VII
ერთხელ დილას იოანე
შემდგარიყო მაღალ სერზედ
და ცრემლები ნეტარების
ეცემოდა სპეტაკ წვერზედ.
ზღვა და ხმელი იმის თვალ წინ
იშლებოდა ედემურად
და სამოთხის სიამესა
გაემსჭვალა უნებურად...
დიდხანს, გრძნობამორეული,
ვეღარაფრის იყო მთქმელი,
მხოლოდ ნიშნად ნეტარების
მას აეპყრა მაღლა ხელი.
თითოს მაშინ მას უნდოდა
ცის და ქვეყნის შემყარება,
რომ ამითი წუთიერი
გაგრძობოდა ნეტარება!..
ამ დროს მის წინ, ვით ჩვენება,
გამოცხადდა მგზავრი-მწირი;
დაემხო და თაყვანი სცა,
მოარიდა განზრახ პირი.
შეკრთა უცებ იოანე
და უთხრა მას ბერძნულ ენით:
„ვინ ხარ, შვილო? ან რასა მთხოვ?
მიპასუხე გამოჩენით!“
- „შენსა ლოცვა-კურთხევასა
მამაშვილურ-მეგობრულად!“ –
უპასუხა იოანეს
მაშინ მწირმა ტკბილ-ქართულად.
ქართულ ლექსის გაგონებამ
იოანე ააჩქარა,
ტანში რაღაც უნებურმა
ჟრუანტელმა დაუარა.
მივარდა და ხელი სტაცა,
ააყენა დაჩქარებით;
რომ შეხედა, უფრო შეკრთა,
მიაჩერდა გაშტერებით...
აკვირვებდა ულოდნელი
ჩვენება და სანახავი:
იმ გლახაკის სამოსელში
იცნო თორნიკ ერისთავი.