prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

თორნიკე ერისთავი — კარი მესამე — თავი V

აკაკი წერეთელი · პოეზია

V

როგორც ისარი, იმ ხეობიდან

გამოხტა ცხენი ამ დროს უეცრად...

ხტის და ჭიხვინებს, ძუა-ფაფარს ჰშლის,

გარბის, გამორბის მარტოკა მინდვრად.

ხან ყურებს აცქვეტს, ხან მიწას სუნავს,

თითქოს დაეძებს მის პატრონ მხედარს,

და იმის გამო ასე ხვიხვინებს,

რომ ვერსად ჰხედავს ვერც ცოცხალს, ვერც მკვდარს

ამ უპატრონო ცხენის დანახვა

თორნიკეს დარჩა მეტად საწყენად,

რადგანაც იცნო მან მაშინათვე

ის ორბელიძის ბედაურ ცხენად.

„ვეჰ! - დაიყვირა - ცუდ ნიშანს ვხედავ

ამას არ უნდა ბევრი ფიციო:

საფრთხეში არის და განსაცდელში

ცხენოსანთ ჯარი, სწორედ ვიციო!“

და უთხრა ჯოჯიკს: - „ახლა შენ იცი,

შავი დღეების შენ ხარ გმირიო:

„ძმა ძმისთვისაო, ამ დღისთვისაო“,

გაგვიადვილე გასაჭირიო!“

მოახტა ჯოჯიკ მაშინ ბედაურს,

მასთანაც მთელი იმისი ჯარი,

და დაექანენ დაღმა მინდვრისკენ

გრიალით, როგორც გრიგალი ქარი.

დასცეს კიჟინა საოცარის ხმით,

მიწას გააკრეს ბედაურები

და მიეშურნენ ხეობისაკენ

მტრის სისხლის მნდომნი, გაუმაძღრები.

შორით მოესმათ ქართველთ კიჟინა,

იცვნეს ჯოჯიკის ხმა და იამათ,

იმედმა სიმხნე გაუორკეცათ

და ბრძოლა იწყეს უფრო თამამათ.

გაახლდა ომი. შეკრთა სკლიაროს,

უგზავნის შიკრიკს მაშინ თარონლებს,

რომ მიახმარონ ქვეითი ჯარი,

ჯოჯიკისაგან შეშინებულებს.

დააგდეს ორთავ ბრძოლის ადგილი

და მოაშურეს ანაზდეულად,

ალყად შემოკრეს ქართველი ჯარი,

ჩაიმწყვდიეს რა იწროში სრულად;

და არ ეშვობდნენ აწ გამარჯვებას!..

ხერხის და რიცხვის ჰქონდათ იმედი,

მაგრამ უკუღმა დაუტრიალდათ

მოულოდნელად იმათაც ბედი:

კვალში მისდია გაბრუნებულ ჯარს

და თანვე მიჰყვა მათ გამრეკელი, -

ტყვილა არ ერქვა მას მეტ სახელად

„შავი კლდის მელა და მიწის მგელი“.

შეატყობინა სავარსამიძეს,

სადაც იბრძოდა მტერი, უჩვენა

და, რაც დღე მაშინ ქართველებს ადგათ,

მტრის ჯარს იგივე დღე დააყენა:

შემოჰკრეს ირგვლივ და ორ ცეცხლ შუა

გამომწყვდეული დარჩა მტრის ჯარი...

გზაარეულებს ყოველის კუთხით

თავზე ატყდებათ მეხი და ზარი.

აივსო ხევი მკვდრებით... დაგუბდა

ბლომად აქ და იქ სისხლისა ღვარი

და, თავის შველა რომ ვისმე ჰსურდეს,

გასაქცევი გზა აღარსად არი!

მაშინ გახედა შორით თორნიკემ

და სთქვა: - „გაერთდა, ვხედავ, ბრძოლაო

სწორედ ახლაა მათთვის საჭირო

გამოცდილ სარდლის თან მიჰყოლაო!“

მოაყვანინა ბერ-კვიცი, შეჯდა,

მიეშურება სადაც ომია;

სიბერე ახლავს, მაგრამ ჯერ კიდევ

გულით ჭაბუკი, სიმხნით ლომია.

ომი რომ ნახა, გულს გადეყარა,

არ დარჩა ბედის უმადურადა

და გაიელვა ზედიზედ მტრებზე

მისმა მახვილმა ძველებურადა.

შემოურბინა ჯარს ირგვლივ გმირმა,

სარდლებს გადასცა მისი ბრძანება:

„გზას ნუ შეუკრავთ გაჭირვებულებს,

დეე, გაიქცნენ, მიეცით ნება!“

და გზა გაუხსნეს დასავლეთისკენ,

გაუკეთეს და განზრახვით კარი;

და მხოლოდ სამის კუთხიდან მკაცრად

მტერს აწვებოდა ქართველი ჯარი.

იბრუნეს პირი დასავლეთისკენ

მტრებმა, გაქცევა ერთად იკადრეს

და მიაშურეს ისევ ძველ საფარს,

ძველსა სიმტკიცეს და ძველ სიმაგრეს.

მაგრამ, როდესაც მიუახლოვდნენ,

„ვაი“-ზე „უი“ მეტი დაერთოთ:

აქ ჯავშანიძე დაუხვდათ ჯარით

და ეს ნუგეშიც სრულად წაერთოთ.

დაჰყარეს იქვე მათ ფარი-ხმალი,

ვეღარ გაუძლეს ამდენს სიმწარეს,

ერთიც დასძახეს: „თავს ვუშველოთო!“

და მიაშურეს ჰალის-მდინარეს.

შეცვინდენ ხიდზე - ჩაუტყდათ ხიდი:

ჩაცვინდენ წყალში კისრა-კოსრითა,

ზოგი დაიხრჩო და ზოგს ნაპირზე

უწყალოდ ჰხოცენ ხმლით და ისრითა.

მოისრა ჯარი... გადარჩა მხოლოდ

თვით სკლიაროსი მცირე მხედრობით

და გაეშურა ბაღდადისაკენ,

სასომიხდილი უბედურობით.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — აკაკი წერეთელი.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.