VI
ათონის მაღალ მთაზედა,
მთაწმინდად სახელდებულსა,
სადაც უდაბნოებსა
და ტაძრებს წმინდად გებულსა
რიცხვი არა აქვსთ, იქ ლავრა,
დაუდებელი ფასისა,
ყველაზე პირველი არის
დიდისა „ათანასისა“.
გინდ დარი იყოს საამო,
გინდა ავდარი საზარი,
სამოთხის სადგურს გვაგონებს
მაღლობზე მდგომი ტაძარი.
ხან, ღრუბლით შემობურვილი,
გარშემო ირტყამს ელვასა
და გადმოჰყურებს შორის ზღვის
ტალღების გროვა-ღელვასა;
ხან ისარივით სხივები
დილის მზეს ეტყორცებიან,
თითქოს იმ საღმრთო ნათელსა
ნათლითა ეხორცებიან.
ხან ღამით მთვარე გავსილი,
თითქოს მიმსვლელი იქ ბინად,
თავზედ ედგმება წმინდასა
წმინდა დიდებულ გვირგვინად.
და ვარსკვლავებიც იმავ დროს
დაჰფეთქენ, დასჭიკჭიკობენ
და ამ გალობით ძალთაძალს
აღმაღლებულად ამკობენ.
წინ უძევს ბაღი ხეხილის,
ხელოვნად შენაკაზმისა,
და იქვე წყარო ჩუხჩუხებს
წმინდისა აიაზმისა.
მთა მწვანე ზეთისხილისა
და ყვავილები ველისა,
საკურთხად აღმომფშვენელნი
ბუნებით საკმეველისა,
ჰაერსა შეაზავებენ
სამკურნალოდ და მარგადა
და სასულდგმულოდ ცხოველთა
მიანიჭებენ ხარკადა!..
მეუდაბნოედ მიდიან
საქრისტიანოს ყოველ მხრით
და იქ იჩენენ სავანეს
სასოებით და ცრემლის ღვრით.
წიაღგახსნილი უდაბნო
უჩენს, ვინც მივა, ბინასა
და მორწმუნეთა იზიდავს,
ვით ანდამატი რკინასა.
აქვე მოსულა ულუმბოთ
იოანეცა ქართველი
და მორჩილობის დროსავე
გასთქმია დიდი სახელი.
დღეს მოძღვარია ნეტარი
ბერისა მრავალასისა
და მეგობარი იმავ დროს
წინამძღვრის ათანასისა.
დიდი ხანია, სამშობლო
მან დაუტოვა ნებითა,
მაგრამ გული-კი ისევე
უღელავს ხოლმე ვნებითა,
როდესაც მოაგონდება
მისი სამშობლო მამული
და, გატაცებულს ოცნებით,
არევით უცემს მას გული!..
და მაშინ სცდილობს მიეცეს
მარტოობასა შორს სადმე,
ბუნების ჭვრეტით გაერთოს
და გულს მოჰფინოს სიამე.