XVI
- საით მოსდიხართ, ფშავლებო,
ცხენ-ხეთქით, რიალითაო?
ღრეობით, მხიარულადა,
ჩაჩქნების კრიალითაო?
ლაშარის ჯვარის დროშისა
საამო წკრიალითაო?!
- საით და კახეთს ვიყვენით,
ბახტრიონს ჩავიყარენით;
ჩვენა, თუშნი და ხევსურნი,
პანკისში შავიყარენით.
ვაცადეთ ჩვენი საცდელი,
ეხლა კი გავიყარენით.
- რა გქონდათ, კაცნო, საცდელი,
რა გქონდათ საომარია?
- არ თუ გაგიგავ, კახეთი
თათრების ნაოხარია?
თათრები ვხოცეთ, მოგვიდის
ცხენები ნაოფლარია;
გავწირეთ გულსისხლიანი
ყეინი ნათოფარია;
სალაშარიჯვროდ მოგვაქვის
ზინათი ნაშოვარია
და გადმოვლახეთ საფშაოდ
ტბათანა ნათოვარია;
სავსეა თათრების ძვლითა
ფშავლების ნაომარია.
მეფემ გვიბოძა საჩუქრად
სახნავი დ' საძოვარია.
სახელს უმატეთ სახელი -
ძვირფასი საპოვარია.
- საკაცით ვინღა მოგაქვისთ,
ნაბდებში შახვეულები?
- კვირიაი და ლელაი,
ჩვენთვის სისხლ-დანთხეულები.
ღმერთმა აცხონოს ესენი!
ამათ გაგვიღეს კარები!
რო შავიჭრენით შიგითა,
ჩვენ წინ ეყარნენ მკვდარები.
მოგვაქვს, დავმარხოთ იქავე,
სად მამა-პაპა ჰმარხია,
სადაც აბარავ მიწასა
იმათ გული და სახია.
მძიმეა თავის ქვეყანა,
თავის წყალ-ჭალა ძლიერა!
მიწაც ტკბილია მშობლური,
გულს რომ ეყრება ფხვიერა.
- ვის მოგილოცოთ სახელი,
ვინა ხართ სახელიანი?
- პირველ - ობოლი კვირია,
სახე აქვ ნათელიანი;
მეორე - ლელა ბაჩლელი,
ქალი ხელ-ფარტენიანი;
მესამე - ბერი ლუხუმი,
კურთხეულ გამდელიანი;
მეოთხე - ხოშარეული,
არწივი მხარ-კვერიანი;
მეხუთე - გივი სუმელჯი,
მოგვყავის ნაჭრევიანი.
- თუშჩი ვინ ვარგდა, მითხარით,
კაცად ვინ უფრო არია?
- ზეზვაი, ძმაო, ზეზვაი,
მთელის თუშების დარია:
არა ყოფილა გაზდილი,
მომცრო სდგომიყო ტანია.
ისა ყოფილა ვაჟკაცი,
ღირსი წელთ ერტყას ხმალია.
ლომია, უფალსა ვფიცავთ,
სწრაფი, ვით ელვა-ქარია,
ჰშვენოდა, ძმობამ, ვაჟკაცსა
დაზარნიშული ფარია.
მაგრამ დაგვიჭრეს რჯულ-ძაღთა,
გაწირეს ცოცხალ-მკვდარია.
თუ გაჰზდის, - ფურმა გაზარდოს
აი მისთანა ხარია!
ვერ ვნახეთ, რო დაეკვნესოს,
ან შეცვლილიყოს სახითა.
თუშთ შაიჭირვეს ძალიან,
ცრემლით ატირდენ ცხარითა.
თავით დაურჭვეს დროშაი
მისივე შუბის ტარითა.
- ახლა ისა სთქვით, მოყმენო,
ვინ დარჩა სირცხვილიანი?
- წიწოლამ ლაფით გაგვთხიფა,
გაგვექცა სირბილიანი!
ნეტარ სად დაიმალება
სიცოცხლით სიკვდილიანი?
ფშავში როგორღა მოალის
დიაცი ჩიქილიანი?
არ ვარგა მაგათი გვარი,
უჯიშო, სიცილიანი!
ხალხში როგორღა გამოვა?
ხატში როგორღა მოდგება?
უკლოს, უკეთურს, ბეჩავსა
სად დაეკარგა გონება?!
რად არ ირჩივა სიკვდილი
და თათრებისა მონება?
ვინღა გაივლევს ახლოსა,
ჩააქვავებენ დედანი.
მიწამ შაჭამოს ცოცხალი
ე მაგისთანა მხედარი!
ომშიით გამოქცეულსა
მეხი დაეცეს მედგარი!
არ ვარგა, იმიტომ თქმულა,
კაცი ქალებში მკვეხარი.
- ბერი სადღაა ლუხუმი,
დამრიგებელი ფშავისა?
- ეხლა გაგიტყდეთ ჩვენაცა,
აუგი გითხრათ თავისა:
იმისა ვერა გავიგეთ,
გულში ესა გვაქვს ჯავრადა.
მტერი რო მთა-ტყეს მოეცა,
ჩვენ თან მივსდევდით ჯარადა.
მისი ვეღარა გავიგეთ,
იქნებ თუშთ გაჰყვა წვეულად;
ზეზვაის დაჭრა ეწყინა,
ძმობილს თან ჰყავდეს ძმეულად.
ვერა ვიცით რა, ესა გვწყინს,
გვრცხვენიან, ჭირად გვქცევია;
დაკარგვა ჩვენის პატრონის
საგონად გარდაგვქცევია.