კარი პირველი — თავი VII
ერთხელ დილას იოანე მაღალ ბორცვზე იდგა და ნეტარების ცრემლები მის თეთრ წვერზე ეცემოდა. ზღვა და ხმელეთი მის თვალწინ ედემის ბაღივით იშლებოდა და უნებურად სამოთხის სიამემ მოიცვა.
დიდხანს, გრძნობამორეული, ვერაფერს ამბობდა. მხოლოდ ნეტარების ნიშნად ხელები მაღლა ასწია. თითქოს მაშინ უნდოდა ცა და დედამიწა შეეჩერებინა, რათა ეს წუთიერი ნეტარება გაგრძელებულიყო.
ამ დროს მის წინ, როგორც ხილვა, გამოჩნდა მგზავრი-მწირი. ის დაემხო და თაყვანი სცა, განზრახ მოარიდა პირი.
იოანე უცებ შეკრთა და ბერძნულად უთხრა: „ვინ ხარ, შვილო? ან რას მთხოვ? მიპასუხე ნათლად!“
„შენს ლოცვა-კურთხევას, მამაშვილურად და მეგობრულად!“ – უპასუხა მწირმა იოანეს ტკბილი ქართულით.
ქართული ლექსის გაგონებამ იოანე ააჩქარა, ტანში რაღაც უნებურმა ჟრუანტელმა დაუარა. მივარდა და ხელი სტაცა, დაჩქარებით წამოაყენა. როცა შეხედა, უფრო შეკრთა, გაშტერებით მიაჩერდა.
აკვირვებდა მოულოდნელი ხილვა და სანახავი: იმ გლახაკის სამოსელში თორნიკე ერისთავი იცნო.
კარი მეორე
I