თავი VI
ფშაველებმა და ხევსურებმა საღმრთო რიტუალი შეასრულეს, დაკლეს ხარი და ცხვარი. ჩამოსხდნენ, ჯარი ბეღლის სალოცავს გარს შემოერტყა. ყველას თან ჰქონდა საგზალი, სწრაფად მომზადებული.
ადიდეს ლაშარის ჯვარი, რომელიც თამარ მეფის ნაჩუქარია; ადიდეს დიდი თამარი – ის ღმერთთან თანაზიარია – თავისი ოფლითა და შრომით მთელი ქვეყანა დაუფარავს.
მოიხსენიეს მხედრები, ვინც ბრძოლის ველზე მკვდარი დარჩა. მათთვის არსად არის სამარე და მიწა ზედ საფარად. ყორნებს რომ თვალები ამოუთხრიათ, სვავებს მხრები დაუფარავთ, მაგრამ მათი სახელი დროის მსვლელობას ვერ მოუპარავს!
ხევისბრობს ბერი ლუხუმი, ტკბილი ხმით მოუბარი. გმირების ქებითა და დიდებით გული ვერ მოუფხანია.