prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

ოთარაანთ ქვრივი — თავი XI შინაარსი და გამარტივებული ტექსტი

ილია ჭავჭავაძე · პროზა

გამარტივებული სასწავლო გადმოცემა · AI-ის დახმარებით

თავი XI

– XI –

ორი თვალი

იმ დღეს, როცა გიორგიმ დააპირა არჩილის ოჯახში წასვლა მოჯამაგირედ დასადგომად, ისეთი მხიარული სახე ჰქონდა, რომ ოთარაანთ ქვრივმა სიამოვნებით თქვა:

„ძლივს შუბლგახსნილი არ ვნახე!“

სიამოვნებით კი თქვა?..

ამაზე შეიძლება ითქვას, რომ კი და არაც. ეს რაღაც „მზიან-ჩრდილიანი“ სიამოვნება იყო. მზიანი იმიტომ – რომ უხაროდა შვილის სიხარული, ჩრდილიანი იმიტომ – რომ ეწუხებოდა დედური წუხილი, სტკიოდა დედური გული, – „რატომ უხარია ჩემგან წასვლა და სხვასთან ყოფნაო!“ მზე და ჩრდილი, ნათელი და ბნელი, ტკივილი და ამება ერთმანეთში აირია და ჩაეწნა.

დედამ შვილს ჩაულაგა ერთი ხელი უკეთესი ქვეშაგები, საცვალი ტანსაცმელი, კარგი ლეკური შალის ჩოხა-შარვალი, ყანაოზის ახალუხი, ორი წყვილი თავისი ხელით მოქსოვილი ჭრელი წინდა, ახლად ნაყიდი ყაითნებით მორთული საცვეთები, ბაზარში განგებ შეკერილი და ყაითნებითვე დახლართული ქვემოური ქალამნები. ყველაფერი ეს გამოუკრა ჯერ სუზანში, მერე ფარდაგში და შეკრა მაფრაშასავით თოკებით.

„დედი, დედი! ეს რა ამბავია?“ – ჰკითხა გაცინებით შვილმა, როცა ეს სამზადისი დაინახა, – „ცხრა მთას იქით ხომ არ მიშვებ, რომ მაგდენი ბარგი თან მატან.“

„არა, შვილო!.. უამისობა არ იქნება. დაე იცოდნენ, რომ ოჯახის შვილი ხარ და არა მარტოხელა ვინმე, უპატრონო. დაე იცოდნენ, რომ ოჯახიდან გადიხარ და არა უოჯახობიდან.“

„განა არ იციან?“

„გაგონილს თვალით ნანახი სჯობია. დაე, რაც ყურით გაუგიათ, თვალითაც ნახონ.“

„სასაცილოდ ამიგდებს მთელი სოფელი, ასე ბარგაკიდებული რომ მნახონ.“

„თავის დაცინვას კაცი არ მოუკლავს. კაცი რომ სულელების კბილთა ღრჭიალს აჰყვეს, სად წავა?“

„ძალიან ბევრია, დედი, ამდენი ბარგი!.. თითქოს ქალი ვიყო და მათხოვებდე.“

„ქალი რომ იყო, ასე ადვილად ვერ გამიფრინდებოდი ხელიდან.“

„ქალი ხომ უფრო საბოლოო არ არის დედ-მამისთვის. ქალი მოდის იმისთვის, რომ წავიდეს და სხვაგან გაიკეთოს ბუდე.“

„მართალია, მაგრამ ქალი, – სანამ გათხოვდება, – დასაცავი ბავშვია და ფრთას ქვეშ უზის დედას.“

„როგორ? წნილად შემინახავდი თუ?“

„მაგას არ გეუბნები. ქალი ბედს შინ ელოდება, კაცი კი გარეთ ეძებს...“

გიორგი აიმრიზა, ხმა აღარ გასცა. მიტრიალდა და კუთხეში რაღაც ფაცური დაიწყო, ვითომდა ეძებს რასმე.

ოთარაანთ ქვრივმა ეს უცებ გაწყვეტა ლაპარაკისა შეამჩნია და არ შეიმჩნია კი.

„უფრთხის ახლოს მისვლასო,“ – იფიქრა დედამ.

