prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

თორნიკე ერისთავი — კარი პირველი — თავი I

აკაკი წერეთელი · პოეზია

შესავალი

ვინ დასთვალოს ზღვაში ქვიშა

და ან ცაზე ვარსკვლავები?

ვინ შეამკოს ღირსეულად

ქართველ გმირთა მხარ-მკლავები?

ვინ მოგვითხრას მათი საქმე

უთვალავი, საგმირონი,

და ან მათზე გადმოსული

მადლი ღვთისა და მირონი?

ნაშთი ძველი დიდებისა

არ გამქრალა ჯერაც ყველა...

დღესაც მისის შარავანდით

ნიშანს გვაძლევს ცისარტყელა!..

შვიდ სამთავროს მოგვაგონებს

მოელვარე ის შვიდფერი

და გვამღერებს: „არ მომკვდარა,

გაიღვიძებს ისევ ერი!“

ამ იმედით ფრთა შესხმული

ჩვენი გული სიამით ძგერს

და ოცნებაც ლაჟვარდ-ფერად

წარმოგვიდგენს ქართლისა ერს.

წარსულ-ნერგზედ ახალ-ნამყნის

ველოდებით შეხორცებას!

მით ვიქარვებთ აწმყო ნაღველს

და ვეძლევით აღტაცებას.

კარი პირველი

I

მეფე დავითს, კურაპალატს,

ჰქონდა ერთხელ წვეულება:

მშვიდობის დროს ჩვენს მეფეებს

ჰქონიათ ეს ჩვეულება.

საქართველოს ყოველ კუთხით

მოეყარა თავი ერსა;

ილხენდენ და გაჰკიოდნენ

ერთხმად „მრავალჟამიერსა“.

და მართლადაც რომ ჰშვენოდათ

მაშინ იმათ ეს მოლხენა,

რადგან იმ დროს გადმოსული

იყო ქართლზე მადლი ზენა:

გარე მტერი დათრგუნვილი

შუღლს მათ ვეღარ უბედავდა

და შინაგან მშვიდობასაც,

ვინ იყო, რომ ვერ ჰხედავდა?..

ამით გული უხაროდათ

ბატონს და ყმას, ყველას ერთად;

კაცსა კაცად აფასებდნენ,

ადიდებდნენ ღმერთსა ღმერთად;

საქმის დროზე მუშაობდნენ,

უქმე-დღეზე მოილხენდნენ,

მეფე ხალხს და ხალხი მეფეს

სიამესა გულს მოჰფენდნენ.

მთვრალობა და „სადღეგრძელო“

სათვითოო არ იცოდნენ;

ჩვენი ლხინი რომ ენახათ,

სირცხვილითაც დაიწვოდნენ.

პირველ სმაზე ახსენებდენ

საქართველოს და უფალსა,

დღეგრძელობით თაყვანს სცემდენ

მეფესა და დედოფალსა;

ბოლოს გმირებს იგონებდნენ,

მამულისთვის ომებში მკვდარს,

და მღვდელმთავრის კურთხევითა

სვამდენ იმათ შესანდობარს...

სულ ამითი თავდებოდა

მაშინდელი სადღეგრძელო,

თუმცა მათში მეტი იყო

საქები და სასახელო.

ამგვარივე იყო იმ დღეს

ზომიერი ჭამა და სმა...

მოილხინეს, გაშაირდენ

და ერთმანეთს სტყორცნეს მათ ზმა.

ორაზროვან სიტყვებისა

გაიმართა გამოცანა...

ყველას მეფის ხუმარა სჯობს

არვინ არის იმისთანა.

მაგრამ ბოლოს ორბელიძე

მოსწრებულად, გალექსულად,

ცალფეხ ზმების საპასუხოდ

ეუბნება ორლესულად:

„მაღლით წვიმა მოდიოდა,

ნაბადმა ვერ დამფარაო,

დამასველა მან, თავიდან

ფეხებამდე მ ა ს ხ ა რ ა ო!“

ხუმარამ თქვა: „გიჯობნია,

თითს მოვკაკვავ მორჩილადო,

მაგრამ ერთს-კი მოგახსენებ

მოწიწებით და ფრთხილადო:

„ხუმარადაც ვარგებულხარ,

ვაჟკაცობით პირველიო,

მაგრამ ვერ იქმ თორნიკობას,

თუმც მის ადგილს ს უ ლ ე ლ ი ო!“

აქ თორნიკეს ხსენებაზე

მეფე შეკრთა და ეს ბრძანა:

„სთქვი, ხუმარავ, თუ რას ნიშნავს

ეგე შენი გამოცანა?

რა არის, რომ დღეს ჩემ გვერდით

დიდ თორნიკეს ვერ ვხედავო?

მომიკვდა თუ დასნეულდა?..

სთქვი! ტყუილს ნუ მიბედავო!“

მოახსენა: „არ მომკვდარა,

არც სენი რამ აწუხებსო,

მაგრამ ქვეყნის სამსახურზე

დღეიდან-კი ხელს იღებსო.

თვით ვერ ბედავს მოხსენებას,

მოციქულობს ვერცა სხვაო,

რადგანც უნდათ აიცილონ

თქვენი წყრომა და რისხვაო.

აწ გავბედე მოხსენება

ზმებითა და გადაკვრითო

და ნუ მრისხავ კადნიერსა,

გევედრები ცრემლის ღვრითო!..“

მეფემ ბრძანა: „არ გიწყრები,

გმადლობ, ვფიცავ ჩემსა მზესო,

მაგრამ ვნახავ ერისთავსა,

გამოვჰკითხავ მას მიზეზსო!“

სახლთუხუცესს დაუძახა:

„ხვალ თორნიკე მომგვარეთო,

მომინახეთ, სადაც იყოს,

შინ დაგიხვდესთ, თუ გარეთო!“

ეს ბრძანა და ზე წამოდგა,

ნადიმიცა მით გათავდა

და ხვალისთვის დაიბარა

სადარბაზოდ, ვინც იქ ჰყავდა.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — აკაკი წერეთელი.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.