prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

თორნიკე ერისთავი — კარი მესამე — თავი VI

აკაკი წერეთელი · პოეზია

VI

გათავდა ომი... კიდეც დაღამდა,

ბნელმა მოჰფინა ის არემარე;

შესწყდა კიჟინა და იმის ნაცვლად

კვნესა მოისმის აქა-იქ მწარე.

ზოგი წყალს ჰნატრობს სიკვდილის წინეთ,

ზოგი შველას და შემწეობასა,

ზოგი ბედს ჰყვედრის და ტანჯვით ამბობს,

რომ სიკვდილი სჯობს იმის ყოფასა. –

ისინი, ვინც რომ ერთ წუთის წინეთ

მხეცივით სისხლით ვერა სძღებოდნენ,

ახლა, იმ კვნესას რომ ყურს უგდებენ,

იმათი ცოდვით იდაგებოდენ.

უნდოდათ შველა, მაგრამ, სიბნელით

რომ ვერ ჰხედავენ აქ ვეღარაფერს,

ერთად არეულ-დარეულებში

ვეღარ არჩევენ მოყვარეს და მტერს!

ბრძანა თორნიკემ: - „გაურჩეველად,

ქართველი იყოს, გინდა სპარსელი,

გინდა ბერძენი, გინდა სომეხი,

სულ ერთიანად მოჰკიდეთ ხელი!

სიკვდილი ყველას ათანასწორებს:

თვისიანს, უცხოს, მტერს და მოყვარეს!..

ვეცადოთ ყველა და ნუ დავაკლებთ

დაჭრილებს მოვლას და მკვდრებს სამარეს.

ნურვინ გაჰბედავს, დატყვევებულებს

რომ მიაყენოს შეურაცხყოფა!

ვაჟკაცს რომ ბედი სხვას დაამონებს,

დასატანჯავად ისიც ეყოფა!“

ასე ისურვა და იმ სურვილზე

უარს იტყოდა მხედრობა განა?

მხოლოდ უცდიდნენ მთვარის ამოსვლას,

და, ჰა, მთვარემაც ამოატანა!

ამოჰყო თავი მაღალ მთის წვერით

და გადმოხედა ნაზად ბრძოლის ველს;

კაცის ქვეყნიურს ბნელსა საქმესა

მაღლით ციური აფენდა ნათელს.

გაანათა და გამოაჩინა

დასანახავი გულშესაზარი,

თითქოს უნდოდა ეჩვენებია

კაცისთვის ბოროტ-ნამოქმედარი.

სულ დაჭრილ-მკვდრებით მოფენილია

ხეობა, ღელე, ტყე და მინდორი

ვისიც სიცოცხლე დილას ჰყვაოდა,

ახლა შეიქნა ლეში და მძორი.

აგერ დაჭრილი!.. აგერ ძევს მკვდარი!..

გაკვეთილია საბრალო ორად!

აგერაც ერთგან ათასზე მეტი

ზე დაჰჩეხიან ერთმანეთს ხორად!..

ამ ერთ ადგილსა რას მიუზიდავს

ამდენი სული? რა ანდამატით?

მხოლოდ იმითი, რომ ორბელიძე

აქა ძევს მკვდარი, ცუდად... ღალატით.

მისი სიკვდილით ცეცხლმოდებული

მტერს ქართველები ეჯახებოდენ,

ბევრს მიიძღვანდენ საიქიოსკენ

და თვითონაცა ზე აკვდებოდნენ.

არვინ ელოდა აქ გადარჩენას:

ერთი ათს და ოცს უჩხუბებოდა

და თუ ჯოჯიკი არ მოსწრებოდათ,

მაინც ვერავინ გადარჩებოდა.

მაგრამ ჯოჯიკმა იმათი სისხლი

ამოიგო და ჯავრი იყარა

და დაამწარა სკლიაროსს ის, რაც

ერთხან ღალატით მან გაიხარა!