გიორგი ცოტა ხნის შემდეგ ხელახლა მოუტრიალდა დედას, ხელი ჩაჰკიდა შეკრულ ბარგს და ასე, ხელჩაკიდებისგან ერთ მხრივ გადახრილმა უთხრა:

„ნება შენი იყოს, დედი!.. ამ ბარგი-ბარხანით მივდივარ...“

თქვა ეს, მხიარულად შეიგდო მხარზე ბარგი და გასწია.

ოთარაანთ ქვრივმა დიდხანს ადევნა თვალი დერეფნიდან... დიდხანს ადევნა, დიდხანს, სანამ თვალთაგან მიეფარებოდა შვილი, თითქოს ხმაამოუღებლად იხვეწებოდა, – „ერთი მაინც შემომხედოსო.“ მაგრამ გიორგიმ უკან აღარ მოიხედა...

დედას გულმა ტეხა დაუწყო.

„უკან აღარ მოიხედა!..“ – დაიკვნესა დედამ, – „ჩემგან მიდის, თითქოს ძაფიც არ იჭერს; სხვაგან მიდის, თითქოს თოკით ეწევიანო.“

ფეხზე მდგომ ოთარაანთ ქვრივს თავი ძირს ჩამოუვარდა დამბლასავით, თითქოს კისრის ძარღვი გაუწყდა, ვეღარ შეიმაგრა და ნიკაპით გულზე დასაბჯენადღა დაეკიდაო.

„ჩემგან მიდის და პატარა ნაღველიც უკან არ ახედებს... განა აქ არაფერი დარჩა!.. სხვაგან მიდის და სიხარული მარტო წინ აყურებინებს… განა ყველაფერი იქ არის, სულ ყველაფერი!..“ – დაიკვნესა ხელახლა დედის გულმა.

ამის თქმაზე ოთარაანთ ქვრივმა კაბის სახელო წამოიწია და მთელი მკლავი დაჭიმული სახელოთი მოისვა თვალებზე.

თვითონაც არ იცოდა, – რატომ გააკეთა ეს. ეს უნებურად, უცოდნელად მოუვიდა. ხელმა თავისთავად დაასწრო, სანამ გული ცრემლს წამოჰღვრიდა. თითქოს ხელი არ დაეკითხა გულს, – „არ დამაგვიანოს, არ დამიშალოსო.“

ოთარაანთ ქვრივს თვალში ცრემლი არ უჩანდა!.. განა აქვს კი ცრემლი ცეცხლმოკიდებულ გულს?!

ჩამოჯდა ოთარაანთ ქვრივი დერეფნის ზღურბლზე. ჩაჰკიდა კვლავაც თავი და ორივე იდაყვით მუხლების თავზე დაებჯინა.

ოთარაანთ ქვრივი ფიქრმა წაიღო...

„დედა-შვილობაში შენ-ჩემობა რატომ არის?“ – ჰკითხა ოთარაანთ ქვრივმა თავის თავს. – „დედა-შვილობაში ორი თვალი რატომ უნდა იყოს? ნეტა დედას სხვასავით მაინც ორი თვალი არ ჰქონოდა... თუ აქვს, რატომ უჭრის ერთი თავისად, მეორე შვილისად? გული რატომ იხედება გარეთ ორი თვალით, რატომ? – რატომ ერთი თვალი არ ბრმავდება, როცა მეორე იყურება?.. ვინ ვისთვისაო, – რა საკითხავია დედა-შვილობაში?.. ვაი რომ საკითხავი ყოფილა! ამის ჭიდილია თურმე დედა-შვილობაცა!..“

დიდხანს იტრიალა ამ ფიქრების მორევში ოთარაანთ ქვრივის გულმა და გონებამ. მერე თითქოს რაღაც ხიდი გაიდო მორევიდან გამოსასვლელად, წამოდგა ფეხზე და ხმამაღლა თქვა:

„არა, შვილო!.. შენ გაიხარე, შენ!.. მე კი... მე კი... მე ჩემთვის მაყურებელ თვალს დავიბრმავებ და შენთვის მაყურებელითღა ვივლი და ვიცოცხლებ...“

