თავი X
– X –
მხილებაა, თუ კადნიერება?
ამის შემდეგ ორი დღეც არ გასულა, რომ ოთარაანთ ქვრივი არჩილის ოჯახში მივიდა.
„ოჰ, ნათლიდედა, ნათლიდედა! მობრძანდით,“ – დაუძახა არჩილმა შორიდანვე, როგორც კი ოთარაანთ ქვრივი დაინახა. და-ძმა ეზოში, დიდ ხის ქვეშ ისხდნენ და დილის ჩაის სვამდნენ.
„დილა მშვიდობისა,“ – მიესალმა ოთარაანთ ქვრივი, როცა ახლოს მივიდა.
არჩილი წამოხტა, ოთარაანთ ქვრივს თავისი სკამი მიართვა და დასაჯდომად მიიწვია.
„დაბრძანდით, დაბრძანდით. კესო, ნათლიდედას ჩაი მიართვი,“ – უთხრა არჩილმა თავის დას.
„ჩაი რა ჩემი საქმეა, თქვენ სვით, მე უამისოდაც გავძლებ. ქალო, როგორ ხარ? ხომ მშვიდობით ხართ?“ – მოიკითხა ქალი ოთარაანთ ქვრივმა და სკამზე ჩამოჯდა.
„ვართ შენი ლოცვითა და კურთხე...“
„მე ჩემთვისაც არ ვლოცულობ, ღმერთი არ შევაწუხო-მეთქი, და თქვენთვის სად ვილოცებდი,“ – უთხრა მკვახედ ოთარაანთ ქვრივმა და სიტყვა გააწყვეტინა.
„ჰა, შენებურად ნუ დაიწყებ ლაპარაკს,“ – უთხრა ღიმილით ქალმა და, თითქოს ახლო მეგობარი იყოსო, თავაზიანად ხელი დაჰკრა კალთაზე, თავისი სკამიდან ლამაზად გადაწვდილმა.
ოთარაანთ ქვრივი შეიშმუშნა. როგორღაც უხერხულად მოეჩვენა, ეუცხოვა ასეთი ტოლ-ამხანაგური ქცევა ახალგაზრდა ქალისგან: „მე ვინ ვარ და ეს გუშინდელი ბავშვი ვინ არისო,“ – იფიქრა. მიხვდა კი, რომ კესო აფრთხილებდა და ისე, რომ საწყენად არ დარჩენოდა.
„ენამ გულის სათქმელი უნდა თქვას, ზედმეტი თავაზიანობა რა საჭიროა,“ – უთხრა ქალს ოთარაანთ ქვრივმა ცოტა არ იყოს გაბრაზებულმა.
„ეგ რატომ თქვი?“
„იმიტომ, რომ შენ ჩემს სიტყვა-პასუხს შეუშინდი და ჩემი გაფრთხილება გინდა. მორიდებულს პირდაპირი სჯობია.“
„მკვახედ იცი ლაპარაკი, მაგრამ კარგი ქალი კი ხარ.“
„შენც რომ ჩემი დღეები გამოგევლო, ჩემს ტაფაში დამწვარიყავი, შენც ასე ილაპარაკებდი. ან სხვაგვარად ლაპარაკი რა საჭიროა? ადამიანს ვარამი და ჭირი ალაპარაკებს. ქვეყანაზე რომ ჭირი არ იყოს, ადამიანი ენასაც არ ამოიდგამდა: მეტი ტვირთია. ლხინს რა ლაპარაკი უნდა? ძაღლს რომ უხარია, კუდის ქნევითაც იტყვის ხოლმე.“
„ე... ე... ე! თქვენ მე ვიცი, ცოტა ხანში ქვასაც ჩამოურევთ,“ – ჩაერია არჩილი, – „ნათლიდედა საქმის ქალია, რა უნდა ელაპარაკო? არა, ნათლიდედა?“
„რატომ? ზოგან თქმაც კარგია.“
„შენ ხომ ამისთვის არ მოხვიდოდი ჩვენთან; საქმე რამ გექნება,“ – უთხრა ხელახლა არჩილმა.
