prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

ბახტრიონი — თავი XV

ვაჟა-ფშაველა · პოეზია

XV

ხუთშაბათ დილა გათენდა,

სისხლისა ნიავ-ღვარია,

ბახტრიონს თათრის შვილებსა

დღე გაუთენდათ მწარია.

გადმოდგა ბორბალაზედა

თავისუფლების მთვარეა.

ალაზნისაკე წავიდა

ურჯულოს სისხლის ღვარია.

ნალესის ფრანგულებისა

ცასა სწვდებოდა ალია.

სრულ სისხლით დანაბეჭდია

მეომართ დანაკვალია.

კარავ-საჩეხი მტრებისა

მინგრეულ-დანაგალია.

გასწყვიტა ჩვენმა ლაშქარმა

მტერი, უღმერთოდ დალია.

მიჰკივის თათრებს ზეზვაი,

შეუპოვარი, მალია;

გულ-რკინას ხოშარეულსა

შუა გადუტყდა ხმალია!

ცრემლი ერევა თვალებზე,

სწუხს ამისაგან მწყრალია.

ლუხუმმა თოფი გამაჰკრა,

არ აუფეთქდა ფალია;

დროშას მიუძღვის ლომივით,

ამაიწვადა ხმალია.

შამაუძახა ლაშქარსა

გულდინჯმა, ომში ცხარია:

“მამყევით, ვისც ქუდი გხურავთ,

ვინაც არა ხართ ქალია!”

აივსო თათრის ძვლებითა

იმ ბახტრიონის არეა.

ციხე-გალავნად ეგება,

ისე გამრავლდა მკვდარია.

ეს ის დრო იყო, როდესაც

მთასა ჰლოცავდა ბარია,

როს სალოცავად მიაჩნდათ

მთიელის ხალხის გვარია...

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — ვაჟა-ფშაველა.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.