მთავარი დეტალები და რთული სიტყვები

თავი XI

შენარჩუნებული მთავარი დეტალები

  • ოთარაანთ ქვრივის ვიზიტი არჩილის ოჯახში გიორგის მოჯამაგირედ დადგომის საკითხზე.
  • ოთარაანთ ქვრივის მკვახე, პირდაპირი საუბრის მანერა და მისი ცხოვრებისეული გამოცდილება.
  • დედის მტკივნეული გადაწყვეტილება შვილის ნების გათვალისწინებაზე, მიუხედავად საკუთარი წუხილისა.
  • ოთარაანთ ქვრივის შინაგანი კონფლიქტი და დედობრივი სიყვარულის სიმბოლური გამოხატვა „ორი თვალის“ მეტაფორით.
  • გიორგის გამგზავრება არჩილთან სამუშაოდ და დედის გულისტკივილი შვილის უკანმოუხედავად წასვლის გამო.
  • გიორგის მიერ არჩილის ახალი ვენახის დაგეგმარების კრიტიკა და მისი პრაქტიკული რჩევა მორწყვის პრობლემასთან დაკავშირებით.
  • არჩილის თავდაპირველი გაღიზიანება, შემდეგ კი გიორგის სიმართლის აღიარება და მისი გონიერების დაფასება.
  • არჩილი დას უყვება თავის გამოცდილებას.
  • კესო დასცინის არჩილს, მაგრამ სიყვარულით.
  • არჩილი განმარტავს, რომ თავმოწონებულ უცოდინრობას ყოველთვის მოსდის ასეთი გაკვეთილი.
  • არჩილი აკრიტიკებს მხოლოდ წიგნებზე დამოკიდებულებას და უწიგნო ცოდნის უგულებელყოფას.
  • არჩილი ამტკიცებს, რომ გონიერი ადამიანი, თუნდაც უწიგნო, შეიძლება იყოს ოსტატი სხვებისთვის.
  • კესო არჩილის აზრს ეთანხმება და ამბობს, რომ ეს უსაფუძვლო სიბრძნის ბრალია.
  • არჩილი ამატებს, რომ ეს უვიცობის ცუდმედიდობის ბრალიცაა.

რთული სიტყვების განმარტება

მერმედ
შემდეგ
არჩილიანთას
არჩილის ოჯახში
ფურცელ-ქვეშ
დიდი ხის ქვეშ
შეექცეოდნენ
სვამდნენ, ჭამდნენ
მკვახედ
უხეშად, პირდაპირ
აფრა არ აუშვა
ნუ დაიწყებ ლაპარაკს, ნუ გააგრძელებ
ეუცხოვა
უცნაურად მოეჩვენა, უხერხულად იგრძნო თავი
მიხვევ-მოხვეულს
მორიდებულს, არაპირდაპირს
ბღარტები
საზრუნავები, სადარდებლები (პირდაპირი მნიშვნელობით: წიწილები, ბარტყები)
მოჯამაგირედ
დაქირავებულ მუშად
ქვეშაგები
საწოლი, თეთრეული
მაფრაშასავით
დიდი ტომარასავით, რომელშიც ტანსაცმელს ინახავდნენ
წკიპურტი მოჰხვედრია
მოულოდნელი გაკვეთილი მიუღია, შენიშვნა მიუღია
მოატკბო
გააქრო, შეარბილა, დააცხრო
კილომა
ტონმა, საუბრის მანერამ
თავმოწონებულს არ-ცოდნას
თავმოწონებულ უცოდინრობას, როცა ადამიანი თავს ჭკვიანად მიიჩნევს, თუმცა სინამდვილეში არ იცის
ქვეყნის ღერძს ხელი ჩვენ ჩავკიდეთო
სამყაროს მართვა ჩვენ დავიწყეთ, ყველაფერი ჩვენ ვიცით
რაკი
რადგან, ვინაიდან
აბუჩად აგდება
დამცირება, არაფრად ჩაგდება
თვალთახედვის ისარი
თვალთახედვის არე, აღქმის უნარი

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

გამარტივებული ვერსია: prep.ge, AI-ის დახმარებით. ეს სასწავლო გადმოცემაა და არა ავტორის ორიგინალი ან აუცილებლად მოკლე შეჯამება. ზუსტი ფორმულირებები შეადარე ორიგინალს. საფუძველი — ილია ჭავჭავაძე. ორიგინალის წაკითხვა.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.