XII
გადვიდენ ალაზნის თავსა,
მთების წვერები ჩნდებოდენ.
საცა გაჰხედავ, ყოველგან
გასაშტერონი დგებოდენ:
ზოგნი ცის გულ-მკერდს ჰკოცნიან,
ზოგნი უკანა რჩებოდენ;
იმათ ჩაუთქამ ქვეყანა,
ბუნების სისხლით ძღებოდენ.
ნამძინარევი დევები
ისევ ბურანში არიან,
ერთს ადგილს დგომით ტანჯულნი
შეჭირვებულან ძალიან.
მზე რომ მოვალის, მაშინის
შავს ნისლებს გადაიყრიან,
თუნდ მთლად ქვეყანა დაეცესთ,
აბჯართ არ ჩამაიყრიან.
გულ-მკერდს ერთმანეთს აბჯენენ,
წარბ-შეუხრელად მდგარნია,
წვანან ხმა-ამოუღებლად,
როგორც საფლავში მკვდარნია.
ნეტავ ბუნების ქმნილება
სხვა მათ რა შაედარება,
მალ-მალე შავი ჯანღები
თავზე რომ დაეფარება?
ნისლი ფიქრია მთებისა,
იმათ კაცობის გვირგვინი.
მიყვარს შეუდრეკს მათს მკერდზე
ხშირის ბალახის ბიბინი,
ტიალის ობლის ნიავის
გულის მგმირავი სისინი.
არწივნი დაფარფაშობენ,
უფსკრულს ავლებენ თვალებსა,
მაღლიდამ ჩამოჰხარიან
თავისგან დახრულს ძვალებსა;
ლაღი შვილები მთებისა
ერთმანეთს ეძრახებიან;
ამ დროს ომში მყოფს გმირებსა
ტიალნი ემსგავსებიან.
უყვარსთ, რო ჰხედვენ ერთურთსა,
იმიტომ ეხასებიან!
ლაშქრისა გულიც აივსო
სიამოვნებით სრულითა,
ყველა დაჰხედავს კახეთსა
ათრთოლებულის გულითა.