გადაჰკრა ლახტი აფრანიკს თავზედ,

დასცა სიმწარით გარეტებული,

შედგა ფეხებით, უგმირა შუბი

და სასიკვდილოდ გაუპო გული.

როგორც დაჭრილი ვეხფვი, ბაგრატიც

ისე მივარდა მას ბარდაველი,

მაგრამ ჯოჯიკმა მოასწრო თვალი

და წაუჭირა მას ყელში ხელი.

ამ დროს გულდაგულ წამოეპარა

მას უკანიდან ვიღაც სპარსელი,

მაგრამ ხელიდან გავარდა ხმალი

რომ დაინახა იქ გამრეკელი.

ამისმა მოსვლამ სრულად მიხადა

სკლიაროსის ჯარს ჯანი და ღონე,

რადგან თან მოჰყვა სამი ათასი

მას მეომარი სულ თავ-მომწონე.

მაშინ ჯოჯიკა და გამრეკელმა,

გასამაგრებლად მისცეს მხარი მხარს...

მაგრამ ამითი კი ორბელიძეს

ვეღარ უშველეს, მიტყუებით მკვდარს...

და, აჰა, ახლა, ამოდენ მკვდრებში

სულ ყველაზე ძირს ის გდია მკვდარი!

ზურგში ურჭვია მას მტრის მახვილი

და გულზე ადევს მისივე ფარი...

ცოტა შორს, განზე, შავი კლდის ძირში

უწვერულვაშო ეს ვინღა არი?

თავს დაჰხვიხვინებს, ტორს სცემს მერანი,

რომ გააღვიძოს მისი მხედარი...

მაგრამ ამ ნეტარ საუკუნო ძილს

აწ ვერ დაუფრთხობს ქვეყნად ვერღა რა!

დედის ცრემლების მან საპასუხოდ

აქ ბრძოლის ველზე სისხლი დაღვარა

და შეასრულა მით ღირსეულად

მამულიშვილის უკვდავი ვალი:

თავის სამშობლო ქვეყნის ხსოვნაში

სამარადისოდ დახუჭა თვალი...

ეგებ სხვა რამე გულდასაწვავი

სიკვდილის წინეთ აგონდებოდა

და სასიკვდილო შხამი გულის წყლულს

უფრო სახმილად ეკიდებოდა?

ვინ იცის, რა და რა საიდუმლო

მან საიქიოს თან წაიტანა?

შორს სადმე ქართლმა დედამ გამოსცნოს

ან გულის სატრფომ ეს გამოცანა...

აგერ ისრისგან მთლად დაცხრილული

გდია მოხუცი პირნათლად მკვდარი,

თითქოს სძინავსო და ეზმანება

მას შორეული ტკბილი სიზმარი...

აჰა, დაჭრილი მიფორთხებულა

ბევრის წვალებით დიდ ხისა ძირში,

სურს დაიყვიროს, მაგრამ საძრავი

ენა აღარ აქვს მომაკვდავს პირში.

აგერ სიდანღაც უცნაურის ხმით

გამოიძახის კვნესით დაჭრილი:

თავზე აწევან საბრალოს მკვდრები

და ემატება მითი ტკივილი.

ამდენ დაჭრილის კვნესით და ოხვრით

აღარსად არის აქ ყურთა სმენა:

სომხურ, ქართული, ბერძნულ, სპარსული

არეულია სხვადასხვა ენა.

გამწარებული გამოთქმის კილო

და დედა-აზრი ერთი აქვს ყველას;

სწყევლიან თავის ბედს და გაჩენას

და გასაჭირში ითხოვენ შველას;

მაგრამ ბევრს მათგანს ვეღარ უშველის

სიკვდილის მეტი ვეღარაფერი,

თუმც-კი მოყვრულად ეშველებიან

და აღარავის აღარ ჰყავს მტერი.

ასე გათავდა ეს დიდი ბრძოლა...

აჯანყებულთა ამოწყდა ჯარი,

მაგრამ მათ რიცხვში ხუთიათასი

გამოერია ქართველიც მკვდარი...

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — აკაკი წერეთელი.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.