prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

ოთარაანთ ქვრივი — თავი XIII შინაარსი და გამარტივებული ტექსტი

ილია ჭავჭავაძე · პროზა

გამარტივებული სასწავლო გადმოცემა · AI-ის დახმარებით

თავი XIII

XIII

„ახალი ცოცხი კარგად გვის!“

არჩილმა ეს სიტყვები ძლივს დაამთავრა, რომ ოთახში ყვირილი და ხმაური შემოესმათ. არჩილი მაშინვე გარეთ გავარდა და აივნიდან დაუძახა მოსამსახურეებს, რომლებიც თავლადან გამოცვივდნენ:

– ეს რა ყვირილ-ღრიალია?

– რა მოგახსენოთ? თავლადან მოდის, – უპასუხა ვიღაცამ.

– ერთი შემატყობინეთ, რა ამბავია?

სანამ ვინმე წავიდოდა, თავლადან უკვე გამოჰრბოდა მეჯინიბე, ვიღაცას მხარ-უკუღმა მუშტს უღერებდა, იმუქრებოდა და ლანძღავდა.

– ბატონო, ეს რა ღვთის რისხვაა? – დაუძახა ქვევიდან მეჯინიბემ არჩილს, რომელიც აივანზე იდგა. – ეს ვიღაც ოხერი, უვარგისი კაცი მოთრეულა, ცემით თავ-პირი აღარ შემარჩინა.

– ვინ ოხერი, უვარგისი კაცი?

– აი, ეს ახალი მოჯამაგირე.

– გიორგი?

– ეშმაკმა იცის, ვინ არის, გიორგია თუ ვიღაცა.

– მერე რა მოხდა?

– რაღა რა მოხდა?!.. თქვენ რომ ვენახიდან მობრძანდით, თქვენს ცხენს უნაგირი მოვხსენი და დავაბი. ისიც ხომ თქვენ ფეხდაფეხ მოგყვებოდათ. შემოვიდა თავლაში, ჩხუბი დამიწყო, გამლანძღა, მეც ვლანძღე და მერე ქვეშ ამომიდო და ისე მცემა, რომ ნეკნები ჩემი აღარ არის.

– აბა, ერთი გიორგი დამიძახეთ, – უბრძანა არჩილმა.

ერთი მოსამსახურე გაიქცა დასაძახებლად. ამ დროს კესოც გამოვიდა აივანზე, გვერდით მოუდგა ძმას და ჰკითხა:

– რა ამბავია?

– რაღაც ჩხუბი მოსვლიათ.

– ვისა და ვის?

– გიორგისა და მეჯინიბეს.

– რაზე?

– ზუსტად არც მე ვიცი. აი, გიორგი მოვა და გავიგებთ.

მოვიდა გიორგიც. იღლიაში ახალუხი ჩამოხეოდა და ცდილობდა დაემალა. გოგო-ბიჭებმა, ვინც კი ამ დროს სახლში იყო, ყველამ აივანთან, ეზოში მოიყარა თავი.

– ჩხუბი მოგივიდა? – ჰკითხა არჩილმა გიორგის.

– არა. ამასთან საჩხუბარი რა მქონდა?

– მაშ რას გიჩივის, მცემაო.

– ცემით კი ვცემე.

– ეგ ხომ ჩხუბზე უარესია. რატომ სცემე?

– შენი ცხენი ისე ოფლიანი დაება. თავლაში რომ შევედი, თვითონ პირაღმა გაშოტილიყო ტახტზე და ყალიონს ეწეოდა. მე ვუთხარი: – ცოდო არ არის, ოფლიანი ცხენი დაგიბამს, ცოტა ხანს მაინც ატარებდი, ზურგზე წყალს მაინც გადაავლებდი-მეთქი. ხომ გაფუჭდა ცხენი: ან ზურგმა ჰავა აართვა, ან ფეხში დაიხუთა-მეთქი.

არამკითხე მოამბეო, მიტყიპე და მიაგდეო, მითხრა მშვიდად და ყალიონიდან ძლიერად გამოაბოლა. – ვერც მიმტყიპავ და ვერც მიმაგდებ-მეთქი. წავედი ცხენის ასაშვებად, მე მინდოდა პატარა მეტარებინა და წყალი გადამევლო ოფლიან ზურგზე. – წადიო, ვიღაცა მოთრეულხარო, – დამიძახა და დედა შემაგინა. ამაზე გული მომივიდა და ვცემე. მამაჩემსაც არ შევარჩენდი დედაჩემის ცუდად ხსენებას.

– ეგრე კი იყო? – ჰკითხა კესომ გიორგის და გადმოხედა.

– ტყუილი რა საკადრისია!..

– ეგრე იყო, ეგრე! – დაიძახა პატარა ბიჭმა, მეხბორემ, რომელიც მაშინ თავლაში იყო, – ზუსტად ეგრე იყო, მე იქ ვიყავი.

– კესო, ერთი დავთარში ნახე, რა ერგება, და გამოუტანე.

კესო გამოუკითხავადაც მიხვდა, ვისზე უთხრა ძმამ. შებრუნდა ოთახში, ცოტა ხნის შემდეგ გამოვიდა და უთხრა:

– ოცდახუთი მანეთიღა ერგება. აი, ფულიც.

არჩილმა ჩამოართვა ფული, აივნიდან გადუგდო მეჯინიბეს და ჩასძახა:

– აი, ძმობილო, ესღა გერგება. ალალი იყოს შენზე და მე ჩემს სახლში კი ვეღარ დაგაყენებ...

– მე მცემეს და მევე მიწყრებით?!

– ამის შემდეგ ჭკუა იცოდე: შენ რომ ცუდკაცობდე, კარგ-კაცობაზე სხვას მაინც ნუ გალანძღავ.

არჩილი და კესო შებრუნდნენ ოთახში. გოგო-ბიჭები წავიდ-წამოვიდნენ.

– „მითამ ახალი ცოცხია და კარგად გვისო!“ – ამბობდნენ დაცინვით ზოგიერთები ახალ მოჯამაგირეზე.

– „დაძველდები და შენც მოატან ქვიშასაო“, – იძახოდნენ მეორენი.

– „ეგ სხვა დედის შვილია!.. მაგას ოთარაანთ ქვრივის შვილს ეძახიანო!“ – ამბობდა ამათში მარტო ერთადერთი კაცი, ისიც ხმაამოუღებლად, თავის გულში ამბობდა.

ეს იყო მეწისქვილე არჩილის კარის წისქვილისა, – კაცი ძველი, გულჩახვეული, გულჩაკეტილი, ჩუმი და ამიტომ ყველასაგან დაბრიყვებული. ვინ იცის, საიდან სად იყო გადმოგდებული და აქ წისქვილში როდის შემოხიზნული? აქ მეწისქვილედ დაბერებულიყო უცოლოდ, უშვილოდ, უთვისტომოდ. არავინ იცოდა, ვინ არის და საიდან არის... ამისი ვარსკვლავი მარტო ამოსულიყო სადღაც და როდესღაც და ახლა მარტოდ ჩადიოდა დინჯად და მშვიდობიანად, ტკბილად და უწყინარად.

XIV

მთავარი დეტალები და რთული სიტყვები

თავი XIII

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

გამარტივებული ვერსია: prep.ge, AI-ის დახმარებით. ეს სასწავლო გადმოცემაა და არა ავტორის ორიგინალი ან აუცილებლად მოკლე შეჯამება. ზუსტი ფორმულირებები შეადარე ორიგინალს. საფუძველი — ილია ჭავჭავაძე. ორიგინალის წაკითხვა.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.