X
ცამ გადიბანა პირიდამ
მური, ნაცხები ღრუბლისა,
გადაეფინა სამყაროს
ლოცვა-კურთხევა უფლისა.
შუქი დაეცა ლაშქარსა
მთების ბრწყინვალის შუბლისა.
ლაშარის გორზე წავიდა
ლაშქარი დროშის ჟღერითა.
“შადეგით”, ჰყვირის ლუხუმი,
სამკლავიანის ხელითა:
“ვერა ჰნახეთა, ბატონი
წინ მიგვიძღვება ცხენითა!?”
პირველი მხედარი
ვნახე, ცის ტატნად დავატყვე,
მთა გადალახა სწრაფადა;
გარს ევლო შუქი ბრწყინვალე,
ციდამ მოსული ძაფადა.
მეორე მხედარი
ლურჯს ცხენზე იჯდა, ლამაზი
სხივი თავს ედგა ღვთიური;
რო ვნახე, გულში ჩამიდგა
სიამოვნება ციური.
მესამე მხედარი
მე ტრედის-ფერად მეჩვენა,
სხივი მისდევდა მზიური;
შორს გაანათა ელვასებრ
ასი ბარული დღიური.
მეოთხე მხედარი
ჯერაცა ვხედავ, მივალის
ტურფა, სიტურფით ქსოილი;
ისრ ჰშვენის ცხენზე, ვით ველზე
გაზაფხულისა ყოილი.
ლაშქარი (ერთხმად)
იდიდოს შენი სახელი,
ჩვენო ბატონო, ძლიერო!
ჩაგვიძვეღ, მოგდევთ ჩვენაცა,
საყმოს საშველად მშიერო!
ადიდე ლაშარის ჯვარი,
ცისა და ქვეყნის იერო!
ნეტავ, რა მტერი იქნება,
ეხლა გაგვიძლოს, ბიჭებო,
ჩვენი კვალი ხარ დღეს შენა,
ლურჯაის დანაბიჯებო!
ლაშარის ჯვარის ცხენისა
ნატერფალია ელვარე;
აღტაცებულსა ლაშქარსა
გული გაჰხდია მღელვარე.