prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

ბახტრიონი — თავი XVIII

ვაჟა-ფშაველა · პოეზია

XVIII

სხლოვანს ატირდა ბებერი,

მოსთქვამს ზარს ზარიანადა:

“ნეტავი თავზე დამეცეს

მთა-ღელე ბარიანადა!

ნეტავ არც შვილი მყოლიყო,

არც გავჩენიყავ დედასა,

თუ ამას შავესწრებოდი,

ამდენ სირცხვილის კრეფასა!

შვილო, სირცხვილი მაჭმიე,

ძუძუ დასწყევლე დედისა!

თვითონ შენა ხარ მწამლავი

თავის უბედო ბედისა.

რად არ იქ მაჰკვდი, ბეჩავო,

რად ხარ ყელ-საბელიანი?!

რად არ მამიხვედ, წიწოლავ,

პირნათლი, სახელიანი?!

გასწირე თავის ხსენება,

საწყევარ-სარბევიანი!”

- მარტოდ რად სტირის დიაცი,

გვერდით არა ჰყავ სოფელი?

არ ისმის მოზარეთ ზარი,

გულს ლახვარ-დამასობელი?

- თასი დაღვარეს ხატშია:

ახლოს მიუდგეს არვინა,

წიწოლას დანაშაული

აწეულია ცამდინა,

დაამცრო ჩვენი სახელი,

მთელს ლაშქარს გული ატკინა.

არც ვინ სამარეს გაუთხრის,

არც ვინ შაუკრავს კუბოსა;

მარტომ იტიროს დედამა,

ცრემლი წინ დაიგუბოსა!

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — ვაჟა-ფშაველა.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.