VIII
სიზმრის თქმით ყველა ჩაფიქრდა,
დაბლა ჩაჰკიდა თავია...
გამოერკვივნენ მალედვე,
გაჩნდა სხვა სანახავია:
ქვიშის ჩხრიალი მოისმა,
თან ფეხის ჩქამი ცხენისა...
ეს ვინ-ღა მოდის, ნეტარა,
ჩუმად, უძრავად ენისა?
დადუმდენ, ზოგნი წამოდგნენ,
იქით მიაპყრეს თვალია...
თამამად, ვაჟკაცურადა
თავს წამოადგათ ქალია.
ცხენს იჯდა მამაცურადა,
წელთ თუმც არ ერტყა ხმალია;
ხელთ ეპყრა შუბი წვერ ბასრი,
მამისთვის მონაპარია.
უცხო ქალი
ხელ მოგიმართოსთ, მხედარნო!
მადლი ხატ-ღმერთის თქვენზედა!
გწყალობდესთ ლაშარის ჯვარი
გასულებს ბრძოლის ველზედა! -
ღიმილითა სთქვა ლელამა,
შუქი გამოჰხდა პირისა. -
საამურია საცქერლად
ვარდზე ცვარები დილისა! -
ქალი ჰგავს სამოთხის ყვავილს,
ნარწყავსა უკვდავებითა;
ხორცშესხმულს სიყვარულსა ჰგავს,
აუწყველს უწყავებითა.
ლუხუმი (ლელას)
ვისი ხარ, შვილო, რას დახვალ?
მტრობა გგულავდეს იქნება?!
ლელა
სამოყვროდ მოველ, მამილამ,
თუკი უფალმაც ინება.
შანშეს ქალი ვარ ბაჩლითა,
მენაც თქვენს კვალზე დამდგარი;
ავად თუ კარგად, ღმერთმ იცის,
დედათ ჯარზეით ამდგარი.
ხოშარეული
ეს სწორედ მოჩვენებაა,
ეშმაკეული ხმა არი!..
ახლა რო ასდეგ, დიაცო,
ადგომის მიზეზ რა არი?
ლელა
სხვა არა მინდა, გენაცვლეთ,
თქვენს მტერს გულსა ჰხვდეს ლახვარი
და ჩაეყაროს უსურმაგს
ბოროტს თვალებში ნაცარი!
(ლაშქარში ჩოჩქოლი ისმის:
“ეს სადიური, რა არი?!”)
ვერ მიჰხვდით? პირდაპირ გეტყვით:
თათრებთან ომი მწადიან,
მინდა რო ჯავრი ვიყარო,
ბევრს სამ ავს საქმეს სჩადიან:
იკლებენ საქართველოსა,
მუმბარეზობით დადიან.
რად გიკვირსთ, ფშაველ-ხევსურნო,
იქნებ მიწუნებთ ქალობით?
ჩემთ ძმათ ცხონებამ, გარგებდით,
ჩვენთა სალოცავთ წყალობით!
ხმლის ქნევით ვერ გაგაკვირვებთ,
ფარ-შუბის დაგელებითა,
მაგრამ ჩემს საცდელს მაინცა
ვეცდები გამგელებითა.
ნუ გავიწყდებათ, ბახტრიონს
ციხე სამ უდგათ მაგარი,
შიგითაც მოწყობილი აქვთ
სანგალ-საყუჩებ-საფარი;
კარებსა, მაგრა დაკეტილს,
ათას მხრივ უდგა ჩაფარი.
ნეტავ იქ დედასთან მომკლა,
თათრებისაა საპყარი!
მაგ ძაღთ ძმათ სისხლიც მიმართებს,
უნდა ვიძიო იგია.
სისხლის აღება, ხო იცით,
მუდამ წესი და რიგია.
ან უნდა თათრის ხმლით მოვკვდე,
მე თავი გადამიდვია.
ლუხუმი (ლელას)
მამა სადა გყავ, სულ-კრული?
ქალს რადა გგზავნის ომშია?
რაკი არ გვიჭირს მხედარი
ამ სულის მხუთავს დროშია!
