IV
ცაზედ დამქრალან ვარსკვლავნი,
პირი ემურვის მთვარესა,
მთანი, თავ-ჩაჩქნიანები,
ფიქრს მისცემიან მწარესა.
ცა თვალს უცემდა სატრფოსა,
გრიალი მოდის შორითა;
მოდის ხმა ჟრიამულისა
მარჯვნივ და მარცხნივ გორითა,
თან გამოისმა ზარის ხმა
ლაშარის ჯვარის გორითა.
ცხრა-ათ კუთხიდამ მოდიან
ფშაველ-ხევსურნი რბოლითა...
თითქოს გასწყდენო, ფშაველთა
იტყოდენ აღარ ყოლითა!..
არა, ყოფილან კიდევა,
გადარჩომიან რბევასა,
თათრების უბრალებლობას,
იმათს ხმალ-ხანჯრის ქნევასა.
ფიქრობენ ხოშარელების
სისხლის თათრებზე ზღვევასა.
ივსება ლაშარის გორი
ქორ-შავარდნების ფარითა;
დროშები გზას უკურთხებენ
ჟღერით, აწვდილის ტარითა:
როშკით მოიდენ ხევსურნი,
სუმელჯაურნი ცხრანია,
ამღითა - ბათაკის ძენი,
ჭინჭარაულნი ძმანია;
გუდანელთ ჩამასძღოლია
ხოშარეული ხარია;
ხევსურთ, რო ზვავმა მთისამა,
წინ მაიმძღვარეს ქარია;
ჭორმეშელთ, ჭიელთ ბიჭებსა
ღულელებიცა სტანია.
ხახმატელთ ცხენთა ფეხის ხმამ
შააზრიალა მთანია;
მგლური დააწყვეს ნაბიჯი,
მოკლედ გადმოვლეს გზანია.
თითოს ხევს არაგვისასა
თან მოსდევს ლაშქრის ღვარია.
ფშავლის შვილებიც მოიდენ,
სულთქმა თან მოჰყვა ჩქარია.
რა საამური დრო არის,
რა საამური წამია!
მოიდენ აფხუშელები,
მცოდნენი თათრის ზნისაო;
წინადაც უცდავ თათრები,
როს დრო ყოფილა ცდისაო.
ბერი მაუძღვა ლუხუმი,
ლურჯამ მაიღო თქერანი,
პატრონის გულის მცოდნეა
თვალმოელვარე ჯერანი.
წითელს ფარს აჯიელავებს
მახინცაური ვერანი.
ძმობამ, რო კარგი ჰყოლია,
არც იმას ჰმტყუვნობს მერანი!..
კლდეთაც კი ესმით, სალს კლდეთა,
მათურელთ გულის ძგერანი...
ცაბაურ-გაბიდოურთა
ცხენთაც მაიღეს ტყერანი.
მოგროვდენ ყოველის მხრიდამ
ვაჟები ლომის ფერანი.
დიაცთ-ღა დაჰრჩათ მარტოთა
მატყლის სართავად კერანი.