prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

ბახტრიონი — თავი XIII

ვაჟა-ფშაველა · პოეზია

XIII

ლაშქარი შედგა ცოტა ხანს,

ხმა გამოისმა კითხვისა:

“კაცნო, კვირია რა გვექნა?”

ყველა ამასა სჩივისა.

ენთება ხოშარეული,

როგორაც ბურდო თივისა.

ხოშარეული

იფიქრეთ, ფშაველ-ხევსურნო,

ეგრე არ გარგებთ ტარება,

მზირმა მზირობა არ გვიყოს,

თავს არ მოგვხვიოს წვალება.

ვინ იცის, ნათრევ კაცია,

არ იყოს ღალატიანი,

დუშმანი არ გაგვიფრთხილოს,

საქმე ქნას ნახლართიანი.

ლაშქარი

რა გაიგება, იქნება

ბრიყვმა გაგვყიდოს ფულზედა,

ფიცი გატეხოს უსირცხვოდ,

ხელი აიღოს რჯულზედა,

ცოცხლად დაგვმარხოს, თვითონვე

მიწა გვაყაროს გულზედა.

ლუხუმი

კაცნო, რას ამბობთ ნეტარა?

რად ჰგრეხთ დიაცებრ ჭორებსა?

ფარ-ხმალით მოკაზმულები

აჰკიდებიხართ ჯორებსა!

რად არ გაჰხედნებთ, ბრიყვებო,

ჩვენის სამშობლოს გორებსა?

ვის გაუგონავ, სად თქმულა

ამბავი, ძველად თხრობილი,

მითხარით, ნუ დამიმალავთ,

ვინც-კი კაცი ხართ ცნობილი,

ეგრე მუხთალად ღალატი,

ეგრე უღმერთოდ ტყუება,

მტრისა სალხენად ძმებისა

შინაით გამოტყუება?!

სრულ სიცრუვეა, ნუ იტყვით,

თქვენ გენაცვლებათ ლუხუმი.

არ რადმე მეჭაშნიკება

სიტყვა კოჭლი და ლუგუმი.

კაცს მაგის მეტად ვერ იცნობთ,

მაგის მეტ არ გაქვთ შნოება?

თავის ფიქრიდგან შემკრთალთა

ეხლავ მოგკიდათ ცხროება.

ღალატს რა უნდა ჩვენშია,

როგორი გვადგა დროება?!

სუმელჯი

ფიქრმა თვითონ სთქვა, რაცა ვსთქვით,

ეს ნურვის გაუკვირდება;

ყველაც კი იტყვის ამასა,

ვინც საქმებს დაუკვირდება.

არც კაი ბოლო იმათ აქვ,

ვინც ერთურთს აუხირდება.

ლაშქარი (ერთხმად)

არა, ტყუილად ნუ ვიტყვით,

ცოდოს ნუ ვადებთ კისრადა,

მშვილდზე ნუ ვაგებთ კვირიას,

ნუ ვათამაშებთ ისრადა.

კვირიას ღალატ არ უნდა,

სხვა რამ ფიქრი აქვ წყეულსა,

თვალ-ცრემლიანსა, ობოლსა,

გულზე ეკლებით ხეულსა,

ეგრე ქურდულად გაპარულს,

ერთბაშად გადათხეულსა,

ვის ეწადება ღალატი

სწორჩიით გამორჩეულსა?!

ლუხუმი

ეგრე თქვით, მაგას მოგელით,

სიტყვას წყნარსა და რჩეულსა.

ლუხუმიც მალე შეატყობს

ცრუვს, ღალატობას ჩვეულსა...

თანდათან ცნობას მოვიდა

გული-გონება ლაშქრისა.

სპეროზიაის კლდიდამა

ცივი ნიავი მაჰქრისა.

მიდიან ფეხ-შეუშლელად,

კალთა ჩაკეცეს მთებისა,

რაკი დაუშლის მგზავრობას

მოსახვევები გზებისა.

გაღმა-გამოღმა მწყრომარე

ხვივილი მოდის წყლებისა

და ალაზანიც, ბარს დინჯი,

მთაში მეტადა სწყრებისა;

ძირს უთხრის სალსა კლდეებსა, -

თავზე ჩაჩქანი ჰხდებისა!..

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — ვაჟა-ფშაველა.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.