prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

თორნიკე ერისთავი — კარი მეორე — თავი IV

აკაკი წერეთელი · პოეზია

IV

- „შედი, მარტოა კათალიკოსი,

ნუ ეგულები იქ დიდ კრებასა,

ჩვეულებრივად ცრემლით მლოცველი,

ეძლევა საღმრთო ნეტარებასა.

ნაბრძანები მაქვს, სხვა არ მივიღო...

მარტო შენთან ჰსურს დღეს საუბარი!“

ეს უთხრა ერთ ბერს სახლთუხუცესმა

და შესავალი უჩვენა კარი.

შევიდა ბერი ფეხაკრეფილი,

მორჩილებითა და დიდის კრძალვით;

იქ დახვდა არსენ ტახტზე მჯდომარე,

გატაცებული ფიქრით და ხალვით.

პირველ შესვლაზე ვერ დაინახა

კრძალვით მისული მასთან სტუმარი.

ბოლოს შენიშნა... აკურთხა მაღლით

და გადასახა ხელგაშლით ჯვარი...

წინ წადგა ბერი. ჯერ უამბორა.

ფერდაკარგულსა გული უძგერდა,

მერე ჩამოდგა და შორიახლოს

ის თავდახრილი კრძალვით გაჩერდა:

კათალიკოსმა შეჰხედა მაშინ

ლმობიერებით და გაიცინა.

- „დიდაარს მხოლოდ ღმერთი უფალი

აქ, ქვეყანაზე, და ცათა შინა!..

რისთვის მეკრძალვი? მომიახლოვდი,

დამიჯექ გვერდით, ვით მეგობარი.

დღეს ისევე მსურს შენთან განვაგრძო,

ადრე რომ გვქონდა, ის საუბარი.

შენზედ არა სჭრის სხვისი სურვილი,

არცა ვედრება და არც მუქარა,

მაშინ შენთავად რა გადასწყვიტე?

ასრულებ ქვეყნის წადილს, თუ არა?“

- „არ შემიძლია, ყოვლად-სამღვდელოვ!

ვერ ვუღალატებ მაღალ მცნებასა

და ვერ უარვყოფ მსოფლიო კრების

დაკანონებულს სურვილს, ნებასა!..

რაკი ერთხელვე ესე სოფელი

დავივიწყე და უარი ვყავი,

ვარ გავტეხ აღთქმას!.. ზეცას ეკუთვნის

ცოდვილი სული და ჩემი თავი.

მღვდელ-მონაზონსა საიქიოსკენ

უნდა ეჭიროს ყოველთვის თვალი!..

აღარ შემშვენის, რომ ხელმეორედ

სისხლით შევღებო ჩემი ფარ-ხმალი!..

ღმერთმა ხომ იცის, რომ მთაწმინდიდან

არ მნდომებია ფეხის გადმოდგმა!

შვიდ დღეს მირჩევდნენ წმინდა მამები

და ვერ შესცვალეს ჩემი გულისთქმა.

თვით წინამძღვარიც და იოანეც

ამაოდ დაშვრენ: ვიდექ უარზედ,

სანამ ბრძანებით, როგორც მორჩილი,

არ გამაგზავნეს სასახლის კარზედ.

იქ დედოფალი დარბაილსებით

ვნახე სულ ერთად შეწუხებული:

საქრისტიანო სკლიაროსისგან

წაბილწული და აოხრებული.

მხოლოდ-ღა ქართლზე მათ დარჩენიათ

ერთი ნუგეში... ერთი იმედი!..

დღეს ჩვენს ხელშია იმათი შველა,

რომ დაუბრუნოთ წაღმავე ბედი!

მიბრძანეს მეფის მოციქულობა,

არ გამივიდა მათთან უარი!..

ტახტს ასველებდა დედოფლისაგან

ჩამონათხევი ცრემლისა ღვარი.

