IV
- მაღლით ბრძოლის ველს, როგორც ხელის გულს,
ისე დაჰყურებს მთავარსარდალი;
წაღმა, უკუღმა, მარჯვნივ და მარცხნივ,
ყოველი მხრისკენ სჭრის მისი თვალი.
მოწინავე ჯარს, ტურფად დარაზმულს,
ოთხიათასსა დაჰყურებს ჭაბუკს,
მხოლოდ იმ წამის მომლოდინესა,
როდესაც დაჰკვრენ ნაღარას და ბუკს.
ფარ-ხმალით ხელში, გახურვებულებს
ძლივს-ღა უჭერენ თავს ბედაურებს:
ჭიხვინ-ხვიხვინით, ტორების ცემით,
ძუა-ფაფარშლით აცქვეტენ ყურებს.
თითქოს იმათაც სული მიუდისთ,
რომ მიიტანონ თან იერიში,
და, როგორც იმათ მხედრების გულში,
ისე არც იმათ გულშია შიში.
თავში უდგია რაზმს ორბელიძე,
ჯერ ახალგაზრდა გმირი სარდალი,
და იმან იცის, თუ როდის ასტყდეს
ბრძოლისა ცეცხლი და ომის ალი.
შორს მათგან, მარჯვნივ, ქვეითი ჯარით
მოფენილია მთლად ტყე და ველი;
საფარში აჯენს შორ-შორ გაფანტვით,
მტრისა სამიზნოდ, მათ გამრეკელი.
და მარცხნივ, სადაც შფოთვით, ღრიალით
მიექანება ჰალის-მდინარე,
სავარსამიძის დამდგარა ჯარი,
ფარ-ხმალ, ჯაჭვ-ჯავშან, შუბ-მოელვარე.
ჯავშანიძე-კი მხოლოდღა ერთი
აღარსადა სჩანს, აქ არსად არი:
წინა ღამითვე მან საიდუმლოდ
აიღო ჩუმად მტრისა საფარი.
სკლიაროსიცა ამხედრებულა,
მტრის დასახვედრად ამხედრებს დიდ ჯარს,
ცხენს მიაჭენებს ხან აქ, თუ ხან იქ
და ჯარასავით დატრიალებს გარს.
მარჯვნივ აყენებს ბაგრატ თარონელს,
მარცხენა მხარეს მისვე ძმას გრიგოლს,
და არ ჰგონიათ, თუ შეჰხვდებიან
ისინი თავის თანასწორს და ტოლს.
და ორბელიძის საპირდაპიროდ
თვით აფრანიკე გამოსულია...
წვერ-ულვაშს იგლეჯს; მეტის სიფიცხით
ალმური ასდის... გულმოსულია:
„როგორ თუ ასე მცირე მხედრობით,
ასე თავხედად ჩემზე მოდისო?
სიკვდილისაგან ატროებული,
მძებნელი არის, სწორედ, ლოდისო!“
წინა ომებში გათამამებულს
მარჯვე ცხენოსან სპარსელების ჯარს
სიტყვით ამხნევებს მოქის თავადი
და თან უქადის მდიდრულ საჩუქარს.
იმათაც ნიშნად შეუპოვრობის
განთიადისა დაჰკრეს საჰარი,
მაგრამ ქართველთა მის საპასუხოდ
გადუშხუილეს მაღლით ისარი.
ის იყო მარჯვნით გამრეკელისგან
სამოციქულოდ გამონატყორცნი;
მას თანვე მოჰყვა სხვების ისრებიც,
გულის გამპობი და გასაოცი.
ააგეს ფარი, მომართეს მშვილდი,
პასუხს აძლევენ სომხებიც ისრით
და გაიმართა ძლიერი ბრძოლა
ყოველის კუთხით და ორივე მხრით.
უანგარიშო და უთვალავი
მოდის ისარი, ვით სეტყვა ცისა...
ჯერ სიჩუმეა... მხოლოდ ხანდახან
კვნესა მოისმის დაჭრილ კაცისა.
გახურდა ბრძოლა... გრძელდება ომი,
ხან აქ და ხან იქ სისხლი იღვრება...
