IV
„მწარ წარსულის მოგონებით
თქვენ წინ მთქმელი ვარ ამისა,
რომ მომსწრე ვარ საქართველოს
შავი დღის და ვარამისა...
ბევრ თქვენგანს ის არც-კი ახსოვს,
იქნებოდით მაშინ ბალღი,
მაგრამ მე კი დღესაც გულზე
მაშინდელი მაზის დაღი!
ცამან რისხვით მოგვიქუხა,
საქართველოს ადგა ბუნდი,
მონავრულად გვესეოდა
ყოველის მხრით მტრისა გუნდი.
მოგვაწვენ და მოგვაზვრითდენ
ერთიანად ჩასანთქმელად...
რაც რომ მაშინ ჭირი ვნახეთ,
ძნელი არის აწ სათქმელად.
ეს პატარა საქართველო
ჯარასავით დატრიალდა,
გადიწერა რა პირჯვარი,
გაფოლადდა და გასალდა...
მოხუცი, თუ ახალგაზრდა,
ერისკაცი, თუ სამღვდელო,
ყველა ერთმხრივ მიიწევდა,
ერთი ჰქონდა ყველას ლელო!
სადღა იყო განსხვავება?
რის ბატონი? ან ვისი ყმა?!
ყველა ერთად შეკავშირდა,
ერთი ჰქონდათ მათ გულისთქმა:
რომ გულწრფელად მოეხადათ
ქართლის შვილებს მათი ვალი
და სიკვდილით აგმოეხსნათ
ჩვენი ქვეყნის მომავალი!
მამა-პაპის განთქმულ ფარ-ხმალს
უმატებდა შვილი ფასსა
იმითი, რომ ლომკაცურად
შეებმოდა ერთი ასსა.
„ჰკა მაგის“ ხმა ყოველის მხრივ
მოისმოდა მტრის საზარი
და იმ გვირგვინს ბანს აძლევდა
საორკეცოდ მთა და ბარი.
სისხლით მორწყეს ტყე და ველი,
შეიღება წითლად მდელო;
აღდგომის კვერცხს დაემსგავსა
ჭირნახული საქართველო!
განახევრდა ქართველობა...
მაგრამ მტერს კი სძლიეს მათ ღვთით
და თამამად დაიძახეს:
„საქართველო აღსდგა მკვდრეთით!“
და მართლაც რომ გამოიხსნეს
განწირული, სულთამბრძოლი
და გადმოსცეს შვილიშვილთა,
მარგალიტი ვით ობოლი!..
მხედართმთავარ-უხუცესად
იყო მაშინ იოანე,
შემდეგში რომ ბერად შედგა,
დღეს ულუმბოს აქვს სავანე.
სანამ მტერი გარს გვეხვია,
მძვინვარებდა, ვითა ლომი,
გოლიათის შებმას ჰგავდა
მისი ბრძოლა, მისი ომი.
მტრისა ისრით გამხვრეტელი
ხმალს ულეწდა, ფარს უხევდა;
ხშირად მამა-პაპის სისხლზე
თავისასაც ზე ანთხევდა...
ჯოჯოხეთის რისხვა იყო
მისი რისხვა, მისი ვნება;
სანამდი კი მტერს ჰხედავდა,
არ იცოდა მოსვენება.
მაგრამ, როცა საქართველო
ნახა გმირმა დამშვიდებით,
სხვა მაღალ მთას მიაშურა
გალობით და ღვთის დიდებით.
მან ფარ-ხმალი აიყარა,
მოურიდლად თვისის ნებით
და თავსაც ვერ იმართლებდა
ის ჩემსავით მხცოვანებით.
მხოლოდ უთხრა დარაზმულ ჯარს,
„უქმია აწ ფარ-ხმალიო!
აწ სხვა მმართებს სამსახური
და მიმიწევს სხვა ვალიო!“
დაგვლოცა და მისი ხმალი
გადამკიდა, მისგან რჩეულს;
თაყვანი ვეც მორჩილებით,
როგორც მამას, მეც კურთხეულს.
მითხრა: „თორნიკ! ჰა, შენ გქონდეს
სარდლობა და ჩემი ხმალი;
ვინძლო ღირსად აასრულო
მომავალში შენი ვალი!..“
ამ სიტყვებმა მომიმატეს
მე სიმხნე და ერთგულება,
გულმა იგრძნო ფოლადობა
და სულმაცა ამაღლება!
თუმცა ამგვარ დიდებისა
უღირსად თავს ვიგულებდი,
მაგრამ მაინც უნებურად
დღემდი ჩემს ვალს ვასრულებდი.
ავათ იყო ის, თუ კარგათ,
თქვენს ხელთ არის დაფასება:
მე არ მფერობს ჩემი თავის
არც გინება და არც ქება!
ვიტყვი მხოლოდ: ხმა ისმოდა
თქვენგან ჩემის პირველობის
და მე მხოლოდ ვთავკაცობდი,
შემწირველი დიდ მადლობის.
მეფისა და სამშობლოს წინ,
მართალია, მიძღვის ღვაწლი,
მაგრამ, მეფევ, სხვას დავუთმობ
აწ სამსახურს... სხვას დავაცლი!
იმიტომ რომ აღარა ვარ,
რაც ვიყავი ადრე... ძველად:
ჩემ სისუსტეს გული გრძნობს და
გონება სწყვეტს უეჭველად!
მართალია, ეს ჭაღარა
სიყვარულს და სურვილს ვერ ჰკლავს,
მაგრამ ღონის წახმარება
აღარ ძალუძს მუხლსა და მკლავს!
ადრინდულად მუხლს არ მერჩის,
აღარ მიჭრის არცა თვალი...
და ვით შევსძლო, მაშ, სარდლობა,
როცა ასტყდეს ბრძოლის ალი?
ვისაც ჰხედავ აქ, სუყველა
არის ჩემგან გამოზრდილი,
ათასჯერ და ათასგვარად
ბრძოლის ველზე გამოცდილი.
რაც მე ვიცი რაზმთა წყობა
და სამხედრო წესი სრული,
მაგათაც აქვსთ ჩემგანავე
ახსნილი და განსწავლული.
ჩემზედ მეტიც შეუძლიათ,
უკეთ გაჰკვეთს მათი ხმალი,
და ჩემსავით სიბერითა
არ უმტყუნებსთ ომში თვალი.
ბევრია, რომ ჩემზე უფრო
დღეს შეშვენით მათ სარდლობა,
და რათ დახვდეს ღობე-ყორედ
იმათ ჩემი პირველობა?..
რომ ამხადო პირველობა,
მეფევ, შენ ეს არ შეგშვენის!
უმადურად ჩაითვლები...
გქონდეს რიდი ქვეყნის ენის!
და, რომ ჩემის წარსულითა
დღესაც კიდევ ვისარგებლო,
მოღალატე შევიქმნები...
მეძულება მე სამშობლო!..
აი, მეფევ, თუ რათ ვბედავ
თქვენს წინაშე დღეს ურჩობას,
და სულ სხვა გზით მიმავალი
გილოცავ თქვენ გამარჯობას!..
იოანეს მივაშურებ...
შევუდგები მეც მის კვალსა
და, თქვენისვე ნებადართვით,
სხვას გადავცემ ამ ჩემ ხმალსა!“
ესა სთქვა და მისი ხმალი
ორბელიძეს გაუშვირა
და ამგვარმა მისმა სიტყვამ
გულში ბევრი აატირა...