სამაგიეროდ ქართლს ჰპირდებიან

ზემოქვეყნების დამონებასა;

მხოლოდ ამისთვის მე დავეთანხმე

იმათ სურვილს და იმათ ნებასა.

ეხლა კი ისევ უნდა გავბრუნდე,

ამას მოითხოვს ჩემი ღირსება,

თუმც ვერ დავფარავ, რომ სოფლის ზრახვით

ეს ჩემი გული ისევ ივსება.

და, რასაც ერთხმად ჩემგან მოითხოვს

დღეს სამსახურსა ქართველი ერი,

იმას ხომ სხვებიც აასრულებენ?

რა საჭიროა ამისთვის ბერი?

განა ცოტა ჰყავს მეფეს სარდლები?

ერთ იმათთაგანს მიანდოს ჯარი

და მეც, თუ ჰნებავს, თან ვეახლები,

მაგრამ მექნება მე ხელში ჯვარი

და ხატი ყოვლად წმინდა დედისა,

როგორც მოძღვარსა და არა სარდალს;

სხვებმა იბრძოლონ და გამარჯვებას

მე შევსთხოვ ცრემლით მხოლოდ ძალთაძალს“.

- „კეთილი! - ბრძანა კათალიკოსმა:

რაც ადრევე სთქვი, იმ აზრზევე ხარ!

მაშ, ვით უმცროსმა, უფროსის ნება

რომ შეასრულო, ამაზეც მზა ხარ?

ვით კათალიკოსს, შენი ბრძანების,

შენც კარგად იცი, ხელთა მაქვს ნება;

მაგრამ მე მაინც მსურს შეგაგონო,

რომ შემცდარია შენი გონება:

ნუთუ შენ, მართლა, რამე გგონია

ცარიელ სიტყვით ღვთისა დიდება?

განა ღვაწლია ხორციელისგან

ამა სოფლისა კრძალვა-რიდება?

და ეს ქვეყანა მშვენებით სავსე,

შემოქმედების გამომხატველი,

ნუთუ მიტომ გვაქვს მონიჭებული,

რომ ჩვენის ნებით ავიღოთ ხელი?

ვინცა იწუნებს თავმოყვარებით

ამ მიუწდომელ დიდსა ქმნილებას

და უარსა ჰყოფს კანონიერსა

ბუნების ყოვლგვარ მოთხოვნილებას,

ის უარსა ჰყოფს თვით შემოქმედსა!

საბრალო არის ის და შემცდარი,

რადგან არ იცის, თუ ქვეყნიერად

რად მოგვევლინა ჩვენ მაცხოვარი!“

- „ვითა რეგვენი, ღირსი არა ვარ,

ბატონომ თქვენთან გაბაასების,

მაგრამ რა ვქნა, რომ მეც საპასუხოდ

ცოდვილი გული ურჩად მევსების?

და კიდევ გკადრებთ: ლოცვა კარია

ცოდვილისათვის სინანულისა

და მარტოობა სადმე უდაბნოდ -

გასპეტაკება მადლით სულისა!

ამა სიმართლეს უარს ვერა ჰყოფს,

ვინც ქრისტიანად ნათელღებულა;

ამის მაგალითს ქრისტე მით გვაძლევს,

რომ ორმოცი დღე მან იმარხულა“.

- „არა, მამაო! მაგგვარი ახსნა

საცალმოგვოა და შემაცდენი;

მაგითი შუქი დაიჩრდილება,

ჭეშმარიტების გადმონაფენი.

ვიცით, რომ ქრისტემ უდაბნოდ დაჰყო

ის ორმოცი დღე ლოცვა-მარხვითა,

მაგრამ ის იმ დროს იმა ლოცვითა

ქვეყნად საერო საქმებს ჰზრახვიდა.

და როდის დარჩა მეუდაბნოედ?

განა ამ სოფელს ის უარჰყოფდა?

თუ დადიოდა დაბად და სოფლად,

ხალხის ჭირს და ლხინს შუა იყოფდა?..