აჰა, ამოდის მხიარულად მზეც!
მომაკვდავთ კვნესა არ ეყურება.
თითქოს ეს იყო დანიშნული დრო:
აქ ორბელიძემ იშიშვლა ხმალი,
ჯარს მიუბრუნდა და მხიარულად
მათ გადაავლო ნუგეშის თვალი.
მიუხვდნენ სარდალს გულისპასუხსა
მხედრები, სიტყვა აღარ აცალეს:
იშიშვლეს მათაც ბასრი მახვილი
და მზის სხივებზე ააპრიალეს.
დასძახეს ყველამ ერთხმად: „ჰკა მაგას!“
დეზი ჰკრეს ცხენებს და გააქანეს
პირდაპირ, ჯიქურ სპარსელებისკენ
და იერიში ზედ მიიტანეს.
მაგრად დაუხვდა მათ აფრანიკე,
ლომი, სასისხლოდ გააფთრებული,
და შეაგება ცხენოსანთ ჯარი,
ფარმომართებით მომზადებული.
დასცეს კიჟინა და გაიშალენ
სახელდახელოდ ტრიალ მინდორზე:
ზოგან იბრძვიან ერთად, ჯგუფ-ჯგუფად
და ზოგან ერთი მიდის მის სწორზე.
კიჟინა, კვნესა, წყევა, მუქარა
და ჩახაჩუხის ხმა გულსაზარი
არეულია და ფეხით გააქვთ
ცხენებს დაჭრილი და ცოცხალ-მკვდარი.
აგერ მხედარმა, შავით მოსილმა,
გამოახტუნა მერანი მინდვრად;
შეათამაშა ჰაერში ხმალი
და დაიძახა თან მედიდურად:
- „სად ხარ? გამოდი, ნუ იმალები,
თუ რომ გულს გერჩის, ორბელიძეო!
აფრანიკ მქვიან! შენისთანები,
იცოდე, ბევრი დავამიწეო!..
გამიგონია მეც შენი ქება,
განთქმული არის შენი ხმალიო,
მაგრამ აწ უნდა გასინჯო ჩემიც
სიკისკასე და მკლავის ძალიო!
ჩვენ ორში უნდა ერთი და ერთი
მოკვდეს, გათავდეს მითი ომიო!
ნუღარ გვიანობ! გელი, გამოდი,
თუ ამ პირობის შენც ხარ მდომიო!“
ხმალსისხლიანი, თავზე ჩაფხუტით
თეთს ცხენზედ იჯდა ერთი მხედარი,
რომელ გუნდშიაც შევარდებოდა,
მას თან მიჰქონდა მეხი და ზარი.
თვით ორბელიძე იყო ეს გმირი...
ახალ გუნდს მკაცრად რომ შეუძახა,
მაშინ მოესმა აფრანიკის ხმა
და სიხარულმა ააცახცახა:
მისი სურვილიც თურმე ის იყო,
რომ აფრანიკეს სადმე შეჰყროდა,
იმას ეძებდა და აქეთ-იქით
სხვადასხვა რაზმში მიჰქრი-მოჰქროდა.
თავი მოსწია გაქანებულ ცხენს,
ყალყზედ შემდგარი მოატრიალა,
ასკუპა, ჯიქურ გამოაქანა,
მივარდა, ბევრი აღარ აცალა
და უპასუხა: - „გმირს არ შეჰშვენის
დაჩემება და თავის ქებაო!
აჰა ბურთი და ჰა მოედანი,
მზათა ვარ, გახლდეს თქვენი ნებაო!“
მოღუნეს მშვილდი, მოსდვეს საცერე
და ერთმანეთსა სტყორცნეს ისარი,
მაგრამ ორივემ სწორის სიმარდით
მას მიაგებეს მათ-მათი ფარი,
და აიცილეს მითი ფინთიხი,
გულის გამპობი, ხორცის მომწყვლელი;
მერე გადიგდეს მშვილდები მხარზედ
და ხმლებს მოავლეს საომრად ხელი.
