხოვარი ისე არ მიადგებოდა კარს, რომ ოთარაანთ ქვრივს რითიმე არ გაეკითხა (არ დახმარებოდა), მაგრამ თავისებურად კი წამოულაგებდა (გაუკიცხავდა).
– ი... ი... ი... შენ კი მოგიკვდა ეგ უხეირო თავი, – მიაყოლებდა ხოლმე, როცა გასაკითხს (დასახმარებელს) აწვდიდა, – დაგიბრიყვებია ჩემისთანა სულელი დედაკაცები და ლუკმა-პურს პირიდან აცლი. აი, მეხი კი დაგაყარე მაგ ქეციან (უვარგის) თავზე. შე ოხერო, რომ აგიღია თავი და დაეხეტები სათხოვრად, ნამუსი აღარა გაქვს? ამ წუთისოფელში ვისა აქვს მეტი ლუკმა, რომ შენც გაძლიოს (გარჩინოს). ვერა ჰხედავ, შე გულმკვდარო (უუნარო), რომ ვინც კია, წელებზე ფეხს იდგამს (ძალიან შრომობს) და დღის სარჩოს (საჭმელს) ძლივს შოულობს და შენ როგორღა გარჩინოს. ქვეყნისა არა გრცხვენიან! არა, შე ოყრაყო (ზარმაცო), ოთარაანთ ქვრივი დედაა შენი, მამაა, თუ შენი მოვალეა, რომ შეგინახოს! აი გაგიხმეს ეგ ხელ-ფეხი, რისთვის გასხია ეგენი მაგ მუტრუკს (დიდ) ტანზე, თუ ვერ მოგიხმარებია (ვერ იყენებ)? ქვეყანას თავისი თავი კი შეუნახავს, რომ ეგ შენი ბრიყვი (სულელი) თავიც ინახოს? ფუ, შენს ნამუსსა!..
თუ მეტად შესაბრალისი და ღონემიხდილი (ძალაგამოცლილი) გლახა შეხვდებოდა, ამაებს ხომ ეტყოდა და ეტყოდა და ბოლოს დაუმატებდა:
– წამოეთრიე ერთი მარანში, ღვინოს ჩაგაცეცხლებ (დაგალევინებ). ნუ გეგონოს კი, რომ მადლს გიშვრებოდე რასმე. აი, გაქრეს, – ოთარაანთ ქვრივმა შენთვის არა გამოიმეტოს-რა. აი, ქვევრში რაღაც წუმპე ნაძირალა (უვარგისი ნარჩენი) დამრჩა, მაინც გადასაღვრელია და ბარემ შენ ჩასცეცხლო.
წაიყვანდა, ერთ ორ ჩარექას (ღვინის საწყაო) კარგ ღვინოს გადაახუხებდა (დაალევინებდა) და გამოისტუმრებდა თავისებურად ქება-დიდებით (კიცხვით).
ერთხელ ერთი მთხოვარი მიადგა კარს. ოთარაანთ ქვრივმა გამოუტანა გასაკითხად ერთი უშველებელი შოთი, რასაკვირველია – თავისებური პილპილიც მოაყარა ზედ: კარგად, ლაზათიანად (გემრიელად) გამოგილანძღათ. როცა მთხოვარი გაბრუნდა, მაშინ შეასწრო თვალი, რომ ფეხები დაჰხეთქოდა ფეხუცმელობით (ფეხსაცმლის უქონლობით).
– დამაცა (დამელოდე), შე არ-დასაცალებელო (უჟმურო), – დაუძახა მთხოვარს.
მთხოვარი გაჩერდა. ოთარაანთ ქვრივი შევარდა სახლში, იღლიის ქვეშ ამოიჩარა (ამოიდო) ექვსი შოთი, მოვიდა მთხოვართან და დაუყვირა:
– მე გამომყევ, შე ადრე და მალე დასამარხავო!
გაოცებული მთხოვარი გაჰყვა, ოთარაანთ ქვრივი გავიდა სოფლის ბაზარში, ერთი შოლტი (ნაჭერი) საქალამნე (ფეხსაცმლისთვის განკუთვნილი) ღორის ტყავი გადმოაღებინა მედუქნეს, ექვსი პური მისცა, ტყავი გამოართვა და ისე მიახალა თავში მთხოვარს, რომ საწყალმა თვალებზე ხელი მიიფარა, ცხვირ-პირში არ მომხვდესო.
– აჰა, შე არ-დასარჩენო (უვარგისო), ამოისხი და ჩაიცვი. იქნება ამოსხმაც არ იცოდე, შე დასაღუპავო.
– რაო, ოთარაანთ ქვრივო, გემართა მაგისი, თუ რა არის? – ჰკითხა ქოსმანსავით (მელოტივით) გათხვირულმა (გასუქებულმა) მედუქნემ.
– მაშ არადა (რა თქმა უნდა), მაგის თავის მზემ, ჩემს თავს პურს დავაკლებდი და მაგის ქალამანში მივცემდი, – იცრუა ოთარაანთ ქვრივმა.
– III –
ხუთი ქისა