თავი XII
XII
გადავიდნენ ალაზნის სათავეზე, მთების წვერები ჩანდა. სადაც გაიხედავ, ყველგან გასაშტერებელი (შესანიშნავი) მთები იდგა: ზოგნი ცის გულ-მკერდს კოცნიან, ზოგნი უკან რჩებოდნენ; იმათ ჩაუთქვამს ქვეყანა, ბუნების სისხლით ძღებოდნენ. ნამძინარევი დევები ისევ ბურანში (ნისლში) არიან, ერთ ადგილას დგომით ტანჯულნი ძალიან შეჭირვებულან. მზე რომ მოდის, მაშინ შავ ნისლებს გადაიყრიან, თუნდაც მთელი ქვეყანა დაეცესთ, აბჯარს არ ჩამოიყრიან. გულ-მკერდს ერთმანეთს აბჯენენ, წარბშეუხრელად მდგარნი, წვანან ხმაამოუღებლად, როგორც საფლავში მკვდრები. ნეტავ ბუნების ქმნილება სხვა მათ რა შეედარება, მალ-მალე შავი ჯანღები (ნისლები) თავზე რომ დაეფარება? ნისლი ფიქრია მთებისა, იმათ კაცობის გვირგვინი. მიყვარს შეუდრეკელ მათ მკერდზე ხშირი ბალახის ბიბინი, უკაცრიელი ობოლი ნიავის გულის მგმირავი სისინი. არწივები დაფარფაშობენ, უფსკრულს ავლებენ თვალებს, მაღლიდან ჩამოჰყრიან თავისგან დახრულ (მოპოვებულ) ძვლებს; მთების ლაღი შვილები ერთმანეთს ეძახიან; ამ დროს ომში მყოფ გმირებს უკაცრიელნი (მთები) ემსგავსებიან. უყვართ, რომ ხედავენ ერთმანეთს, იმიტომ ეხასებიან (ერთმანეთს ეფერებიან)! ლაშქრის გულიც აივსო სრული სიამოვნებით, ყველა დაჰყურებს კახეთს ათრთოლებული გულით.