VII
ყველა პურსა სჭამს, საუბრობს
ავსა თუ კარგსა მქუხარედ.
მარტო კვირია არა სჭამს,
სდგას ჯოხ-დაყრდნობით, მდუმარედ.
ჩასჩერებოდა მიწასა
ყელ-გადაგდებით, მჭმუნვარედ.
რას ფიქრობს ობოლ კვირია,
ამის გამგები ვინ არი?
არა მჟღავნდება გულიდამ
ფიქრები ამამდინარი.
- ობოლ კვირიავ, ძმობილო,
პურა შაჭამე ბატარა,
იქნებ შაგცივდა, ობოლო,
არაყათ შაჰსომ რად არა?
ჰა, ვაჟო, ცოტანი შასვენ,
აჰა, დაიჭი მათარა.
დღეს თუ რას შავსჭამთ, თორო ხვალ
ვისღა სცალიან საჭმელად,
ერთურთის საპატიჟოდა,
ტკბილის სიტყვების სათქმელად? -
ამას ეტყოდენ მხედარნი
კვირიას მუდარებითა.
ახლა კვირიამ მიუგო
ოხვრით და მწუხარებითა:
- არა, კვირია გენაცვლოსთ,
სასმელს არ დავეკარები.
საჭმელსა, თუკი მშიოდეს,
აროდის დავეზარები.
წეღანის ხალი შავსჭამე,
გუდაშიც მიძე მრავალი.
თუ ვის გინდარისთ, მიირთვით,
თუ ვის გაკლიათ საგძალი.
- იქნება ცუდ სიზმარ ჰნახე,
გულზე დაგაწვა ისაო?
შაჰკითხა ბერმა ლუხუმმა,
ვადა უტაცა ხმლისაო.
- რა ჰნახე, ჩემო კვირიავ,
აგრემც მიტირებ ბერასა,
გვითხარ და ნუ დაგვიმალავ,
ლუხუმი მოგხდის წერასა.
კვირია
რა გაიგება სიზმრისა, -
მე მაინც გეტყვით ვერასა.
ლუხუმი
თუ არ გვიამბობ, კვირიავ,
ჩამოგყრით დროშის ჭერასა,
სიზმრის დამალვა გირჩევნავ
ამდენის ხალხის წყენასა?!
სთქვი წუხანდელი სიზმარი,
მითამ-კი ჰხმარობ ენასა,
საპოხი უნდა, ობოლო,
მხედართა გულის კბენასა.
კვირია
გიამბობთ, თუ გიამებათ,
მე რაცა ვნახე, ეს არი:
დღე იყო მეტად მრისხანე,
ცა მოღრუბლვილი, მჭეხარი...
მივდივარ ტრიალს მინდორზე
თავ-მამწონარი მხედარი.
შავს ცხენზე ვიჯე, მიჰქროდა,
მეგონა, ვზივარ ქარზედა.
სამი დაენთო სანთელი
ჩემის ფრანგულის ტარზედა.
შუქი ციური ჯვარადა
გამომესახა ფარზედა.
მინდორი იყო ტრიალი,
არა რაი ჩნდა მაზედა,
ყოილი, ხშირი ყოილი
დაფენილიყო გზაზედა...
გავხედე, მინდვრად მოცურავს
შავი ვეშაპი ქშენითა,
ყოილთან მიწას მაჰლოკდა
ცეცხლის მსროლელის ენითა.
პირითაც ცეცხლი სდიოდა,
საზარელ იყო მეტადა.
მნახა, გულზვავად მომმართა,
ვუნდოდი დასაკვნეტადა.
პირი დააღო ვეება,
ჩასაყლაპავად მიტია,
მაგრამ ხმლითა ვეც, გავუპე
თავი როგორაც ფიტია.
მოკლულმა შემომანთხია
ბოროტი სისხლი პირზედა.
ცხენი წამექცა, თვითონაც
მიწას დავეცი ძირზედა.
გონი წამსვლიყო... გონთ მოვედ,
მეოცა სახილებელი:
ქვეშ მეგო თეთრი ლოგინი,
ტკბილადა საძინებელი,
გვერდს ეგდო ჩემივე ცხენი,
ცრემლითა სატირებელი;
თავს მედგა დიდი ჭანდარი,
სიცხეში საჩრდილებელი;
ზედ იჯდა ბერი ქედანი,
დამღუღუნებდა თავზედა.
მზეც ამობრწყინდა... მეჩვენა,
მნახა, გაბრუნდა წამზედა,
წითლად გაწირა ხოლოდა
ობოლი სხივი მთაზედა.
გაბრუნდა, თვალთ დამიბნელდა
და მიმეძინა მკლავზედა.
რა დაასრულა კვირიამ,
ჩაიკასკასა ტკბილადა.
ეწყინა ლუხუმს სიზმარი,
ცრემლები მოსდის წყვილადა:
- კეთილად ახდეს! - მაინც სთქვა
გულ-აყუჩებით რბილადა.