prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

თორნიკე ერისთავი — კარი მესამე — თავი II

აკაკი წერეთელი · პოეზია

II

მცირე აზიას, ჰალისის პირად,

ერთი ხანია ბანაკად მდგარი,

ასე იმღერის გუნდად და გუნდად

შეუპოვარი ქართველთა ჯარი.

მათი გუგუნი, მათი კიჟინი

ზე ეფინება ირგვლივ მთა და ბარს,

და ესე ყველა ეკლად და ისრად

გულში ესობა სკლიაროსის ჯარს.

კბილებს ილესავს ბრაზმორეული,

არც დღე, არც ღამე აღარ აქვს ძილი;

მაგრამ რას იზამს? მარჯვე დროს ეძებს

მათ შესაბმელად სკლიაროს ფრთხილი.

ქართველი ჯარის ვაგლახად შებმას

გამოცდილება სარდალს აფიქრებს

და ვეღარ ჰბედავს თვითონ იერიშს,

დახვდომა უნდა... ამაგრებს საფრებს.

უნდა, რომ ჯარი მან მიიტყუოს

იმ სიმაგრეში და იქ ებრძოლოს:

თუ არ ამ ხერხით, ისე სხვაგვარად,

ის არ მოელის კეთილსა ბოლოს;

და საკენწლავად გუნდად და გუნდად

წასატყუებლად აგზავნის ჯარებს,

და განზრახულად თვითონვე აღებს

მტრის შესასვლელად ბანაკის კარებს.

მაგრამ თორნიკე გამოცდილია:

არ მოტყუვდება ამგვარი მახით,

მათვე უპირებს გამოტყუებას

სხვაგვარი ხერხით და სულ სხვა სახით.

იქ ქართველთაგან ლაშქრადვე იყო

დასავლეთელი ბერძნების ჯარი

და, რომ თორნიკეს ემონებოდნენ,

მათ მოსდიოდათ ამაზე ჯავრი...

ასე ამბობდნენ მათი სარდლები:

„მართლაც რომ ღმერთი ჩვენ გვიწყრებაო:

მთავარსარდლობა ქართველს უჭირავს,

ეს არის ბერძნის დამცირებაო!“

ეს სცნო თორნიკემ, ჯერ გაიღიმა,

რაღაც სხვა ფიქრმა მას გაუელვა,

მერე შეჭმუხნა რისხვით წარბები,

აინთო სახე, მთლად აიღელვა.

და სთქვა: „მოვსულვართ შორის ქვეყნიდან

მოსახმარებლად კეთილად, ძმურად

და ესენი კი პასუხს გვაძლევენ

ბატონობითა და მედიდურად?!

დიდი ხანია, რაც ჩემს ბრძანებას

აღარ უგდებენ ბერძნები ყურსა

და არად ჰხდიან, თქვენც ჰხედავთ, ძმებო,

ჩვენს ერთგულებას და სამსახურსა!

მაშ, თუ ასეა, აღარ გვაქვს ბრალი,

გულთამხილავო, შენ ჰხედავ, ღმერთო,

რომ უმიზეზოდ შემომწყრალ ხალხთან

აღარა გვაქვს-რა აწ ჩვენ საერთო!“

სთქვა და უბრძანა ჯარს ამხედრება,

საქართველოსკენ უკან გაბრუნდა;

ამით ბერძნები მარტო დაჰყარა

და მიაყარა მათ ქვა და გუნდა...

ეს ამბავი რომ შეიტყვეს მტრებმა,

დააგდეს მყისვე თავის სიმაგრე,

გამოვიდნენ და ყოველის მხრითა

ბერძნების ჯარი შემოჰკრეს გარე;

მისვლის უმალვე ასტეხეს ბრძოლა,

რადგან საგულეს ჰქონდათ მათ გული

მით, რომ ბერძნები ქართველებისგან

დარჩენილიყვნენ მიტოვებული.

რაღა გზა ჰქონდათ? მაშინ ბერძნებმაც

ფარ-ხმალს მოჰკიდეს საომრად ხელი,

თუმცა-კი ჰგრძნობდნენ, რომ გამარჯვება

იმათთვის იყო მეტად რამ ძნელი;

აღარ უნდოდათ შერცხვენილიყვნენ:

თავი შესწირეს, ჰრბძოდნენ გმირულად,

სანამ ურიცხვმა და უთვალავმა

მტერმა არ სძლია ისინი სრულად.

დამარცხდნენ, თუმც კი ხელცარიელი

არ დარჩენილან არც ისინი მტრებს:

რიცხვი არა აქვს სპარსელებისა

და თან სომხების დაჭრილებს და მკვდრებს!..

მაგრამ სკლიაროს ამ გამარჯვებას,

რადგანაცა სთვლის უკანასკნელად

და ვერვის ჰხედავს აწ მის სურვილის

მოწინააღმდეგ-ხელისშემშლელად,

დღესასწაულობს; გრძნობა მორეულს

უდროვოდ ათრობს მეტი სიამე

და ლხინს ეძლევა გულდამშვიდებით

გაუსხლეტელად ის მთელი ღამე.

ის-კი არ იცის, რომ იქვე, სერზედ,

სდგას თორნიკ, მისგან დავიწყებული;

დაჰმზერს მტრის ბანაკს და სარდლებიცა

იქვე ჰყავს გარე შემოხვეული.