თვითონ არ დაჰგმო ფარისვლების

გზაჯვარედინზე ლოცვა საქვეყნო

და ნაცვლად მოგვცა მოკლედ სათქმელი

საყოველდღეო „მამაო ჩვენო“?

ასე არ ბრძანა: „თვინიერ საქმის,

წიტყვითი ლოცვა, უწყით, მკვდარ არსო?

და მრავალისა მეტყველებითა

ვერვინ გაიღებს სამოთხის კარსო“?

საქმეა, მხოლოდ საქმე საჭირო,

გულიცა წმიდად დაბადებული

და ქვეყნიურის კეთილ ზრახვებით

სული სიწრფელით გაახლებული!..

ეს არის მხოლოდ ქრისტეს მოძღვრება,

საქრისტიანო ეს არის ვალი!

და ვინც ამატებს ამაზე სხვებსაც,

დაბნეული აქვს მას გზა და კვალი!“

- „ეგ ყველა კარგი, მაგრამ ამ სოფლად

შესრულებული ვისაც აქვს ვალი

და, რომ გააგრძოს კიდევ რამ, მისთვის

არ დარჩენია ღონე და ძალი!

ნუთუ არა სჯობს უქმად ყოფობას,

გადგეს უდაბნოდ მმარხველ-მლოცველად

და არ გაუხდეს სხვებს ამა სოფლად

ურგებ ტვირთად და ხელის შემშლელად?

განა ეს ჩემი უარისყოფა

კერპობა არის და უმეცრება?

მეც კარგად მესმის, რომ ქვეყნიურის

შრომით ეძლევა სულს ნეტარება!

ადრევაც მითქვამს და ეხლაც ვამბობ,

რომ მე თვითონ ვგრძნობ ჩემს უძლურებას!

დღეს, შედარებით, ბევრი მჯობია!

სახალხოდ ვამბობ ამ აღსარებას“.

- „არა!“ „ხმა ღვთისა - ხმა ერისაო“,

ხომ კარგად იცი ეს შენც, მამაო?

დღეს ერი გიხმობს ერთხმად წინამძღვრად

და უარის თქმა არის ამაო!

როდესაც ასე დარწმუნებული

არის რაზედმე ერთპირად ერი,

მაშინ ის არის გულით და სულით

ამაღლებული გმირი-ძლიერი.

დღეს ქართველები შენის სარდლობით

ჰფიქრობენ მტერზე გამარჯვებასა

და უნდა მივყვეთ ჩვენც იმათ სურვილს

და მოხიბლულსა მათსა ნებასა!

ჩემი სიტყვები რომ იგულისხმომ

ხალხის ღაღადსაც დაუგდე ყური!..

ნუთუ გამოხსნა ქრისტიანობის

არ იყოს ისევ ღვთის სამსახური?

გასავრცელებლად ქრისტიანობის

საკმაო არის, დიახაც, ჯვარი,

მაგრამ მის მტრების მოსაგერებლად

ხშირად გვჭირდება ხმალი და ფარი!..

როგორც გვირგვინსა მისის ქმნილების

მისთვის გვნიშნავდა განგება ქვეყნად,

რომ მივემსხვერპლოთ, თავი შევწიროთ

მისსა დიდებას საკურთხად და ძღვნად.

და ეს ძღვენია კეთილი საქმე,

ქრისტიანობის სვეტიცხოველი,

და შენც, თორნიკე, ამის სახელით

ისევე ფარ-ხმალს მოჰკიდე ხელი!..

შეიბ მახვილი და გარეგნობით,

დროს შესაწონად, იცვალე ფერი

და გამოიხსენ განსაცდელისგან

ქრისტეს მმოსავი ბერძენთა ერი!“

სთქვა მღვდელმთავარმა და გადასახა

მადლმინიჭებით მოხუცსა ჯვარი...

და მეორე დღეს თორნიკ-სარდალმა

კიდეც შეჰყარა საომრად ჯარი.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — აკაკი წერეთელი.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.