კარი პირველი — თავი III
III
ახოვანი, მშვენიერი, თეთრწვერა და თეთრთმიანი, წინ წამოდგა სასაუბროდ მოწიწებით, ტკბილი ხმით. მან თაყვანი სცა ჯერ მეფეს, მერე კრებულს ორივე მხრიდან. გულზე ჯვარედინად ხელებს იჭდობს, თავდახრილი, ცრემლების ღვრით. წვერ-ულვაშზე მარგალიტებივით ცრემლი ცრემლზე ეკიდება. მწარე ოხვრით ვერ იქარვებს, გულს რომ ცეცხლი ეკიდება. უკვირს, რომ ამ სამსჯავროში უმიზეზოდ მოხვდა. უკვირს, რომ მასზე გულს იყრიან ისინი, ვინც მას უყვარდა. გულნატკენად რომ უყურებს სხვებს, თვითონაც გული სწყდება, მაგრამ თავის პირადობა აღარ ახსოვს, ავიწყდება. და საერო ნება-სურვილს მორჩილებით აძლევს პასუხს. თანდათან მისი სიტყვა შეუპოვრად ქუხს და სჭექავს: „ვფიცავ იმ პირველ მიზეზს, ყოველი მიზეზის მიზეზს, ვიფიცავ საქართველოს და მერე, მეფევ, თქვენს მზეს, რომ მართალი ვარ იმაში, რაზედაც ბრალს მდებთ თქვენ! დაბლა ეს გული მიმოწმებს და მაღლა – ზეციური ღმერთი! მართალია, რომ დღეიდან ვტოვებ სამსახურს, თუმცა ჩემი ერთგული გული ძველებურადვე ხურს. თქვენ რომ გშორდებით, ამით ვკარგავ ხორციელ ნეტარებას. ვერ ხედავთ მოხუცის გულდაწყვეტილ მდუღარებას? მაგრამ მივყვები საქმეს, რომელიც ახლა უფრო დიდია. ის მაიძულებს გაბედულად დავარღვიო ჩვენი ჩვეულებრივი წესი. დრომ მოითხოვა ახლა ჩემგან სხვაგვარი სამსახური. და, რომ უარვყო, დავრჩები ძველზედაც უმადური. ეჰ, მეფევ! რატომ მადებდი ბრალს შენს ერთგულს, ფეხთა მტვერს, რომ სამსჯავროში მაგდებდი, როგორც ორგულს... ქვეყნის მტერს? იძულებით ვარ ახლა მთქმელი ყოველიფრის უნაკლულოდ, რაც გულმა გადამიწყვიტა მხოლოდ მე საიდუმლოდ! თქვენი ნებაა! მონა ვარ მე თქვენი სურვილის! სიტყვაა მხოლოდ წამალი გულისთქმის, დარდის!“ მოხუცმა ამ სიტყვების დროს ბევრი ცრემლი ღვარა და უნებურად დაიწყო თავისი თავგადასავალი:
IV