XVII
ღამესა სძინავს მთა-ბარზე,
ბუნება დასვენებულა,
მანათობელი ქვეყნისა
მთვარეც ხომ ჩასვენებულა.
მოისმის ივრის ჩხრიალი,
სიზმარს უამბობს ჭალასა,
ერთად ჰკეცს საუბარშია
ცისა და ქვეყნის ძალასა.
ცა თავისათვის მყუდროდ სდგას,
მკერდ-სუფთა, ვარსკვლავიანი.
მუხაზე ჩამოკიდული
კაცი სჩანს სამკლავიანი.
თავი დაურჩვავ მხედარსა,
თუ იყო გულჯავრიანი?
იორი ყურსაც არ უგდებს,
ნელად აქანებს ტალღებსა,
არ ედარდება, დაობლდენ,
მამა აღარ ჰყავ ბალღებსა.
თემისგან უარყოფილსა
გადაუგდებენ ძაღლებსა.