„მართალია, უსაქმოდ არ მოვსულვარ.“
„ბრძანე: შენი ხმალი და ჩემი კისერი.“
„ჩემს გიორგის თქვენთან მუშაობა უნდა.“
„ვიცით და შენ მოგერიდეთ. შენი დიდი პატივისცემა გვაქვს და პატივს ვერ გაგიტეხთ. შენს ნებართვის გარეშე ეგ საქმე არ მოხდება.“
„ჩემი ნებაც არის. ჩემი შვილი ჯერ მე დამეკითხა. მეწყინა, მაგრამ დაშლა აღარ შეიძლებოდა. მრცხვენია, კარგი ოჯახის შვილია, კარგი მამის შთამომავალია. ვთაკილობ და გვიანღაა წუწუნი: ვერ გავტეხე, ვერ ავუხირდი. დაე, რაც გასაკეთებელია, გაკეთდეს.“
„თუ ასეა, უარს მე ვეტყვი,“ – უთხრა არჩილმა, – „შვილი შენისთანა დედას როგორ არ უნდა ემორჩილებოდეს!..“
„ნუ, ნუ!.. ნუ ეტყვი უარს. მე დედა ვარ და წამავალი. ის შვილია და მომავალი; მე მივდივარ, ის მოდის. მისი დღეები გასავლელი მინდორია, მე კი ჩემი მანძილი გამივლია. მე ბოლოში ვარ, ის თავში. წინ ვერ ავეფარები.“
„მითომ რა გაჭირვებაა, თუ შენი საამური არ არის?“ – იკითხა კესომ.
„გაჭირვება რას ნიშნავს? სურვილია, ბედია... ჯერ დაუდუღარი მაჭარია და ბუყბუყებს. დაუდუღარ მაჭარს სარქველი არ დაეხურება, ჭურჭელს გაჰხეთქს. დაე, თავის ნებაზე იყოს. მე არ ვუშლი, რაკი თვითონ არ იშლის.“
„რაკი ასეა, ისე შეგინახავ შვილს, მტერიც კი შეგშურდება,“ – უთხრა არჩილმა.
„მაგას არ წავეხარბინები. ის თვითონაც კარგად შეინახავს თავის თავს, ისეთი მამის შვილია,“ – უპასუხა ოთარაანთ ქვრივმა, – „ეჰ, კარგი იქნებოდა სხვისთვის არ გაეხადა თავი, მაგრამ რაც არის, არის!..“
„ახლა შენ რომ მარტო დარჩები?“ – იკითხა კესომ.
„მარტო რატომ დავრჩები? ზოგი ჩემს გულშიაც ჩაიხედე, რამდენი საზრუნავი მიზის. ჭირადაც მეყოფა და ლხინადაც.“
„აკი ნათლიდედამ მორიდება არ იცისო? აკი პირდაპირ თქმა უყვარსო? მე აქ არაფერი მესმის,“ – თქვა არჩილმა და შეხედა დას, თითქოს იმას ეკითხებაო.
„მორიდებული რა ვთქვი? ადამიანს სანამ ხელ-ფეხი ერჩის, მარტო არ იქნება, საქმეა მარტოხელას მეგობარი. წუთისოფელი ვის აცლის მარტოობისთვის? მარტო თქვენისთანას... მარტონი თქვენა ხართ.“
„მართალი გინდოდა და ეგეც მართალი,“ – უთხრა კესომ ძმას უწყინარი ღიმილით.
„ნათლიდედა სიტყვას მარტო ხუმრობად ხმარობს,“ – თითქოს გაიხუმრა არჩილმა, მაგრამ ვაი ხუმრობას!..
არჩილი წამოდგა ფეხზე, ტანში გაიმართა, თითქოს რაღაცამ დაუჭიმა ძარღვებიო, – ჩაიწყო ჯიბეში ხელები და დაიწყო წინ და უკან სიარული, მერე მივიდა, წინ დაუდგა კესოს და ჰკითხა რუსულად:
„როგორ გგონია? წინდახედული მხილებაა, თუ წინდაუხედავი თავხედობა?“
„შენ მართალი ხარ,“ – უპასუხა დამ რუსულადვე, – „ერთი ჭკუამ იცის და შესაწყნარებელია, მეორე ურცხვობამ და საწყენია. მე პირველი მგონია.“
არ ვიცით, ძმამ დაიჯერა თუ არა დის სიტყვა, ამას კი ვიტყვით, რომ არჩილი ამის შემდეგ მივიდა ოთარაანთ ქვრივთან მხიარული სახით და გულწრფელად უთხრა:
„ბრძენი ქალი ხარ, ნათლიდედა, ბრძენი!..“
სხვა დროს იქნება ერთი თავისებური მკვახე სიტყვა ეტკიცა ოთარაანთ ქვრივს ამ ქებისთვის, მაგრამ ახლა კი გაუჩუმდა. მერე თვითონაც უკვირდა, ნეტა ენა რამ დამიბაო.