IX
ღელეს ჩავიდა მწუხარე
ვარდი, ვარდის წყლით ნაბანი;
უძრავი ჰხურავ თავზედა
ყვავილიანი საბანი.
მოულოდნელი ხმა ესმის,
კაცის კივილი შორითა,
ჩამორბის, ჩამოუძრახნებს
კაცი ახადის გორითა:
- მოიცა, ქალო, და-ძმობას,
ცოტას იარე წყნარადა.
რა გაქვითინებს, ბეჩავო,
იყავი უწყინარადა!
ლელა ჩამოხდა ცხენიდამ,
ცხენი მიაბა ხეზედა,
ჩამოჯდა დაღონებული,
შუბი დაიდვა გვერდზედა.
აგერ გამოჩნდა ისიცა,
ვისიც ესმოდა ძახილი,
ქალთან პირდაპირ მივიდა,
ვით ამოწვდილი მახვილი.
კვირია
შენ და, და მე ძმა, ლელაო!
თუნდა მიმიღე მამადა.
ჩემს ესე დატევებასა
ნუ ჩამამართმევ ავადა.
მე კვირია ვარ, მიტირე,
თუშეთით მოსულ მზირია,
თუმცა-კი თქვენის წყლისა ვარ,
ფშაური მიდგა ძირია,
გოგოლაურთა დისწული,
მათურელ გივის შვილია...
შენი პასუხი მესმოდა,
იქვე ლაშქარში ვერიე,
უფროსთა საუბარშია
მე ვეღარ ჩამოვერიე.
თუმც-კი დამიჯდა ჭკვაშია
შენი გაყოლა თანაო...
აჩქარდენ, იუკადრისეს
დიაცის წამოყვანაო.
რო ხერხი ღონეს სჯობია,
ლაშქარი ჰფიქრობს განაო?
საცა ჰოს უნდა ამბობდენ,
იქ იძახიან: არაო!
როდი ჰფიქრობენ, - ბახტრიონს
ბევრი თათარი სტანაო;
ჯერ შასვლა არი საჭირო,
რო კაცმ იხმაროს დანაო.
საქმე ციხეა, უფრო-კი
მაგარი ციხის კარები,
რომ ლაშქარს ჰქონდეს მტრისაკე
გზა, ლაღად გასატარები.
მე და შენ, დაო, ესრე ვქნათ,
მეც თავს არ ვზოგავ, იცოდე:
ჩვენ ჯარზე უწინ წავიდეთ,
შენაც ჩემთანა ხვიდოდე.
ჩვენ ორნი წავალთ ერთადა, -
მივმართოთ თათრის ბინასა;
მივესალმები ყარაულს,
სხვებზე თავს მდგომს და წინასა.
თან ვეტყვი: ყეინს მოვართვი
ფეშქაშად ტურფა ქალიო;
გთხოვთ მანუგეშოთ მენაცა,
კაცი ვარ შესაწყალიო.
კარს გაგვიღებენ ციხისას,
მარჯვედ მოვხვდებით შიგითა.
შენ თუნდა ხელსაც ნუ გასძრავ,
ჩვენს ჯარს მე ვუშველ იქითა.
ჯარი ხვალემდე არ მოვა,
ჩვენ სრულ წინდაწინ ვიაროთ;
მზას ვიყვნეთ, ციხის კარითა
საქმე წაღმ დავატრიალოთ.
ცისკრის ხანს მოვა ლაშქარი,
ჩვენც იქ დავხვდებით მარჯვედა;
ვეცდები კარი გავუღო,
თუნდ დამკლან ციხის კარზედა.
შენ რაღას იტყვი ამაზე,
ვამბობ თუ არა ჭკვაზედა?
ლელა
მზადა ვარ, შენი ჭირიმე,
როგორც სჯობ, იცი უკედა;
მე-კი გონება არ მიჭრის,
გამხდარს დარდ-ბოღმის ბუდედა.
მტრის ჯავრი გულში მიდგია
შავს ალაზანის გუბედა.
ეგრ იყოს, როგორც შენ ამბობ,
უარს არ ვიტყვი მაგაზე,
ოღომც დააბას ჩვენმ ჯარმა
თათრები ვირის ბაგაზე.
იმოდენს როგორ არ შავძლებ,
რო დამკლან დედის კალთაზე...
ამ პირობაზე დამდგარნი,
ორნი გორი-გორ ჩადიან;
ოღომც ეშველოს ჩვენს ჯარსა, -
ორსვე სიკვდილი სწადიან.