VI
საღმთო ქნეს ფშაველ-ხევსურთა,
დაკლეს ხარი და ცხვარია.
ჩამოსხდენ, ბეღელს საჯარეს
გარს შემოერტა ჯარია.
ყველას თან უდგა საგზაო,
საჩქაროდ ნადუღარია.
ადიდეს ლაშარის ჯვარი,
თამარის ნაჩუქარია;
ადიდეს დიდი თამარი, -
ის ღმერთთან წილნაყარია, -
თავის ოფლით და ამაგით
ხმელეთი დაუფარია.
მოიხსენიეს მხედარნი,
ვინც ველზე დარჩა მკვდარია.
არსადა მათთვის სამარე
და მიწა ზედ საფარია.
ყორნებს რო უთხრავ თვალები,
სვავთ მხრებით დაუფარია,
მაგრამ იმათი სახელი
დროთ-სვლას ვერ მოუპარია!
ხევისბრობს ბერი ლუხუმი,
ხმა-ტკბილად მოუბარია.
გმირთა ქებით და დიდებით
გული ვერ მოუფხანია.