ხოშარეული (თავისთვინ)
დიაცს უყურეთ, სულელსა,
უნდა გაგვრეკოს ფონშია...
კაცჩი დედაკაცს რა უნდა?
რად არა ფიქრობს გონშია?
ლუხუმი (ლელას)
მაშ, არა თქვაა შანშემა,
ჩამეეშველოს ლაშქარსა?
მაშ, არ თუ ჰკმაზავს ლურჯასა,
ტანთ არ ისხამსა აბჯარსა?
ლელა
რაკი არ უნდა ბეჩავსა,
რაკი არ ერჯის გულია!
ლოგინშია წევს... საბრალოს
მრავალივა სჭირს წყლულია.
თქვენი პირის-ქნა გაიგო,
ცა გაუწითდა სნეულსა,
მაგრამ რას იზამს, რო სული
ვეღარ ერევა სხეულსა.
აბჯარნი მიმატანინა,
შამაკმაზვინა ცხენია;
ზედ შაჯდა, მაგრამ დასუსტდა,
დაბლავე გადმეერია.
თქვენს მტერს, რო იმის ყოფნაა,
მე ვშველ, გვერდს უქცევ ხელითა;
მკლავშიაც ხომ სჭირს ნაჭრევი,
ვეღარ მუშაობს წელითა.
რა ეს სთქვა, ლელას ცრემლები
წამოუვიდა ხშირადა:
“ვინ იცის, იქნებ მამიკვდეს,
გამიხდეს დასატირადა!”
სუმელჯი (ლელას)
შენ, ჩემო დაო, გირჩევნავ,
მამასვე ჰყვანდე გვერდითა:
ან წყალს მიაწვდი, ან წყლულებს
შაუხვევ ნაკუწებითა.
ჩვენაც ვეყოფით თათრებსა,
ჯავრს არ შეგაჭმევთ მტრისასა;
უერთოდ აღარ დავლახავთ
ბილიკებს ჩვენის მთისასა,
ჩვენ ვიძევთ სისხლსა, ნუ სწუხარ,
შენი დედის და ძმისასა.
ლაშქარი
სუმელჯიმ კარგი გირჩია,
წასვლა გირჩევნავ, ქალაო,
შენის ყოლით და არყოლით
არ გვიბედენებს ძალაო.
ჩვენაც ვგვიანობთ, გზა გველის,
ეს საუბარიც კმარაო,
ზოგი ხო დღეს ვიუბენით,
ზოგიც ვიუბნოთ ხვალაო.
ლუხუმი (ლელას)
ჩემს ძმას უთხროდი, შანშესა,
ყოჩაღად იყოს, ფხიანად,
ყველაად ვკმარვართ მტრისადა
სადავლოდა და ზიანად.
ლუხუმმა დამაბარაო,
კარგა უამბე, ჭკვიანად.
ლელა
როგორ წავიდე? ვერ წავალ,
სიზმრებსა ვსინჯავ ავებსა...
კაცი რამ მოდის კუპრივით,
დაათრევს კაცის თავებსა;
მოდის, წინ მიწყობს ღრეჭითა
ჩემთ ძმათ სისხლიანს მკლავებსა.
ის რო წავა და - სხვა მოვა
დიაცი მზისა ფერია;
მეტყვის: უთხარ რამ, ლელაო,
ეგ არის თქვენი მტერია!
ამ ტანჯვაში ვარ სულ მუდამ,
ძილი არაა ჩემთვინა... -
ესა სთქვა განაცრებულმა,
ცრემლებიც ჩამეედინა.
ცხენი მოღრიჯა, გასწია,
ქვითინი გაჰყვა კვალადა;
წავიდა გულ-ჩათუთქვილი,
მივალის ძალი-ძალადა.
ქალის ქვითინსა მდუღარეს
მთანი იწერენ მკერდზედა;
ცრემლით ატირდენ წყარონი,
ჩამომდინარნი გვერდზედა;
დაბერებულა პირიმზე,
კუზი ეტყობა წელზედა...
ოცნება ტანჯულის ქვეყნის
ქვითინებს მთისა წვერზედა.