სხვადსხვა რჩევას აძლევს სარდლებსა,

მათ-მათ შესაფერს თვითოეულად,

და სახვალიოდ ჯარებს ამზადებს

მტრის შესაბმელად, ჯერ-კი ფარულად.

- „ახლა ხომ ხედავთ, თუ რას ჰნიშნავდა

ბერძნებთან შეუღლი და მოშორება?

თუ არ ამ ხერხით, სხვებრ არ შეგვეძლო

სომხის სარდლების ჩვენ მოღორება.

და დააგდებდნენ საფრებს და ბრძოლას

არ დაგვიწყებდნენ ველზე გაშლილად;

და, თუ პირიქით მივადგებოდით,

დაგვამარცხებდნენ მაშინ ადვილად.

მაგრამ, მადლობა ყოვლის შემძლებელს!

ასრულდა ჩემი განზრახულები:

ვგონებ, რომ ვეღარ გაგვიმაგრდენ ხვალ

ამ გაშლილ ველზე დაღალულები!

თუმც შეგვიძლიან თავზე დავესხათ

ახლაც; ეს ჩვენთვის სულ ადვილია,

მაგრამ რადგანაც არ მოელიან

ეს ღალატსა ჰგავს და სირცხვილია.

გვიჯობს მივადგეთ გამოცხადებით

ისე, როგორც ეს ვაჟკაცთ წესია!

და უკუღმართად ნუ მოვმკით იმას,

რაც ძველებს წაღმა დაუთესია!“

ასე ამბობდა მოხუცებული,

აწყობდა რაზმებს, ჯარს აფრთხილებდა;

სარდლებს სხვადასხვა მხრით აგზავნიდა

და ჯარსაც თვითონ უნაწილებდა.

- „შენგან დავიწყებ ჯერ, ჯავშანიძე:

ომის ველზე ხარ დაბერებული,

გამოცდილი ხარ და, რა თქმა უნდა,

ზომას დაიჭერს ეგ შენი გული.

შენებრ ჭაღარა ათასი კაცი

ამოირჩიე, შეკრიბე ჯარი,

მათ წინ წაუძეღ და საიდუმლოდ

მიდი, აიღე მტრების საფარი!

და, როდესაც აქ ომი ასტყდება,

თქვენ არ გექნებათ მონაწილობა:

უჩინრად უნდა იმალებოდეთ...

არვინ გაბედოს მასზე ცილობა!

რაც უნდა მოხდეს აქ, თქვენ მაინც იქ

ჩუმად იყავით... არვინ აჩქარდეს,

რომ სურვილისგან გატაცებულის

ერთი ისარიც არ გადმოვარდეს.

მხოლოდ, როდესაც უკუქცეული

ისევ მოსძებნის საფარს მტრის ჯარი,

მოულოდნელად მაშინ იქ დახვდით

და გვრგვინვით მეხად დაეცით ზარი!

შენვე გაგზავნე ჩუმად კაცები

ჰალისის პირად... თუ მოახერხონ,

რაც ხიდებია სუყველა ერთად

ქცეშიდან ისე გვარად დახერხონ,

რომ ზედ შემდგარი ლაშქრის სიმძიმე

მომეტებული ვერ აიტანონ,

ჩასტყდნენ ჰალისის მდინარე წყალში

და მტრისა ჯარიც თან ჩაიტანონ!..

- აწ, ორბელიძევ, შენ უნდა გითხრა,

მოწინავე ხარ რადგან სარდალი

და სუყოველთვის შენგან ატყდება

ომისა ცეცხლი და ბრძოლის ალი...

ოთხიათას კაცს, სულ ახალგაზრდებს,

თავგამეტებულს წინ წაუძეხი;

გრიგალ-ქარივით ჩამოუქროლე

და შენებურად დაეცი მეხი!..

მემარჯვნე სარდლად გამრეკელია,

მემარცხნედ - ლომკაც სავარსამიძე,

თითოს სამ სამი ათასი კაცი

ახლავთ, არიან ომის სიმტკიცე.

და დანარჩენი ათასი კაცი

აქვე დარჩება ჩემ თანამხლებლად;

ჯოჯიკი არის მათი უფროსი,

გაჭირვების დროს მოსაშველებლად.

როდესაც ატყდეს პირველად ომი

და გაიმართოს ისრითი ბრძოლა,

გაიფანტენით, თორემ ძნელია

შეჯგუფებულად მტრებზედ მიწოლა.

და შემდეგში კი, ხელჩართულ ომში,

შეერთებულად უნდა იბრძოლოთ,

მხოლოდ გუნდ-გუნდად დაჰყავით ჯარი,

რომ ერთმანეთსა გამოუნაცვლოთ.

ძველი საფრისა და მდინარისკენ

ნუ დაუდგებით, გზები დაუგდეთ

და სხვაგან კი მათ ყოველი კუთხით

უნდა დაუხვდეთ და გაუმაგრდეთ!

მეტს არას გეტყვით!.. რა საჭიროა

მომეტებული სიტყვა და რჩევა?

აქ შეგეწიოსთ წმინდა გიორგი

და მაღლით ღმერთმა მოგცეთ კურთხევა!“

ეს სთქვა თორნიკემ და გაისტუმრა

სარდლები ჯარის მოსამზადებლად

და თვითონ-კი აქ დარჩა სულ მარტოდ

მლოცველად ღვთისა და მადიდებლად.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — აკაკი წერეთელი.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.