მათი ფარ-გება და კენწლაობა,
სიჩქარით ელვა, გასაკვრიველი,
მოჩხუბართ მხოლოდ ბრაზს უმატებდა
და ედებოდათ თანდათან ალი.
მოსწყინდათ ფარი და უკუაგდეს.
დაადგენ ორნივ მარტო შიშველ ხმალს;
თავი გადასდვეს მათ სასიკვდილოდ,
აღარ იზოგვენ ღონესა და ძალს.
მიაგდო ცხენი ჯერ ორბელიძემ,
ხმალი პირდაპირ შუბლში უსწორა,
მაგრამ დეზი ჰკრა მხედარმა შავ ცხენს,
განზე გაუხტა და აიშორა.
ხმალმა ჰაერში გაიშხუილა:
წახდა მოქნევა და მკლავის ძალა...
და ხელმეორედ ხმლის მომარჯვება
მოპირდაპირემ აღარ აცალა:
თვითონ მიაგდო ზედ აფრანიკმა
მისი მერანი, მკვირცხლი, ფეხმალი,
მაგრამ მოქნეულ ხმალს ორბელიძემ
ქვემოდან აჰკრა თავისი ხმალი
და მარილივით გადაუმტვრია.
შეკრთა აფრანიკ!.. დაეცა ზარი
და არ იცოდა, თუ რაღა ექნა:
იდგა უძრავად, ვით ცოცხალ-მკვდარი.
გმირთა წესია ლმობიერება:
წყრომა გულისა ქართველს დაუცხრა,
ხმალი ჩააგდო ისევ ქარქაშში,
ჩამოეცალა და ასე უთხრა:
- „ნუ გეშინიან! ხმლიანი უხმლოს
რომ შეგეჭიდო, არ მეკადრება,
მხოლოდ თანასწორ იარაღითა
შენი დაჩაგვრა მე მენატრება!
და, აბა, ეხლა ნუღა ვუდგებით
ჩვენ ერთმანეთსა ასე შორი-შორს!
აწ სასიკვდილოდ უნდა შევებათ,
ხელი მოვკიდოთ ორივემ ორ-ორს!“
მაგრამ აფრანიკ ყურს აღარ უგდებს,
მარდად, უეცრად ზურგი უჩვენა:
დეზი ჰკრა მერანს, მიატრიალა,
ერთი შეჰკივლა და გააჭენა.
რომ ნახა ჯარმა მათი სარდალი
გაქცეული და შეშინებული,
თვალი წაუხდა და ზაფრანაცემს
უნებლიეთად გაუტყდა გული;
შესწყვიტა ომი და გაექანა,
გონს ვერ მოსული, უცბად დამფრთხალი
იქითკენ, სითაც შავსა ბედაურს
მიაქანებდა მათი სარდალი,
„ჰკრა მაგას, აბა, არ გაუშვათო!“
შეჰკივლა გმირმა მაშინ ქართველებს,
დაიგრიალა ცხენოსანთ ჯარმა
და გამოუდგა სომეხ-სპარსელებს.
მირბის აფრანიკ თავისის ჯარით,
მირბის და უკან არ იხედება;
მას ორბელიძე მისდევს ჯარითვე,
მისდევს, თანდათან ცეცხლი ედება
დაუახლოვდა უკანა ჯარი,
უნდა დაეცეს თავზე, ვით ზვავი,
მაგრამ აქ წინამ გადაუხვია
და ხეობაში ამოჰყო თავი.
მდევრები მაინც არ ეშვებიან,
ქვესკნელშიაც კი ჩაჰყვებიან თან:
თან შეჰყვნენ ერთად იმ ხეობაში
და მიიმალენ... აღარსად სჩანან...
თურმე იქ ვერაგ სკლიაროს-სარდალს
სხვა ჯარი ჰყავდა ჩასაფრებული
და ქართველები შეტყუებული
დაემწყვდენ, დარჩენ გარშემოკრული.
რაღა გზა ჰქონდათ?.. დაიქვეითეს.
ამოეფარნენ თავ-თავის ცხენებს;
იბრძვიან, მაგრამ იციან, რომ მათ,
მტერი კაი დღეს არ გაუთენებს.