VIII. და ვითარცა ჴორციელად შეიმატებოდა, ეგრჱთვე სულიერად შეეძინებოდა რიცხუსა მას წმიდათა კაცთასა, რამეთუ მას ჟამსა მოვიდეს მამაჲ ეპიფანე და მღდელი მატოი ქართლით, და დიდი ზენონ სამცხით, რამეთუ ეპიფანე და მატოი პირველვე მეგობარ იყვნეს ამის წმიდისა და სახელსა მისსა მოვიდეს ხანძთად.
ხოლო ზენონ შვილი იყო საჩინოჲსა ვისიმე კაცისაჲ სამცხეს და ღმრთის-მსახურებით აღზრდილ იყო და სიწმიდით იქცეოდა, რამეთუ საღმრთოჲ შიში მკჳდრ იყო მის შორის, და სწადოდა მონაზონებაჲ აღთქუმისაებრ აღთქუმისა მმარხველთაჲსა. და ვითარცა აღესრულნეს მშობელნი მისნი, მონაგები მათი დაუტევეს ზენონს და დასა მისსა, რომელიცა იყო სახლსა შინა მის თანა. და ზენონ გულს ეტყოდა: „რაჲთამცა მამული და დედული მონაგები დასა თჳსსა დაუტევა ნებისაებრ მისისა და თჳთმცა იქმნა მონაზონ უცხოებასა შინა“. და ვითარ ამას განიზრახვიდა ზენონ, დაჲ იგი მისი ეშმაკისა განმარჯუებითა შეაცთუნა ვინმე უკეთურმან კაცმან და ღამე ყოველ წარვიდის შავშეთს. ხოლო ზენონ, ვითარცა ცნა, შეიჭურა საჭურველითა მარტოდ და ამჴედრდა ცხენსა და დევნა უყო. და ვითარ დიდი ქუეყანაჲ ვლო, თქუა გულსა თჳსსა, ვითარმედ: „ვარ მე ჭაბუკ სახელოვან და რომელსა ვსდევ, ფრიად შეურაცხ არს, დაღაცათუ ვეწიო და მოვკლა, საბრჴე არს სულისა ჩემისაჲ. და უკუეთუ ცუდად უკუნ ვიქცე სახედ ჩემდა, სირცხჳლ არს ჩემდა, არამედ აღთქუმაჲ მონაზონებისაჲ აწ აღუსრულო უფალსა“. და ახოვან იქმნა ნეტარი ესე, რამეთუ მონაგებთა დატევებაჲ, სისხლთა დათხევასა ემსგავსების, და დაიწერა ჯუარი ჴორცთა თჳსთა და წარემართა საღმრთოსა მას გზასა და მიიწია წინაშე დედისა ფებრონიაჲსა მერეს, რამეთუ იყო იგი სახლისა მისისაჲ. და ნებითა ღმრთისაჲთა მუნ იყო მამაჲ გრიგოლ, და დედამან ფებრონია შეაწყნარა წმიდასა მას უმანკოჲ იგი კრავი მწყემსსა მას კეთილსა, რომელმანცა მოიყვანა ხანძთად, ადგილსა მას მწუანვილსა ღმრთისა მადლისასა დაამკჳდრა და წყალთა ზედა განსასუენებელთა სულისა წმიდისათა გამოზარდა იგი.
ესე ნეტარი ზენონ მიიწია მოხუცებულებასა და ვიდრე აღსასრულამდე არა განეშორა ხანძთასა ჭეშმარიტად სულიერი შვილი, მსგავსი მამისაჲ, კეთილი მოწაფჱ, ნაცვალი მოძღურისაჲ, ნეტარი, სათნოებათა საუნჯჱ, მონაზონებისა წესი წმიდაჲ, კლარჯეთისა უდაბნოთა ზღუდჱ, სულთა უკეთურთა მაოტებელი, რამეთუ ცხორებასა მისსა და ცხორებასა მოძღურის მისისასა ვერ იკადრებდა ეშმაკი დაცემად კაცთა წმიდათა ამათ შინა ადგილთა.
ესე ახოვანი შემდგომად მიცვალებისა მეოხი არს ჩუენი საუკუნოდ უფლისა მიმართ მოყუასთა მისთა თანა, რომელნი იყვნეს მსგავსნი მისნი, მოწაფენი მამისა გრიგოლისნი, ღირსნი და სასწაულთამოქმედნი, მოთმინებისა სუეტნი შეურყეველნი, ვითარცა განმტკიცებულნი დაუცემელად სუეტნი ცათანი.
რამეთუ ვიდრე მოსლვადმდე გრიგოლ მწყემსისა მის კეთილისა მჴეცთაგან უხილავთა ლტოლვილნი მცირედნი იგი ცხოვარნი ქრისტჱსნი განბნეულ იყვნეს თითოჲ ანუ თუ ორ-ორი სივრცესა მას უდაბნოთასა, ხოლო მოსლვასა წმიდისა გრიგოლისსა ცხოვარნი იგი განმჴნდეს და მჴეცნი იგი ეშმაკნი განიოტნეს და ყოველი წესი საღმრთოჲ განემართა.