II
„ზეცა დაჰყურებს ქვეყანას
თვალითა ლმობიერითა;
გამოსცდის, გამოაბრძმედებს
ჭირითა მრავალფერითა.
და ამისათვის არ გვმართებს
წარკვეთა სასოებისა;
კუბოს კარამდე მძებნელი
ჩვენ უნდა ვიყოთ შვებისა.
გულგატეხილი ყოველი
მოღალატეა თავისა,
უარმყოფელი სჯულისა
მისივე საესავისა.
მაკვირვებს, დარბაისლებო,
დაცემა ჩვენი სულისა!
აბა, რა ვნახეთ ნიშანი
სამეფოს დასასრულისა?
როგორ დაანგრევს აწ ღმერთი
ქრისტიანობის ბუდესა
ისე, რომ საბოლოვოთაც
აღარ აძლევდეს ზღუდესა?
თუ ბიზანტია აქამდე
სხვა ქვეყნებს სცემდა ნათელსა,
არ დავიჯერებ, რომ ახლა
თვითონ ჩავარდეს ის ბნელსა!..
ბევრი შესწირა მან მსხვერპლი
ქრისტიანობის სახელსა
და ვერ გასწირავს მას ღმერთი:
გამოუგზავნის დამხსნელსა!
მეტყვით: „სად არის? ვინ არის?
რომელი კუთხე ქვეყნისა,
რომ გვქონდეს მისგან იმედი
დახმარების და დახსნისა?“
თქვენც იცით, არის ქვეყანა,
მპყრობელი ქრისტეს სჯულისა,
საქვეყნოდ დამნახვებელი
ქვეყნიურ სასწაულისა,
მოყვრულად მოყვრის მიმღები,
მტრისა დამცემი ზარისა,
პირველ მეომრად ცნობილი
დღეს ქრისტეს წმინდა ჯვარისა.
საქართველოა ეს მხარე,
წილხვედრი ღვთისა დედისა!..
ჭირში მაგარსა არ უყვარს
სუსტად მოდრეკა ქედისა!..
ამ ქვეყნის მეფეს მივმართოთ,
დიდ დავითს კურაპალატსა,
და ის გადუხდის სკლიაროსს
ამ აჯანყება-ღალატსა!“
როგორც რომ ბნელას ღამესა
მთვარე გამოჩნდეს უეცრად
და გაანათოს მიდამო
სხივების ფენით ვერცხლისფრად,
ისე ქართლისა ხსენებამ
გამოაფხიზლა კრებული
და აღუბეჭდა იმედით
მათ სახე შეწუხებული...
და მოახსენეს დედოფალს:
- „ერთხმად თანახმა ვხვდებითო:
მიჰმართეთ ქართველ მეფესა
და ნუღა შესწუხდებითო!..
ისეთი წიგნი მისწერეთ,
რომ მით მოულბოთ გულიო,
და საკადრისიც გაგზავნეთ
იმასთან მოციქულიო,
რომ ჩვენის ქვეყნის ცოდნაში
ის იყოს უკეთესიო
და თანაც კარგად ესმოდეს
მას საქართველოს წესიო!..“
ასე არჩიეს. და ერთხმად
მიჰმართეს სევისტოფორსა,
მაგრამ ის ამგვარ არჩევანს
გულწრფელად იჭერდა შორსა,
რადგან მას ეგულებოდა
სხვა ვინმე საუკეთესო,
და შეევედრა კრებულსა:
„გთხოვთ მომისმინოთ აწ ესო.
ათონის მთაზე ააგეს
ტაძარი ნათლისმცემლისა;
იქ ორი წმინდა ბერია,
მთხეველი წმინდა ცრემლისა.
ულუმბოსავე გაითქვა
მათი სიწმინდის სახელი;
არ ასვენებდენ: დღითიდღე
ემატებოდა მნახველი.
მაშინ მიჰმართეს მთაწმინდას,
დააგდეს ძველი სავანე;
ერთია თორნიკ-ქართველი,
მეორე - დიდ-იოანე.
ერისკაცობის დროსავე
ყოფილან სახელგანთქმულნი
და ჯერაც არ იქნებიან
მათ მხარეს დავიწყებულნი.
მოვიხმოთ ერთი მათგანი,
ვაკისროთ მოციქულობა,
რომ მეფეს სრულად გადასცეს
ეს ჩვენი ჭირნახულობა;
რომ თქვენსა ბრძნულსა წერილსა
სიტყვითაც ბევრი დაურთოს
და ქრისტეს ერის გამოხსნის
სურვილი გულში აუნთოს!..
მალე გავგზავნოთ, სიჩქარით,
რომ დღე და ღამე იაროს,
და მანამ, როგორც იქნება,
ჩვენ გავუმკლავდეთ სკლიაროსს!“
ეს რჩევა ერთხმად მიიღეს.
მთქმელსა სწირავდენ ქებასა
და მაშინათვე შეუდგენ
ამ საქმის ასრულებასა.