prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

თორნიკე ერისთავი — კარი პირველი — თავი II

აკაკი წერეთელი · პოეზია

II

გამართულია დარბაზი,

ერიც სამსჯავროდ შეყრილი...

წინ სდგას თორნიკე პირნათლად,

წარბიც არა აქვს შეხრილი.

თავი ჩაიგდო სამსჯავროდ,

მიჰყვა საერო ნებასა,

ჯერ ელის მისგან ბრალდებას

და მერე განჩინებასა.

აბრძანდა მეფე ბრალმდებლად,

ამას კანონი ითხოვდა,

და თაყვანი სცა კრებულსაც,

სანამდი სიტყვას იტყოდა.

თვალამღვრეულად შეხედა

თორნიკეს მრავალწლიანსა;

სიტყვები ყელში ეჩრება,

უმისოდ სიტყვაწყლიანსა.

ბრძანებს და მისსა სიტყვასა

ყურს უგდებს მთელი კრებული;

კრძალვით მოისმენს თორნიკეც,

სხვაგვარად ჩაფიქრებული.

ამბობს: „მბრუნავი ქვეყანა,

ვიცით, რომ ცვალებადია;

ვისაც მიინდობს, გასწირავს,

მისთვის მახე და ბადეა.

მოყვარეს გადაამტერებს,

მტერსა გაუხდის მოყვრადა,

დღევანდელს ლხენა-სიცილსა

ხვალ გადაუქცევს ოხვრადა.

კაცობრიობის დიდება

მას მიაჩნია ჩალადა

და შეუქმნივართ ჩვენ მხოლოდ

ამ სოფლის მაჩანჩალადა!..

შემცდარი არის, ვინც ჰფიქრობს

მედიდურ უეჭველობით!

ან ერთი რა ვართ ამ სოფლად

უსუსურ ჭიანჭველობით?

თუმცა ესე სჭრის გონება,

რომელიც უტყუარია,

მაგრამ ადამის სისხლმა კი

ჩვენი გონება არია.

გული, მეურჩე თავისა,

ცხოვრების წინამძღვარია

და ამის გამო ჩვენს საქმეს

და სიტყვას შუა ზღვარია!

ხშირად მონურად ვასრულებთ

დღეს, რაც რიგი და წესია,

და იმას ვიმკით კანონად,

რაც ძველ დროს დაუთესია!..

მეცა ადამის შვილი ვარ,

თქვენსავით შვილი ქართლისა,

თავდადებული ქვეყნისთვის,

მაძიებელი მართლისა.

მაგრამ მეფე ვარ დღეს თქვენი:

ხელთა მაქვს მეთაურობა!

საქმის დროს საქმე შემშვენის

და ხუმრობის დროს - ხუმრობა.

გუშინ რომ გული მილხენდა,

თქვენც ლხინად მყავდით წვეული;

და დღეს კი გიწვევთ სამსჯავროდ,

გულზედა სისხლმოთხეული.

ერთ კაცის ნდობა ძნელია,

გინდა გადიქცეს გონებად,

და შეუმცდარი ამ ქვეყნად

მეფეცა ნუ გეგონებათ!

ჩვენის წინაპრის გონებას

ადრევე გადუწყვეტია,

რომ სამსჯავროში ისა სჯობს,

მსაჯული რაც რომ მეტია!

და, აჰა, მეცა შეგყარეთ

სამსჯავროდ, როგორც წესია...

თქვენ საჯეთ და მე ავირჩევ,

რომელიც უკეთესია:

თორნიკე მხედართმთავარი,

თითქოს ხახვს გვაჭრის ყურზედა,

მოულოდნელად ხელს იღებს

საერო სამსახურზედა.

გვიწუნებს გმირი სარდლობას,

აპირებს მოსვენებასა;

არც დასდევს მეფის სურვილსა,

არც ითხოვს ხალხის ნებასა...

დიდ მამულიშვილს ურჩობა

ქვეყნის არ შეეფერება!

ვერ მივხვდი... მეტად მაკვირვებს

ამგვარი კადნიერება!

სწორედ აქვს რამე მიზეზი,

შესაწყნარ-პატივსადები,

თქვენგან არდასაფარავი,

საეროდ გასაცხადები.

და უნდა გვითხრას სახალხოდ,

მისთვის მყავს მოწოდებული,

რომ არვინ დარჩეს ჩვენგანი

ხალხისგან ბრალდადებული.

თორემ, ხომ იცით, ქვეყანა

უბრალოდ დამძრახველია:

განაგონებით გადასწყვეტს,

რისიცა არმნახველია!..“

ეს თქვა და ტახტზე დაბრძანდა

მეფურად მეფე სვიანი,

გვერდით მიუსხდნენ მსაჯულად

მოხუც ჭაღარათმიანნი.

მერე სხვებიცა ჩამოჰყვენ,

დასხდენ რიგ-რიგად ყველანი...

მდივანს მზათა აქვს ქაღალდი,

საწერ-კალამი, მელანი.

აქ ჩამოვარდა სიჩუმე,

პასუხს ელიან სარდლისას,

წრფელ სინიდისის მექონის

და მასთან სიტყვა მართლისას.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — აკაკი წერეთელი.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.