prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

ბახტრიონი — თავი V

ვაჟა-ფშაველა · პოეზია

V

მთაზე დაენთო ცეცხლები,

როგორც ვარსკვლავნი ცაზედა;

თავმოხდით სდგანან მხედარნი

თავის ბატონის კარზედა.

ბრჭყვინავენ ალმასივითა

დროშები ცეცხლის ალზედა.

ცივი უბერავს ნიავი,

ლაშქარს ნამს აყრის თავზედა.

მდუმარედ სდგანან, პირქუშად,

სულთქმაც-კი გაიგონება,

მხედართა გულის პასუხი

ერთს ფიქრად შაიკონება:

ხატი რას ურჩევს ლაშქარსა,

რა გამოუათ ბრძანება?

ქადაგი ხატს ეკითხება,

ჩურჩული მოდის საჯარეს.

მხედართ, საუბრის გამგონეთ,

მუზარადები დახარეს.

მუხლმოდრეკილნი ჩამოსხდენ,

პირს ჯვარი დაისახიან,

ციურის კრძალვა-შიშითა

პირები შაიჩმახიან.

აგერ ქადაგიც გამოჩნდა

განაცრებულის სახითა;

შემკრთალი იყო ისიცა

ხატის პირისპირ ნახვითა.

შემოუძახა ლაშქარსა

ხმით მედიდურით, მკვახითა:

“უამს ჩვენს ლაშარის ჯვარსა,

მის კარს რო შავიყარენით,

ქვეყნის წამწყმედთან საომრად

მალევ რო ავიყარენით.

წინ მომეგება სიცილით,

ბეღლის კარს მოდგა მზებურა,

ტანთ ეცვა ლურჯი ბექთარი,

თავზე ჩაჩქანი ეხურა.

დიდია ჩვენი ბატონი,

მადლით ცას სწვდება მთებურა;

თან გვატანს თავის ლოცვასა,

ფრანგული ამეეწურა.

გვიქადის გამარჯვებასა,

წინ წაგვიძღვება თავადა.

ჰნახავთ, - ნუ გაგიკვირდებათ,

სიტყვას ნუ ჰკადრებთ ავადა.

გაიგებთ იმის წაძღოლას,

მიჰხვდებით კილა-კავადა.

რო ჰნახოთ, ქება უთხროდით,

სალმით იყვნოდეთ, საღადა.

ლურჯს ცხენზე მჯდომი იქნება,

წინ მოარული ლაღადა”.

- ვენაცვლეთ მაგის დავლათსა!

ღირსნიც არა ვართ ნახვისა!

რად კადრობს ადგილით დაძვრას,

საყმო რად ვყევართ თავისა? -

ამოსთქვა სულთქმით ლაშქარმა,

ცეცხლ-დანთებულმა პირზედა.

- უყვარან ფშაველ-ხევსურნი,

დამდგარნი ერთსა პირზედა, -

უთხრა პასუხად ქადაგმა,

მდგომმა საჯარის თხრილზედა.

ლომი საომრად მზადდება,

კბილს ააჩქამებს კბილზედა!

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — ვაჟა-ფშაველა.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.