prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

ბახტრიონი — თავი XIV

ვაჟა-ფშაველა · პოეზია

XIV

ნაქერალაში დამდგარან

თუშები თექიანები,

გულ-შაუდრეკნი ომშია,

ლაშქრობას ბედიანები.

გარს სანგლად შემოუვლიათ

ხევები ბექიანები.

ელიან ფშაველ-ხევსურთა,

თვალი იმათკე სჭერიათ;

წინ მიეგებენ ლხენითა,

დროშები დაუჭერიათ.

ლუხუმმა ცხენი გაქუსლა,

წავიდა თამაშობითა;

შამაუძახა თუშებსა

შუბლ-შეკვრით, კამათობითა.

ლუხუმი

სადა გყავთ, თუშნო, ზეზვაი,

რად არ მაჩვენებთ თვალითა?

მე დ' იმან უნდა ვიომოთ,

ნაქებ რო არი მკლავითა. -

აღარა ხუმრობს ლუხუმი,

მკერდ-შეღობილი ფარითა. -

მე ჯერ თათრებთან რა მინდა,

მაგისი სისხლი მწყურია,

დუღს და გადმოდუღს გულიდამ

მაგის მტრობა და შურია.

შეჩერდა თუშის ლაშქარი,

გულზე წაესო მურია.

ფიქრობენ: რამ გააგიჟა,

ლეკიაა, თუ ურია?

შველის მაგივრად, თავხედსა

ჩვენივე სისხლი სწყურია!

ზეზვამ მყის იცნო ძმობილი,

ვეფხვი ხმალ-და-ხმალ წავიდა,

გაეკინკლავენ ერთმანეთს

ხმალ-შუბებით და ფარითა;

მემრე აკოცეს მხურვალედ,

ამბავსა ჰკითხვენ ძმურადა.

ერთმანეთისა სურვილი

ორსვე ჰქონიყო წყლულადა.

ლუხუმი

გენაცვლე, ძმაო ზეზვაო,

რო თვალით გნახე კიდევა.

მიყვარს, ძმობამა, ხმალ-და-ხმალ

შენი მტრისაკე მიწევა.

კაცო, შენც დაბერებულხარ,

გაგხშირებია ჭაღარი;

ცხენი სადა გყავ, მიტირე,

ი შენი ცხენი - საღარი?

ზეზვა

ლაშქრობამ ჩამამაბერა,

ძაღლ-უმადურად გდებამა,

სრულ ლაშქარსა ვარ, რაც კია,

ძუძუს მამსხლიტა დედამა.

ჯერ შენთან, ძმაო ლუხუმო,

რამდენჯერ ვიყავ ომშია?..

წელში ორჯელ თუ დაებმის

ჩემი საფერხე გომშია.

საღარი მაგათ მამიკლეს,

ვისაც დღეს უნდა უტიოთ,

მაგ ძაღთი ერთი ცოცხალიც

გარეთ არ გამოუტიოთ.

ლუხუმი

სრულ მაგონდება, ძმობამა,

საცა რა გადაგვხედია;

უნდა გადაგვხდეს კიდევაც...

ეს არის ჩვენი ბედია.

ზეზვა

მეც მაგონდება ბევრი რამ,

ერთი კი უფრო ცხადადა:

ერთხელის, საბუის ბოლოს,

ლეკებ რო ვაცხვეთ ქადადა.

თუ გახსონს, ერთს ლეკს ხმლითა ვეც,

ჭიმად მოვწყვიტე თავია!

ლუხუმი

შენის ფრანგულის ნაჭრევი

ისევ ისეთი მწვავია?

ზეზვა

თავი გაგორდა მიწაზე,

ტუჩებმ დაუწყო კაპუნი,

იტყოდი, სარეკელასა

წისქვილზე გააქვ რაკუნი.

შენ შაგებრალა ურჯულო,

მოგიწყლიანდა თვალები;

უთუოდ, საით ენახვე,

მოგაფურთხებდენ ქალები.

მე არ მებრალვის, ლუხუმო,

მოუნათლავი აროდის,

მაგათ სიწუნტის ნაღველი

ყელში დუღილით ამოდის.

ვისაც ჩვენ არ ვებრალებით,

ჩვენ შავიბრალოთ რისადა?

სიკვდილი თვითონ უფალსა

გაუჩენია მტრისადა!

ერთურთს სალამი მიართვეს,

ფიცით შაიკრა ჯარია.

მაღლიდამ მაკურთხებელი

თავზე დაადგათ ჯვარია.

შაიღებება სისხლითა

ქართველთა მთა და ბარია.

დილის მზის სხივით იპოხენ

ქედებს კახეთის მთანია.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — ვაჟა-ფშაველა.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.